ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი AD Black Sea 2018 დასრულდა. ბოლო, მესამე დღეც, ტრადიციულად, სამინარებით დაიწყო.
პირველი საკითხი ექსპერიმენტულ მარკეტინგს ეხებოდა. ლუკას გრეგორასის (Co-founder and Creative Managing Director, Partners Y&R, Cyprus) თქმით, სოციალურმა მედიამ ციფრული რევოლუცია მოახდინა და ამიტომ, ექსპერიმენტული მარკეტინგი, ტრენდი კი არა, დღეს, უკვე აუცილებელი მიმართულებაა. მისივე აზრით, კამპანიის და შესაბამისად, ბრენდის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია „სთორი თელინგი“, ძალების სწორად განაწილება, სოც. მედიის გამართული მუშაობა, CSR და ფილანტროპია, ახალი შესაძლებლობების ძიება და მათი გამოყენება, გავლენების ზრდა და ა.შ.
დღის მეორე სპიკერი დავით ხოსროშვილი (WiFisher-ის აღმასრულებელი დირექტორი) იყო, რომელმაც სააგენტოებისთვის ანალიტიკის როლზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მისი აზრით, მთავარია, მონაცემთა ანალიზი იყოს ზუსტი, რადგან, სწორედ ეს განსაზღვრავს კამპანიის ბრენდის ეფექტურობას.
სემინარზე ივეტა დელიკატნაიამ (Ecom agency and NGO Change Communications-ის პარტნიორი) ისაუბრა, საიდან და როგორ ჩნდება იდეები. მისი თქმით, კრეატიული ხალხი თავს უყრის სხვადასხვა აზრს, აერთიანებს და სრულიად ახალ იდეებს ქმნის.
Moniker-ის კრეატიულმა დირექტორმა ლუნა მაურერმა კომპანიაში თამაშის წესებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებ თუ წააგებ, მთავარია, არ შეჩერდე და საქმის კეთება გააგრძელო: „პირადად მე, ყოველთვის ვაერთიანებ საინტერესო ფაქტებსა და მეთოდებს და ისე ვგეგმავ პროექტს“.
სემინარების გარდა გაიმართა პანელ დისკუსიაც. სპიკერებმა ისაუბრეს, თუ როგორი უნდა იყოს კრეატივი და რა არის საჭირო, იმისთვის, რომ შემოქმედებით პროცესი ეფექტური გახდეს. ასევე განიხილეს, რამდენად მნიშვნელოვანია, კამპანიის დაგეგმვისას, სწორი „ბრიფის“ მიღება და მისი შესრულება. მათი თქმით, დამკვეთი უნდა ეცადოს, ზუსტად განსაზღვროს დავალება, სააგენტოებმა კი გაუზიარონ საკუთარი იდეები და დაითანხმონ კლიენტი მის განხორციელებაზე. მათი აზრით, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა უნდა მოახერხონ თავიანთი ხედვის ჩამოყალიბება. დამკვეთი ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის მათთან, თუ ენდობა. ანუ, საბოლოოდ, ამ საქმეში, მათი თქმით, მთავარი ნდობაა.
მეორე პანელ დისკურია პროექტ ARCHIVE-ის პრეზენტაციით გაიხსნა. შემდეგ სცენა AD Black Sea 2018-ის დირექტორმა ვატო ქავთარაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა დაიკავეს. ისაუბრეს განათლების მომავალსა და მასში კრეატივის ფუქნციაზე. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, უახლოეს წლებში, წამყვანი როლი ხელოვნურ ინტელექტს დაეკისრება. მისი თქმით, სასწავლო პროცესში მთავარი ადგილი კრეატივმა უნდა დაიკავოს, ნებისმიერი საგანი თუ თემა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს შემოქმედებითი მიდგომით მიაწოდონ.
პანელ დისკუსია ფესტივალის ჟიურის წევრებმა დახურეს. ისაუბრეს, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კრეატიული სააგენტოს ნამუშევარი, რომ მსგავს ფესტივალებში მიიღოს მონაწილეობა და სხვადასხვა კატეგორიაში გაიმარჯვოს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ვორქოშოპიც, სადაც მონაწილეებს, სხვადასხვა კომპანიებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
დღის ბოლოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ჟიურიმ, 10 სხვადასხვა კატეგორიაში, რომელიც კიდევ ქვეკატეგორიებად იყო დაყოფილი, სულ 122 პრიზი გასცა. ადგილობრივმა და უცხოურმა სააგენტოებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები, ასევე, პრიზები „საუკეთესო ნამუშევარისთვის“ მიიღეს. ქართულმა კომპანიებმა 29 ჯილდო დაიმსახურეს. საღამოზე, ასევე, დაასახელეს „2018 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდია“, „2018 წლის საუკეთესო კრეატიული სააგენტო“ და „ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო“.
AD Black Sea 2018 Iveria Beach-ზე, Hawaiian Night-ით დაიხურა. საღამო კოტე ჯაფარიძემ (Digital Groove Affair) და სოლო გაგუამ (ABK-ს ციფრული მედია სტრატეგი) მუსიკალურად დამუხტეს.
შეგახსენებთ, წელს, Ad Black Sea 20-22 სექტემბერს, ბათუმში, უკვე მეოთხედ ჩატარდა. პროექტის მიზანია ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა. ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა, მთავარი პარტნიორი თიბისი ბანკი იყო. ღონისძიებას ასევე მხარს უჭერდნენ კომპანიები: „ნატახტარი“, „ბორჯომი“, „საქართველოს რკინიგზა“, „სარაჯიშვილი“, „ევექსი“, „თიბისი დაზღვევა“, „ალტერსოქსი“, „გრანტსი“, „ვაკის სოსისები“ და სხვა. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ სარეკლამო სააგენტოები: „ვინდფორსი“, „მეტრო ფროდაქშენი“, „სტუდია More“, „ლივინგსტონი“,„ ედვერტვაიზი“, და „რედბერი“. ფესტივალის მთავარი მედიაპარტნიორი – „მარკეტერი“.