20
Sep
2019

რელსებიდან ზღვამდე! – Ad Black Sea-ზე რაც გვინდოდა, ის ვქენით

20 Sep 2019

როგორც იქნა, ჩემი დროც მოვიდა და ბათუმში, შავი ზღვის სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე მატარებლით ამოვყვინთე. დღიურები უნდა წეროო, ასე მითხრეს და როგორც ვიცი, ჩემი პირველი შთაბეჭდილებების გაზიარების უფლებაც მაქვს.

„ყურადღება, შემდეგი გაჩერება ურეკი“, – გაისმა ქალბატონის ხმა და ფესტივალის წინა დღით, თბილისიდან ოზურგეთის საზღვაო კურორტამდე, შეუსვენებლად (არა, გატყუებთ, ერთი-ორჯერ გავჩერდით), შემდეგ კი, ბათუმამდე, ქართული კრეატიული ინდუსტრიის ამოსულ თუ უკვე ამომავალ ვარსკვლავებთან ერთად, მთელი 5 საათი ისე ვიმგზავრე, რომ ბავშვობაში, დედა რომ მეუბნებოდა, ვაგონების რიტმს აჰყევი და აბა, რამე მუსიკა მოიფიქრეო, მასე გასართობად ვერც კი მოვიცალე.

ტრადიციულად, ახალ ადგილ-სამყოფელთან შესაჩვევად, პირველი ღამის თეთრად გათენება მომიწია, მაგრამ ბათუმი რისი ბათუმია, მის სიქათქათესა და თვალწარმტაცობას ძილის ციკლის მცირედი დარღვევის სიცარიელე რომ არ შეევსო.

ისე გამოვიდა, რომ რეგისტრაცია დილიდანვე, უმტკივნეულოდ გავიარე და „შერატონში“ მისულმა, 360 გრადუსიანი რხევა დავიწყე. შემოქმედებითი სფეროს ხალხი ისეთია, მათგან როდის რას უნდა ელოდო, არ იცი. ან საინტერესო ფრაზას გაისვრიან, ან კადრი იქნება ისეთი, რომ არ უნდა გაუშვა და მოკლედ, სულ მზად უნდა იყო.თუმცა, ფესტივალის პრეზიდენტმა, ვატო ქავთარაძემ, ერთადერთი და განუმეორებელი მაიკლ კონრადი რომ გამოაცხადა, მაინც ვერ მოვასწარი, ვიდეოზე კარგად აღმებეჭდა, უსაყვარლესი ბაბუა, ჩემს ასაკზე თითქმის 1.5-ჯერ დიდი დრო რომ აქვს შემოქმედებით სფეროში გატარებული, როგორ ასრულებდა რეი ჩარლზის Georgia on my mind-ს.

ქართველებსაც მეტი რა გვინდოდა, ვახ, როგორ მოგვესალმა, თან ზუსტი სმენაც ჰქონიაო და მისი საპრეზენტაციო თემა, „მიზნის ფორმულირების (დაკარგული) ხელოვნება“ სულ კლასიკური სოულივით მოვასალბუნეთ ჩვენს სმენის ორგანოებს.

კონრადმა მიზნის დასახვის გრძელვადიან მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაგვახსენა ბრენდები, მათი სლოგანები გამოგვაცნობინა, მათს დიდებულ მიზნებზე გვამსჯელა, რამდენიმე ძველი რეკლამაც გვაჩვენა და შეაჯამა, რომ ჩვენი მიზნების სწორი ფორმულირება უნდა შევძლოთ. მაგალითად, საიდან მოდის „ნაიკის“ სახელი? – ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთს ხომ არ უკავშირდება? და მისი სლოგანი, just do it, შემთხვევით, მოძრაობისკენ, გამარჯვებისთვის სწრაფვისკენ ხომ არ მოგვიწოდებს?

ბერლინის ლიდერობის სკოლის დამფუძნებელი თურქმა კარპატ პოლატმა, სააგენტო K A R P A T-ის კრეატიულმა თავმჯდომარემ შეცვალა თემით, „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“ კი არადა, „ჩემი კრეატიული მოგზაურობა“.ზოგადად, მგონია, რომ 34 წლის რომ ხარ,  შემოქმედებით სფეროში 1998 წლიდან რომ საქმიანობ, საერთაშორისო გამოცდილების მქონეს, არაერთ პრესტიჟულ სააგენტოსთან გიმუშავია და უამრავი ჯილდოს მფლობელი ხარ, უფრო მეტიც, კანის კრეატიული ფესტივალის მიერ, 2010 წელს დასახელებული, გლობალურად, მე-5 ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი კრეატიული დირექტორი ხარ და თანაც, გუგლში შენ შესახებ ინფორმაციის მოძიებაც თავისუფლადაა შესაძლებელი, გამოსვლის ნახევარი ამაზე მოყოლაში არ უნდა გალიო, თუმცა რას ვერჩი. ჩემთვის უკეთესი. ინტერნეტში თვალის ერთი გადავლება აღმოჩნდა საკმარისი მისი მონაყოლის გადასამოწმებლად.

პოლატმა არაერთი ნამუშევარი გვაჩვენა, ყველაზე მეტად კი, ეს პოსტერები მომეწონა:

წინა დღით, ჭაჭით ნასიამოვნები მარკუს მაცა, Plan.Net Group-ის კრეატიული ოფიცერი გერმანიაში, „რა იქნება თუს“ მნიშვნელობაზე გვესაუბრა და ისიც გაგვიზიარა, რომ თუ გვინდა, რაღაც ნამდვილად შევცვალოთ, უნდა შევწყვიტოთ „კი, მაგრამის“ თქმა, რადგან  დასაწყისშივე, მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ნეგატიურად განვიხილავთ და გარდა ამისა, ამით სხვებსაც ვუცრუებთ იმედებს. მაცა თანამედროვე ტრენდებსაც შეეხო და გვითხრა, რომ მარკეტინგში ინოვაციური ტექნოლოგიები მხოლოდ ინსტრუმენტებია, რომელსაც შემოქმედებითობისთვის ან გამოვიყენებთ, ან ვერ. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ფრიად სენსიტიურ თემასაც შეეხო და დაგვამშვიდა, რომ ჩემი აზრით, მანქანებს არ შეუძლიათ, კრეატიულები იყვნენო.

იმის გამო, რომ დიზელის 1997 წლის რეკლამის ამ სტატიაში მოხვედრა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, აქვე იმ ინფორმაციასაც გაგიზიარებთ, რომ მარკუს მაცამ სწორედ ამ ნამუშევრის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა შემოქმედებით სფეროში თავის შეყოფა.

რჩევას ახლავე გავითვალისწინებ და „რა იქნება, თუ“ ერთი-ორ სიტყვას ალუა იმანგაზიევაზეც ვიტყვი… ინიციატივაზე „workfromgeorgia“ რომ ისაუბრა და ისიც გვითხრა, ქართველები ამბობენ, „სტუმარი ღვთის საჩუქარია“ და ეს ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს, იცნობდნენო.

www.workfromgeorgia.com ვირტუალური, საერთო სამუშაო სივრცის განხორციელებული იდეაა – უფასო პლატფორმა, სადაც საქართველოს ნებისმიერ კომპანიასა თუ სტარტაპს შეუძლია მასპინძლად დარეგისტრირება, რის შემდეგაც, ე.წ. „ციფრული მომთაბარეები“, ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ოფისში, ადგილს დაჯავშნიან.

ხოდა, ალუამ, ამ კუთხით, არამხოლოდ სტატისტიკურად მიმზიდველი ამბავიც გაგვიზიარა. მოკლედ, მისი თქმით, ამ ინიციატივის შემდეგ, თბილისმა მომთაბარე ქალაქების სიაში 72-ედან, მე-11 ადგილზე გადმოინაცვლა. თუმცა, გადამოწმება ამ შემთხვევაშიც არ დამეზარა და nomadlist.com-ს თუ დავეყრდნობით, თბილისი 21-ე ადგილზეა.

მე მგონია, რომ შედეგი მაინც ძალიან კარგია. და გუშინ, ამ მაჩვენებლის არსებობის მიუხედავადაც, ალუა Ad Blak Sea-ს დელეგატ ქართული სააგენტოების წარმომადგენლებს, დარბაზში ფეხზე მაინც ააყენებდა და საჯარო მადლობას გადაუხდიდა ამ ამბისთვის გაღებული წვლილისთვის.

პრეზენტაციის შემდეგ, ალუამ პანელის მოდერატორის როლი მოირგო და თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორ ნინჩო ეგაძესა და ჩვენთვის უკვე ნაცნობ კარპატ პოლატთან სააგენტოსა და კლიენტს შორის ურთიერთობებზე დასვა კითხვები. როგორც ნინჩომ აღნიშნა, გამოსავალი შემდეგშია: ორივე მხარე ვნებას, ქიმიას, საერთო მიზანს უნდა გრძნობდეს, რომელსაც ერთად უნდა მიაღწიონ.

მიუხედავად იმისა, რომ „შერატონში“ დარბაზი ისე იყო მოწყობილი, როგორც სარეკლამო ფესტივალს ეკადრება და ფოიეც ისე გააფორმეს, რომ ბავშვობის აკრძალული სურვილები წაახალისეს და კედლები გაგვაფერადებინეს, ჩანახატების გაკეთებისა თუ უბრალოდ, მიჯღაპვნის უფლება მოგვცეს, ასე:

ჩემი საყვარელი ადგილი, სუბიექტური ვიქნები და „ივერია ბიჩზე“, მაინც მარკეტერის კუთხე გამოდგა. მარკეტერისვე დამფუძნებელმა, აკო ახალაიამ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მარკუს მაცას, ლივინგსტონის კრეატიულ ოფიცერ ბექა ადამაშვილს, JWT Metro-ს კრეატიულ დირექტორ ეკა ყიფიანს, ბულგარეთის Saatchi & Saatchi-ს კრეატიულ დირექტორ პეტარ კეზერჯიევსა და BBDO უკრაინის რეგიონულ აღმასრულებელ კრეატიულ დირექტორ ანზე ჯერებთან ერთად უმასპინძლა აუდიტორიას.

საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიაზე დაკვირვების შედეგებზე, საზოგადოების დიდ ნაწილთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე, აქაც, დამკვეთისა და სააგენტოს ურთიერთობაზე, ფესტივალების როლზე კრეატიული სფეროს წარმომადგენლების განვითარებისთვის, კამპანიის ჯილდოებსა თუ ეფექტურ შედეგებზე ორიენტირებაზე მსჯელობის შემდეგ, ანზე ჯერების სიტყვებზე შევჩერდებით: „თანამშრომლობა ყველას საუკეთესოსთან უნდა. და ვინ არის საუკეთესო? – ვინც ჯილდოს იგებს. ჯილდოები კარგი ისნტრუმენტია როგორც პერსონალური, ისე სააგენტოს რეპუტაციისთვის. მაგრამ ჯილდო მიზანი არ უნდა იყოს. იმიტომ, რომ თუ მოიგე, შემდეგ რაღა უნდა იყოს?“

შემდეგ იყვნენ Post Red-ის დამფუძნებელი, ბესო კაჭარავა, ასევე, Post Red-ის თანადამფუძნებელი და ხმის დიზაინერი, ზვიად მღებრი და GMI Rights Management-ის დამფუძნებელი ზურაბ ბეჟაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს, რა არის მუსიკის მენეჯმენტი და ჩვენ რას ვეძახით მას? რატომ სთავაზობენ კომპანიებს ამ სერვისს? რატომ ღირს ძვირი? სად და როგორ უნდა გამოვიყენოთ მუსიკა და რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები დღეს, საქართველოში აწყდებიან?ამ ადამიანებმა დიალოგისთვის გამოიხმეს სააგენტოს წარმომადგენლები. როგორც ამბობენ, რეალურად, გახმოვანებაზე, ნამუშევრის მუსიკალურ მხარეზე ფიქრი იმაზე ბევრად უფრო ადრე უნდა დავიწყოთ, ვიდრე ეს სააგენტოში დღეს გააზრებული აქვთ. მაგალითად, ლიცენზირება ძალიან დიდ დროსთან, მოთმინებასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. სულ ახალი მუსიკის შექნა კი, რა თქმა უნდა, ასევე, დიდ დროს, ინტელექტუალურ რესურსს, თავდადებას მოითხოვს.

ხმის დიზაინის ხსენებაზე ისიც გამახსენდა, რომ მთელი დღის განმავლობაში, ზღვისთვის წესიერად თვალი არ გამისწორებია და უკვე იმ დროს, ძლივს რომ ვარჩევდი, ჩემ წინ მართლა ზღვა იყო, თუ ნიჟარიდან მესმოდა მისი ხმა, უფრო ახლოს მისვლა გადავწყვიტე… და ესაა 5 წლის შავი ზღვის ფესტივალის პირველი ღამის ზღვის ხმა.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა