in ,

Ad Black Sea 2022 დასრულდა! როგორ ჩაიარა ფესტივალმა

შთაბეჭდილებებით, სიახლეებითა და საინტერესო პრეზენტაციებით დატვირთული ორი დღე დასრულდა! Ad Black Sea 2022 მომავალ შეხვედრამდე დაგვემშვიდობა და საჩუქრად, მოგონებებს შერეული ახალი გამოცდილება დაგვიტოვა. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მე, თითოეული ადამიანი, ვინც ეს ორი დღე ფესტივალზე გაატარა, სხვა თვალით შეხედავს თავის საქმიანობას, უფრო მეტად დაიჯერებს საკუთარი შესაძლებლობების ძალას და წარმატებული ისტორიებით შთაგონებული, თვითონაც ეცდება უფრო და უფრო საინტერესო ისტორიის დაწერას საკუთარ „წიგნში”. 

17 სექტემბერი წინა დღესავით დატვირთული იყო მრავალფეროვანი თემებით, თავისი საქმის პროფესიონალი სპიკერებით, ემოციებითა და მუხტით.

მეორე დღე ჯონ პალანტმა გახსნა, რომელიც კრეატიული ბიზნესის კულტურასა და განსხვავებულ იდეებს შორის კავშირზე გვესაუბრა. მას მარკეტინგის უკრაინელი ექსპერტი ანდრი ფედეროვი მოჰყვა, რომელიც ერთი მხრივ მის ქვეყანაში მიმდინარე ომს შეეხო, მეორე მხრივ კი თავისი გამოცდილება გაგვიზიარა სხვადასხვა პროექტზე მუშაობის მიმართულებით 90-იანი წლებიდან დღემდე. „დაუწესეთ გამოწვევა საკუთარ თავს, დაუწესეთ გამოწვევა კლიენტს”, – აღნიშნა ანდრიმ.

რა თქმა უნდა, Ad Black Sea-ს წლევანდელი ყველაზე ცხელი თემის, მეტავერსის გარეშე არ ჩაუვლია. ადამ ნოვაკოვსკი, რომელიც Meta-ს კრეატიული სააგენტოს პარტნიორად გვევლინება, მეტავერსის, როგორც დიდებული მომავლის შესახებ გვესაუბრა. მან გაიხსენა ინტერნეტის ევოლუცია, თამაშების ინდუსტრია და ის, თუ როგორ მიგვაჩვია თამაშმა ვირტუალურად რაღაცების ყიდვასა და გაყიდვას. ასევე ისაუბრა ბლოკჩეინზე, AR და VR ტექნოლოგიაზე და იმაზე, თუ რა არის და რა გეგმები აქვს მეტავერსის, როგორ შეიძლება ბრენდებმა ის გამოიყენონ პოზიციონირებისთვის. 

შემდეგმა პრეზენტატორებმა ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს აუდიტორიაზე. ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ გიულ შენერი, ლიზა ლაბრაჩიო და იან პოლ იუველი. გიულ შენერი სარეკლამო ინდუსტრიაში გენდერულ თანასწორობაზე გვესაუბრა და წარმოგვიდგინა თურქული ვიდეო კამპანიები, ამ თემისადმი მიძღვნილი. ლიზა ლაბრაჩიომ თავისი გამორჩეული პროექტები გაგვიზიარა და ცოტა შიდა კულისებიდან მოგვიყვა თითოეული მათგანის შექმნის პროცესზე, ხოლო იან პოლ იუველი რეკლამისა და კინოს კრეატიულობაზე, მათ განსხვავებსა და თავის გამოცდილებაზე გვესაუბრა.

სესიების შემდეგ პანელური დისკუსიების სივრცეში, Bahn-ში გადავინაცვლეთ, სადაც Marketer-ის პანელიც გაიმართა. სპიკერებს შორის იყვნენ: ბეკი ფანცხავა, თათო ხოსროშვილი, ანი გვათუა და მარი სუხიშვილი. მთავარი თემა იყო Lovemark is…სადაც სპიკერები მოდერატორ აკო ახალაიასთან ერთად განიხილავდნენ ბრენდს, როგორც Lovemark-ს, როგორ ხდება ესა თუ ის ბრენდი საზოგადოების რჩეული და რატომ გვიყვარს ის ბრენდები, რომლებიც გვიყვარს…

მცირე შესვენების შემდეგ ღონისძიების მთავარი ნაწილი, დაჯილდოების ცერემონიალი დაიწყო. როგორც მსგავსი ტიპის ფესტივალს შეეფერება, იყო ბევრი ოვაცია, აპლოდისმენტი, ბევრი მადლობა და ოდნავი სევდა იმის გამო, რომ მთელი ეს ამბავი ერთი წლით უნდა დაგვემშვიდობოს. სხვადასხვა კატეგორიაში რამდენიმე ქვეყნიდან მოწვეულმა ჟიურის წევრმა თავისი რჩეულები გამოავლინა და ქართულმა სააგენტოებმა ჯამში 21 ჯილდო მოაგროვეს, რაც, დაგვეთანხმებით, რომ მშვენიერი შედეგია. გამარჯვებულების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ ჩვენივე სტატიას გაეცნოთ.

აქვე გეტყვით, რომ თავისი რჩეულები გამოავლინა ქართული საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-მაც. წლის დიზაინ სტუდია გახდა Windfor’s, ხოლო წლის კრეატიული სააგენტო JWT METRO. 

დაჯილდოების ბოლოს ისევ Bahn-მა გვიმასპინძლა, სადაც ყველამ ერთად აღვნიშნეთ არაჩვეულებრივი ფესტივალის დასრულება. Ad Black Sea არ არის უბრალოდ სარეკლამო ფესტივალი, ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავსა და საქმეს სხვა თვალითაც შეხედო, აიღო ინსპირაცია, მიიღო სწორი რჩევები და, რაც მთავარია, არასდროს, არასდროს დანებდე, როცა რაღაცის კეთება გსურს. ჯობს დაუშვა შეცდომა, დაეცე და წამოდგე, არ იცოდე და ისწავლო, მაგრამ გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოვა.

„თეგეტა ჰოლდინგი“ დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა

Namor – „მარველის“ კომიქსების პირველი სუპერგმირი