in

Ad Black Sea-ს სარეკლამო ფესტივალს ანიმაციების ცნობილი რეჟისორი, ლიზა ლაბრაჩიო ეწვევა

როგორც იცით, ბათუმი დიდი და მონატრებული სარეკლამო ფესტივალის, Ad Black Sea-სთვის ემზადება. მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი სპიკერები იღებენ, რომლებსაც ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება აქვთ და რომელთაც, როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე „სიტყვა ეთქმით ამ სფეროში”. 

ერთ-ერთი ასეთი კრეატორია ლიზა ლაბრაჩიო, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი ანიმაციური რეჟისორი გახლავთ. იგი ადამიანური ისტორიების გადმოცემის ნამდვილი სპეციალისტია და ხელნაკეთი ანიმაციის მაგიით, საგანმანათლებლო გამოცდილების ამაღლებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. როგორც TED-Ed-ის დამფუძნებელი გუნდის წევრი, ლიზა მართავდა ათობით საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟს სხვადასხვა სტილში და, როგორც მასწავლებელმა 100-ზე მეტი ანიმაციური სემინარი ჩაატარა მთელ მსოფლიოში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები და დაკვეთილი პროექტები ნაჩვენები და დაჯილდოვებულია ფესტივალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის: Animafest Zagreb, Anima Mundi, Raindance და ნიუ-იორკის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი. 

Marketer წარმოგიდგენთ მცირე ინტერვიუს, სადაც ლიზა თავის აზრებს გვიზიარებს მოახლოებულ Ad Black Sea-სთან დაკავშირებით და არა მარტო…

M: თქვენს შემოქმედებას მჭიდრო კავშირი აქვს პოეზიასთან. თქვენი წარმოსახვით, საქართველო რომ იყოს ლექსი, რა იქნებოდა ის და როგორ წარმოგიდგენიათ მისი ვიზუალიზაცია?

ოჰ, ლექსი! მე მჯერა, რომ მთხრობელებს აქვთ უზარმაზარი ძალა და, შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობა, სათანადოდ გამოიკვლიონ, შეარჩიონ თავიანთი სიტყვები და ვიზუალი, სანამ მათ მსოფლიოს გაუზიარებენ.

ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოუთმენლად ველი ჩემს პირველ ვიზიტს საქართველოში. ვიცი, რომ საქართველოს ისტორიების თხრობის მრავალწლიანი ისტორია აქვს და სიამოვნებით გამოვიკვლევ მას. გავეცნობი თანამედროვე იდეებსა და პერსპექტივებს Ad Black Sea ფესტივალზე და სახლში დავბრუნდები. ეს ყველაფერი ახალი შთაგონება იქნება ჩემთვის, რომელიც ვნახოთ, სადამდე მიმიყვანს!

M: Ad Black Sea-ზე თქვენი გამოსვლა ისევ და ისევ თხრობას, სთორითელინგს ეხება. გაქვთ თუ არა რაიმე რჩევა, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ აუდიტორია სიუჟეტში? რას ვისწავლით თქვენგან, როგორც საოცარი შემოქმედისგან?

ჩემი მედიუმი არის ანიმაცია, ამიტომ გამუდმებით ვფიქრობ ამბის მოყოლაზე მოძრაობით – ჩემთვის დამატებითი გამოწვევაა ისტორიის ერთ კადრში გადმოცემაზე ფიქრი! ანიმაციური ფილმის სულ რაღაც 10 წამში ასობით კადრი მაქვს მოსაფიქრებელი, ამიტომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინასწარი წარმოების ადრეულ ეტაპზე მიიღება. მე წინასწარ ვირჩევ ტექნიკასა და დიზაინის წესების კომპლექტს, რომელიც განაგებს ჩემს მუშაობას თავიდან ბოლომდე. ეს წესები ეხმარება ჩემს გუნდს, დარჩეს ფოკუსირებული დავალებაზე – თავისი დიზაინით ყოველი კადრი უნდა იყოს მიზანმიმართული და გათვალისწინებული უნდა იყოს მისი გამოყენება მოძრაობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავკარგოთ აუდიტორია შუა გზაზე. ადრეული დიზაინის ეს ვარიანტები ითარგმნება ვიზუალურ კოდებად, რომლებიც წარმართავს ჩემი აუდიტორიის გამოცდილებას, ხდება ჩამთრევი და დასამახსოვრებელი. მოუთმენლად ველი, რომ Ad Black Sea-ის მაყურებელს გავუზიარო რამდენიმე კონკრეტული მაგალითი ჩემი წინასწარი წარმოების პროცესიდან!

M: ყველაზე მეტად რისი მოლოდინი გაქვთ Ad Black Sea-სგან?

ერთი სული მაქვს, მოვუსმინო იმ გლობალურ კრეატორებსა და მათ პრეზენტაციებს, ვინც Ad Black Sea-მ შეარჩია პროგრამისთვის. განსაკუთრებით გამიხარდება საქართველოში შემოქმედებითი საზოგადოების წევრებთან შეხვედრა. ანიმაცია ღრმად თანამშრომლობითი საშუალებაა, რომელიც მოიცავს ხელოვნების ყველა დისციპლინის გამოცდილებას, ამიტომ არაფერია უფრო სასიცოცხლო, ვიდრე ძლიერი, ცოცხალი და მრავალფეროვანი საზოგადოება. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირადად გავცვალო იდეები და გამოცდილება სხვადასხვა წარმოშობის არტისტებთან, რითაც გავაფართოვებ ხელოვანებთან და კოლაბორატორებთან ჩემს თანამშრომლობას.

[R]

კილიმანჯაროს მთაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გაიყვანეს

უკრაინულ IT-კომპანია AltexSoft-ს საქართველოში ამბიციური გეგმები აქვს