in

ასეთი იყო Ad Black Sea 2022-ის პირველი დღე! დღის მიმოხილვა ფესტივალიდან

სანამ უშუალოდ იმ მთავარ სათქმელზე გადავალთ, რომელსაც სათაურიდან ელოდებით, მოგახსენებთ, რომ ამ სტატიას წერს ადამიანი, რომელიც პირველად ესწრება Ad Black Sea-ს. შესაბამისად, ემოციები, შთაბეჭდილებები და მოსაზრებები უშრეტია. ამ დროს ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია, ყოველი მოსმენილი სიტყვა გინდა დაიმახსოვრო, რაც ცოტა სცდება ადამიანურ შესაძლებლობებს, მაგრამ ვეცდები, თანამიმდევრული ვიყო. პირობითად პირველ დღეს სამ ნაწილად გავყოფ.

ნაწილი პირველი

სასტუმრო შერატონში დილის 9:00 საათიდან ჩოჩქოლი დაგვხვდა. დიდ სარეკლამო ფესტივალზე დასასწრებად მოსული ადამიანები რეგისტრაციას გავდივართ და ჩვენს კუთვნილ ბეიჯებსაც ვიღებთ სასაჩუქრე ჩანთასთან ერთად, რაც დილიდანვე სასიამოვნო განწყობას ქმნის. დერეფანში ხალხი ემატება და ემატება, სანამ მთავარი კარი გაიღება, ფესტივალის პარტნიორი კომპანიების სტენდებთან შეჩერება და მათი პროდუქციის დათვალიერება, დაგემოვნება და წიგნების ყიდვაც შეგიძლიათ.

დაახლოებით 12-ის ნახევარზე კარი იღება და Ad Black Sea-ს ოფიციალური მისალმების დროა. ფესტივალის დირექტორი, ვატო ქავთარაძე გვახსენებს იმ ორწლიან პაუზას, რომელიც პანდემიამ გამოიწვია და მადლობას გვიხდის 2022 წლის ფესტივალში გამოხატული მაღალი ინტერესის გამო. ამის შემდეგ სესიებისა და ვორკშოპების სერია იწყება და ეს, შეიძლება ითქვას, დღის მეორე, ხანგრძლივი და უზომოდ პროდუქტიული გაგრძელებაა…

ნაწილი მეორე

Ad Black Sea-ს ძირითად სივრცეში გამოსვლას TYPE-ის თანადამფუძნებელი, კრის ემბიჯი იწყებს. მისი (პრინციპში, ისევე როგორც ყველა დანარჩენის) გამოსვლა ძალზე შთამაგონებელია. მას მოჰყვებიან სემი კოენი, გიორგი ბურჭულაძე, ეკო ჩუბინიძე, რომლებიც საინტერესო საუბართან ერთად სახალისო და ნაყოფიერ სავარჯიშოსაც გვთავაზობენ. სავარჯიშოს მიზანია შენ და გვერდით მჯდომმა ერთად იმუშაოთ, გაცვალოთ იდეები, ერთმა მეორე შთააგონოს და შედეგად საზოგადოებამდე მათი ერთობლივი ნამუშევარი მივიდეს. რა თქმა უნდა, თამაშში ჩავერთეთ და მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საკუთარ თავში ახალი „მე” აღმოვაჩინეთ. 

შემდეგი გამომსვლელი ფიზიკურად ვერ ვნახეთ, მაგრამ ბედნიერება გვქონდა, მისი ონლაინ ჩართვისთვის მოგვესმინა. ეს ჯონ ჰაგარტია, რომელმაც ისაუბრა ბიზნესზე  და კრეატივის მნიშვნელობაზე. ჰეგარტმა მკაცრი, მაგრამ ზუსტი შეფასებები გააკეთა თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ დღეს კომპანიები უფრო მეტად მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, ვიდრე შემოქმედებითობაზე. 

არანაკლები შთაბეჭდილებები და ემოციები იყო შემდეგი გამომსვლელებისგანაც. მოვისმინეთ Ad Black Sea-ს ჟიურის ერთ-ერთი წევრის, გონზაგა აულონის გამოსვლაც, რომელმაც რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული, კრეატიული და საინტერესო კამპანია გაგვიზიარა და ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაც დაგვიტოვა – „კრეატიულობა შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვით შევაჯამოთ და ეს სიტყვაა იდეა”. 

შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა ჰქონდა უკრაინელ მარია ლანკოსაც, რომელმაც ომის დღეები შეაფასა და მისი გავლენა ქვეყნის მარკეტინგულ ინდუსტრიაზე. მარიამ ისაუბრა იმ კომპანიებზე, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ ომით დაზარალებულებს პირველ კვირებში მაშინ, როცა თავადაც საჭიროებდნენ მხარდაჭერას, რადგან ამ ომმა ყველაზე იქონია გავლენა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დარბაზმა მარია ფეხზე მდგომმა გააცილა და ყველამ ერთხმად ვუსურვეთ უკრაინას მშვიდობა და გამარჯვება.

დღის ბოლო გამომსვლელი გაბრიელ მატასი იყო, რომელმაც „ტიტანიკის” მაგალითი მოგვიყვანა და კრეატიულობის ძიება ცივ ოკეანეში სინათლის ძებნას შეადარა. მან გაგვიზიარა რამდენიმე ფავორიტი კამპანია, ვიდეორგოლი და თავისი გამოცდილება შემოქმედებითი კულტურის შესახებ. 

სესიების დღე პანელურმა დისკუსიამ დაასრულა, რომელშიც სპიკერებმა წარმატებაზე, იდეების გენერირებაზე, იმ საქმის ცოდნასა და სიყვარულზე ისაუბრებს, რომელსაც ხელს ვკიდებთ და თავიანთი ბიზნესის გამოცდილებაც გაგვიზიარეს.

მესამე ნაწილი

საღამოს, სესიების შემდეგ ახალ სივრცეში, BAHN Batumi-ში, Marketer-ის დაორგანიზებულ პანელურ დისკუსიებზე გადავინაცვლეთ. მთელი დღის სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციებით გაჟღენთილები დაღლილობას ვერ ვგრძნობდით და ახალი სახეების, ახალი თემებისა და აზრების მოსასმენად მოვემზადეთ. ამ დისკუსიას რამდენიმე სპიკერი ჰყავდა: გაგა დარსალია, თორნიკე ტურიაშვილი, ქეთო ბარაბაძე და ორხან კემიროვი, ხოლო მოდერატორი აკო ახალია გახლდათ. გამომსვლელებმა ისაუბრეს თანამედროვე სააგენტოების, ასევე ფრილანსერობის მთავარ გამოწვევებზე. მთავარი თემა კი, რომელიც აერთიანებდა ყველა იმ გზავნილს, რასაც სპიკერები ახსენებდნენ, იყო Are We Th(s)inking?

ამავე სივრცეში სახალისო აქტივობებიც გელოდათ. მაგალითად, მაისურის საკუთარი ხელით მოხატვა საღებავი თოფებით.

ბოლო, არაოფიციალური ნაწილი

ინფორმაციულად თუ ფიზიკურად დატვირთული დღის შემდეგ განტვირთვა აუცილებელი რომ არის, რა თქმა უნდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს და გვიან საღამოს „ივერია ბიჩზე” არაოფიციალურ გარემოში მიგვიპატიჟეს, სადაც მსუბუქი სასმელები და გემოვნებიანი მუსიკა დაგვხვდა. ასევე, ერთმანეთთან კომუნიკაციის, ახალი ნაცნობების შეძენისა და ფესტივალის მეორე დღისთვის ძალების მოკრების საშუალება მოგვეცა.

Sacred Cacao-ს თავისი იდენტობითა და შეფუთვით კაკაოს ღვთაებრივი არსის დაბრუნება სურს!

Ad Black Sea 2022: რას მოისმენ MRKTRG-ის პანელზე 17 სექტემბერს?