კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე წელს სტუმრები რაღაც ისეთს უნდა ელოდონ, რაც აქამდე არ მოუსმენიათ, რადგან, ტრადიციულად, Ad Black Sea ახალ კონცეფციას გვთავაზობს — TELL ME SOMETHING I DON’T KNOW. 1300-ზე მეტ სტუმარს განახლებული ბრენდის პლატფორმითა და ახალი თეგლაინითაც ხვდებიან: Welcome to the edge of Europe!
14-16 სექტემბერს ფესტივალზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი სპიკერების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებს, გასართობ და საკონკურსო ნაწილს დაესწრონ. თუმცა მანამდე Ad Black Sea-ის აღმასრულებელი მენეჯერი თამარ ცინცაძე და Ad Black Sea-ის ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი ლადო მალაზონია ფესტივალის განახლებულ ბრენდინგსა და კონცეფციაზე მოგვიყვებიან.
M: რა შეიცვალა ბრენდის პლატფორმის განახლების ფარგლებში?
თამარ ცინცაძე: წელს კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea მეშვიდედ ტარდება ბათუმში. რომ არა პანდემია, მეცხრე იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის მიზანი და მისია შემქმნელებისთვის თავიდანვე ნათელი იყო, წლების მანძილზე მისი პოზიციონირება და ბრენდის ხასიათი უფრო გამოიკვეთა და დაიხვეწა.
ვერ ვიტყოდი, რომ ბრენდის განახლების ფარგლებში რაიმე რადიკალურად შეიცვალა, უფრო მეტად აბსტრაქტული ცნებები და შეგრძნებები ხელშესახებ და ფუნქციურ სტრატეგიად ვაქციეთ, რითაც მომავალში უფრო ეფექტურად შევძლებთ ლოკალური თუ გლობალური სამოქმედო გეგმის დასახვასა და შედეგების ანალიზს. ვიმუშავეთ გრძელვადიან ვიზუალურ იდენტობაზე, შევქმენით Ad Black Sea-ის სახასიათო შრიფტი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრენდის პლატფორმა, რომელზეც ლადო მალაზონიასთან ერთად ვიმუშავეთ.
M: როგორია ბრენდის ახალი სტრატეგია? როგორ ჩამოყალიბდა?
ლადო მალაზონია: დაარსებიდან დღემდე Ad Black Sea-მ საქართველოში უამრავი მხარდამჭერი და გულშემატკივარი შეიძინა. ფესტივალს ყოველ წელს მოუთმენლად ელიან შემოქმედებით და მარკეტინგის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ ლოკალურად Ad Black Sea შემდგარი და წარმატებული პროექტია.
აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ ბრენდის განვითარების ამ ეტაპზე, მთავარი სტრატეგიული ამოცანა უკვე გლობალურად მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბებაა. პირველ რიგში, ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც ფესტივალის მხარდამჭერების, დარგის ექსპერტებისა და დელეგატების დამოკიდებულებები შევაფასეთ. განსაკუთრებით საყურადღებო იყო სიღრმისეული ინტერვიუები საზღვარგარეთის სამიზნე აუდიტორიასთან, როგორც დასავლეთით (შავი ზღვის რეგიონი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და სხვა), ისე სამხრეთით და აღმოსავლეთით (ყაზახეთი, უზბეკეთი, ისრაელი…). აი, ჩრდილოეთის გემებისთვის კი Ad Black Sea-ის პორტი ისევ დახურული რჩება.
როგორც გაირკვა, აღმოსავლეთში Ad Black Sea-ის მთავარი ხიბლი თანამედროვე, ევროპულ ფესტივალში მონაწილეობისა და გამარჯვების შანსია. Ad Black Sea მათთვის ყველაზე ახლო და ხელმისაწვდომი ევროპაშია. ამავე დროს, ევროპელებისთვის საინტერესოა აქაური შემოქმედებითი ინდუსტრიის ენერგია და ენთუზიაზმი. თანაც შანსი აქვთ, საქართველოში განსხვავებული, ეკლექტური ევროპა აღმოაჩინონ.
M: რას გულისხმობს ახალი თეგლაინი Welcome to the edge of Europe?
ლადო მალაზონია: სწორედ ამ მიგნებებმა გვიკარნახა ფესტივალის ახლებური აღქმა და გზავნილი, რომელიც შემოქმედებით დამუხტვასთან ერთად, სათავგადასავლო დაპირებასაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი და განსაკუთრებით კარგი, გამორჩეული ნამუშევრების შექმნა (ისეთების, როგორიც Ad Black Sea-ზე ჯილდოვდება ხოლმე) გულისხმობს რისკების გაწევას, ინტუიციის მინდობასა და ზღვარზე გასვლას. ასე რომ, Ad Black Sea აღნიშნავს შემოქმედებას ზღვარზე, ჰორიზონტების გაფართოებას, ახალ აღმოჩენებს.
M: რას გულისხმობს ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია — TELL ME SOMETHING I DON’T KNOW ? როგორ და რატომ აირჩიეთ ეს თემა?
თამარ ცინცაძე: ტრადიციას არ დავარღვევთ და ყოველ წელს ისევ გვექნება ახალი კონცეფცია, სლოგანი და თვალისმომჭრელი ვიზუალი, თუმცა იმ ძირითად ბრენდინგზე დაყრდნობით, რაზეც ლადო ზევით გვიყვებოდა. წლევანდელი კონცეფცია ცნობისმოყვარეობასა და პერსპექტივის შეცვლაზეა. Ჩვენი, როგორც ორგანიზატორების პასუხისმგებლობაა, აუდიტორიას შევთავაზოთ რაღაც ისეთი, რაც მათთვის შთაგონების წყარო გახდება. მათი პასუხისმგებლობა კი ფესტივალზე მიღებული ინფორმაციისა და მუხტის სწორი მიმართულებით გამოყენებაა.
Tell me something I don’t know დავალების სახით მიიღო ფესტივალის ყველა სპიკერმაც და გულმოდგინედ ემზადებიან, რომ გვითხრან რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ მოგვისმენია.