in

Ad Black Sea 2023-ის ნამუშევრების შეფასება დაწყებულია! რა ეტაპებს გადის პროცესი და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან გამარჯვეულები

ბათუმი დიდ კრეატიულ მზადებაშია! შავი ზღვის ყოველწლიური სარეკლამო ფესტივალი, Ad Black Sea 2023 უკვე მალე დაიწყება და ინდუსტრიის წარმომადგენლებს კიდევ ერთ არაჩვეულებრივ გამოცდილებას აჩუქებს. 

როგორც იცით, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სპიკერებთან ერთად, ფესტივალის თანმდევია კონკურსიც, რომლის ფარგლებშიც ჟიურის წევრები საუკეთესო ნამუშევრებს აფასებენ სხვადასხვა კატეგორიაში. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და 28 აგვისტოს ჟიურის წარდგენილი პროექტები დასამუშავებლად გადაეცა. პროცესი ონლაინ სესიით დაიწყო, რომელზეც ჟიურის წევრები კონკურსის პირობებსა და შეფასების კრიტერიუმებს გაეცნენ. ეს პროცესი იმისთვისაა აუცილებელი, რომ შემდგომი 1 კვირის განმავლობაში, როცა წევრები უკვე ინდივიდუალურად აგრძელებენ შეფასებას, საერთო კრიტერიუმები ყველასთვის ნაცნობი იყოს.

გამარჯვებულთა შერჩევის ეტაპები

ჟიურის მუშაობა მთლიანობაში სამ ეტაპად იყოფა. პირველია ინდივიდუალური კვირა, რომლის დროსაც წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, გადავა თუ არა ესა თუ ის ნამუშევარი ე.წ. shortlist-ში. ამ დროს მათ არ იციან, ვის მისცა ხმა მეორე წევრმა და ამ სიაში ის ნამუშევარი ხვდება, რომელიც ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს. რა ხდება მაშინ, თუ ხმები გაიყო? ამ დროს ნამუშევრის ბედს ჟიურის თავმჯდომარე წყვეტს. 

მეორე ეტაპი გუნდურია. 7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით ჟიურის ყველა გუნდი ონლაინ იკრიბება და შორთლისტიდან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს გამარჯვებულებს ერთხმად არჩევს. ეს ეტაპი საკმაოდ დატვირთულია, რადგან შორთლისტის ყველა ნამუშევარი სათითაოდ განიხილება წევრების მიერ და დიდი მსჯელობის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით წყდება, ვინ მოიპოვოს ჯილდოები. აღსანიშნავია, რომ ჟიურის უფლება აქვს, რომელიმე კატეგორია გამარჯვებულის გარეშეც დატოვოს, იმ შემთხვევაში, თუ მას ამ კატეგორიის არცერთი ნამუშევარი არ მოეწონა. 

ამავე ეტაპზე ხდება Best of Contest ნამუშევრის არჩევა. ეს ის მომენტია, როცა კატეგორიას რამდენიმე ოქროს გამარჯვებული ჰყავს და ჟიურიმ უნდა ამოარჩიოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო.

მესამე და ბოლო ეტაპი ფესტივალის Grand Prix და Grand Prix for Good შერჩევა. ის იმითაა განსხვავებული, რომ მხოლოდ ჟიურის თავმჯდომარეები მონაწილეობენ. აქ გამარჯვების კანდიდატი ისაა, ვინც ოქროსა და  Best of Contest გამარჯვებული იყო. ის ნამუშევრები, რომლებიც რაიმე კომერციული პროდუქტის ან სერვისისთვის იყო შექმნილი, Grand Prix ტიტულზე განიხილებიან, ხოლო სოციალურ თემატიკაზე შექმნილი პროექტები Grand Prix for Good ტიტულისთვის იღვწიან.

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმები კატეგორიის მიხედვით განსხვავდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადი ხედვაც არსებობს, რომელსაც პლუს ჟიურის მოსაზრებებიც ემატება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა კატეგორიისთვის შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის იდეა; შემდეგ ფასდება რამდენად კარგადაა განხორციელებული ეს იდეა და ბოლოს, რა შედეგი მოიტანა მისმა განხორციელებამ. Craft კატეგორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შესრულების ხარისხია, შემდეგ კი ყურადღება ექცევა, თუ რა როლი ითამაშა ამ შესრულებამ ჩაფიქრებული იდეის განხორციელებაში. Creative Strategy-ში პირველი ადგილი სტრატეგიის შეფასებას უკავია. აქვე გეტყვით, რომ ეს კატეგორია 2023 წელს პირველად დაემატა. 

ყველაზე რთული და განსაკუთრებული Creative Effectiveness კატეგორიაა. მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრებს, რომლებიც ამ კატეგორიაზე აცხადებენ პრეტენზიას, ჰქონდეთ საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის, შეიძლება წინა წლების Ad Black Sea-ს გამარჯვებულებიც იყვნენ. ამ კატეგორიის კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი გამორჩეულნი არიან განხორციელებული პროექტების შედეგებით და სწორედ ამ შედეგების მიხედვით აარჩევს ჟიური მათგან საუკეთესოს.

ჟიურის წევრები

თავად ჟიურის წევრების შერჩევა ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე იწყება და ამ პროცესისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ორგანიზატორები თანამშრომლობენ პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. ეს პარტნიორები არიან: საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციები, არტ დირექტორთა კლუბები და დიზაინ ასოციაციები.  ეს ორგანიზაციები თავიანთ კანდიდატურებს აგზავნიან. ხშირად ისეც ხდება, რომ წინა წლების ჟიურის წევრები ორგანიზატორებს თავიანთ რეკომენდაციებსაც უტოვებენ.

ფესტივალის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო იმატებს ჟიურის წევრობის მსურველების რაოდენობა — ისინი ფესტივალის ორგანიზატორებს თავად უკავშირდებიან სხვადასხვა არხით. საბოლოო შერჩევა კი ერთი პრინციპით ხდება — ჟიურის წევრი უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას და უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება სარეკლამო ინდუსტრიაში. ასევე, ყურადღება ექცევა, ყოფილა თუ არა კანდიდატი სხვა ფესტივალის ჟიური. ის, რომ ჟიურის წევრი ინგლისურად უნდა საუბრობდეს, ცხადია, აუცილებელი მოთხოვნაა, რადგან საერთაშორისო ფესტივალი ინგლისურენოვანია. აღსანიშნავია, რომ როცა ქართველი ჟიურის წევრი შეირჩევა, გამონაკლისი ხდება სხვა ფესტივალის ჟიურის წევრობის კრიტერიუმში, რადგან Ad Black Sea-ს მიზანია, ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას მეტი გასაქანი მისცეს და მის წარმომადგენლებს ხელი შეუწყოს გამოცდილების დაგროვებაში. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი წევრი, ილუსტრატორი, ანა მიმინოშვილი, რომელიც სწორედ Ad Black Sea-ს რეკომენდაციით, ევროპის არტ დირექტორთა კლუბის (ADC*E)-ს ჟიურის წევრიც იქნება. 

Ad Black Sea 2023 14 სექტემბერს იწყება და 16-ის ჩათვლით გრძელდება. წლევანდელი ფესტივალის თემაა Tell me something I don’t know. ჟიურის წევრების სრული შემადგენლობა უკვე ცნობილია და, როგორც ყოველთვის, სია შთამბეჭდავად გამოიყურება. ქართველებთან ერთად, წლევანდელ ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოწვეული ჟიურის წევრები აფასებენ. მათ შორის არიან გერმანიიდან, ავსტრალიიდან, ლიეტუვიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი კრეატორები.

„სთარქომ საქართველო” ნამდვილადაა ადგილი, სადაც შეგიძლია იმუშაო თავისუფალ, ჯანსაღ გარემოში” – ნუცა მემარნიშვილი

Polaroid ახალ I-2 Instant Camera-ს უშვებს