შავი ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის მეშვიდე სეზონი დაიწყო – Ad Black Sea 2023 ოფიციალურად გაიხსნა! ესაა კრეატიული ფესტივალი, რომელსაც მთელი რეგიონი ყოველწლიურად მოუთმენლად ელის. რეკლამის სამდღიანი დღესასწაული აერთიანებს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს. ასევე, Marketer.ge-ის პანელურ სესიებს „მონო ჰოლში“. პროფესიონალი საერთაშორისო სპიკერები, საინტერესო პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, წლის საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა და გართობა – სამი დღის განმავლობაში, Ad Black Sea მთელი წლის სამყოფი ენერგიით მუხტავს მის მონაწილეებს. წლევანდელი ფესტივალი რეკორდულია სტუმრების სიმრავლით – ის 1200-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.
Ad Black Sea 2023-ის პროგრამის სანახავად, მიჰყევით ბმულს.
წელს, Ad Black Sea-ზე 13 საკონკურსო კატეგორიაა, რომელსაც ჟიურის 4 გუნდი შეაფასებს. ასევე, თიბისის ინიციატივით, დაემატა Young Creative კატეგორია, რომელიც ახალგაზრდა კრეატორებს გამოავლენს. საკონკურსო ნამუშევრების შედეგები, 16 სექტემბერს, Ad Black Sea-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ასევე, დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან ქართული სარეკლამო სააგენტოების ასოციაციის ACAG გამარჯვებულებიც – წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. მანამდე კი, სამი დღის განმავლობაში, დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიზიარონ პროფესიონალი სპიკერების გამოცდილება, გაიცნონ ინდუსტრიის უფრო მეტი წარმომადგენელი და დატკბნენ რეკლამის ქართული დღესასწაულით.