in

ვორქშოპები, კონკურსები და დიდი მხიარულება Ad Black Sea 2023-ზე!

Ad Black Sea-ის, რეკლამის სამდღიანი დღესასწაულის ჟრიამული დასრულდა. მთელი წლის სამყოფი ენერგიით დავიმუხტეთ და მზად ვართ, მიღებული მოტივაცია კრეატიულ ნამუშევრებში ვთარგმნოთ. 2015 წლიდან დღემდე, ამ ფესტივალმა არამხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმა შექმნა, არამედ კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები დააახლოვა ერთმანეთთან და ერთ დიდ კომუნად აქცია, გაზარდა ინტერესო სფეროს მიმართ და საქართველო კრეატიულ ჰაბად გარდაქმნა, რეგიონულ დონეზე. ფესტივალის მთავარი თემა გახლდათ Tell Me Something I Don’t know – სათქმელი კი ბევრი დაგროვდა. სამი დღის განმავლობაში, ქართველი და საერთაშორისო სპიკერები საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ Ad Black Sea 2023-ის 1200-ზე მეტ დელეგატს, ვორქშოპების ფარგლებში კი უფრო ინტენსიურად განიხილავდნენ სხვადასხვა თემატიკას. ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოეწყო Marketer.ge-ის ტრადიციული სცენა, სადაც სტუმრები არაფორმალურ გარემოში იკრიბებოდნენ და მხიარულების პარალელურად, საინტერესო ამბებს ისმენდნენ. Ad Black Sea-ს პარტნიორებს მოწყობილი ჰქონდათ თავიანთი სტენდები, სადაც სხვადასხვა სახალისო შეჯიბრი ტარდებოდა, მათ შორის, მასშტაბური შეჯიბრი მოეწყო სამაგიდო თამაშების მოყვარულებისთვის.

Ad Black Sea 2023-ის სპიკერების თემატიკები განსხვავებული იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნურ ინტელექტს, თაობათა ცვლას კომუნიკაციაში, ასევე სტრატეგიასა და გენდერულ თემატიკას, რასაც სპეციალური ვორქშოპებიც დაეთმო.

ფესტივალის ამოსავალი წერტილი მაინც ადამიანები და მათთან კომუნიკაცია იყო. როგორც სპეციალურმა სტუმარმა მარკ პოლარდმა თქვა, „ადამიანის პრობლემა არის ბიზნესის პრობლემა“. საერთაშორისო სპიკერები სწორედ ადამიანურ საკითხებზე ცდილობდნენ ხაზგასმას – „შენ თავად ხარ შენი მთავარი კლიენტი“.

კრეატივი მხოლოდ კრეატივი არ არის – ესაა დაკვირვება, – გვიამბო რორი საზერლენდმა, რომელიც ფესტივალს ონლაინ ფორმატში შეუერთდა. მისი თქმით, კრეატივის 80% დაკვირვებაა, 20% კი შთაგონება, ხოლო თუკი პრობლემის სწორად ფორმულირებას შევძლებთ, პასუხს ადვილად მივაგნებთ.

„ძალა არასრულყოფილებაშია“ – გვიამბო ანტონიო ბეხტლიმ, რომელმაც გვაჩვენა, როგორ ცდილობენ ადამიანები და ბრენდები ერთმანეთის მიბაძვას, იდეალურის იმიჯის შექმნას მაშინ, როცა ეს ყველაფერი სრულიად ცდება ბუნებრივობას და იმას, რაც მათ სამიზნე სეგმენტს აინტერესებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული უთანასწორობისა და სტერეოტიპების საკითხს, რაც სელმა თორსტეინდოტირმა და აგგა იონსდოტირმა განიხილეს

და შემდეგ, ვორქშოპზეც განავრცეს.

კრეატიულობა გულიდან მოდის – ამის შესახებ მარია რეი ფლორენსამ გვიამბო და დაგვარწმუნა, რომ ადამიანებმა გულის სიღრმეში კარგად ვიცით ყველაფერი, რის ცოდნაც გვჭირდება და მხოლოდ იმ უნარების შეძენა გვესაჭიროება, რაც ამ ცოდნის გახსენებაში დაგვეხმარება.

აქტუალური თემა იყო ხელოვნური ინტელექტი და კრეატიული საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში. ამ საკითხს სპეციალური პანელური დისკუსიაც დაეთმო. როგორც აღმოჩნდა, არის რაღაც, რასაც სპიკერების აზრით, ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს.

„არაფერი სჯობს იდეების გაზიარებასა და მათ განვითარებაზე ერთად მუშაობას. როგორც არ უნდა განვითარდეს AI, კრეატიული ადამიანი ყოველთვის უფრო წინ წავა. ნაკლებად ინტერესიანი ადამიანებისთვის ეს სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე – მივიღოთ მეტი გამიწვევა, ვიყოთ მეტად კრეატოულები იმის ნაცვლად, რომ ეჭვი გვეპარებოდეს საკუთარ თავებში,“ – მარკ პოლარდი.

„კრეატიულ ინდუსტრიაში 16 წლიდან ვარ. რაც უნდა განვითარდეს ტექნოლოგია, ვერაფერი ჩაანაცვლებს იდეის დაბადების სიხარულს,“ – რიკარდო ვულფი.

აგგა იონსდოტირი: „ამ ინდუსტრიაში 20 წელია ვარ. დღესდღეობით, ტემპი ბევრად სწრაფია, ვიდრე ადრე, თუმცა კვლავინდებურად საინტერესოა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზღვრების დაწესება, რაც კოვიდმა მოგვიტანა. გადაწვა რომ ავირიდოთ თავიდან მნიშვნელოვანია გონების დამშვიდება და განტვირთვა. ასევე, მგონია, რომ უფრო გამბედავები უნდა ვიყოთ კლიენტებთან მიმართებაში. არ დავთანხმდეთ იმ პირობებს, რაც არაა ჩვენთვის მისაღები.“

ფესტივალის პირველი და მეორე დღის პანელურ დისკუსიებზე უკვე გიამბეთ, რაც Marketer.ge-სთან პარტნიორობით ჩატარდა, ამჯერად, Mono Hall-იდან პანელური დისკუსიდან გაგიზიარებთ მიგელ ტიხეირას შთაბეჭდილებას ქართველებზე:

მიგელ ტეიხეირა: „ქართველები ძალიან ნიჭიერები და გულისხმიერები არიან. ესაა ცოცხალი ქვეყანა. როდესაც აქ ჩამოვდიოდით, არ ვიცოდით, რა გველოდა. საქართველოში „ბორჯომის“ რეკლამის გადაღებისას ჩამოვედით. გაგვიმართლა და ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ძალიან კარგი ადამიანები შეგვხვდნენ, ძალიან შეგვაყვარეს თავი. დღეს, ზუსტად ვიცით, რა დაგვხვდება აქ ჩამოსულებს.

როდესაც ვინმეს ვქირაობ, ყურადღებას ვაქცევ, რამდენად მონდომებული და ამბიციურია ადამიანი. ვფიქრობ, უნარებისა და ცოდნის შეძენა, ამასთან შედარებით, ბევრად მარტივია. ვფიქრობ, ქართველებს ძალიან დიდი მონდომება და ამბიცია გამოძრავებთ, რაც საერთაშორისო მასშტაბზე გაგიყვანთ.“

ფესტივალის სამდღიანი დღესასწაულის კულმინაცია საკონკურსო ნაწილი იყო. დაჯილდოების დაწყებამდე Ad Black Sea-ს სტუმრებმა პატივი მიაგეს მარიამ ბლანკის ხსოვნას.

დაჯილდოებაზეც 13 კატეგორიის გამარჯვებულები, Young Creative-ის რჩეულები, ასევე, ACAG-ის წლის სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია გამოვლინდნენ. ქართულმა სააგენტოებმა ფესტივალზე 4 ოქრო, 7 ვერცხლი, 15 ბრინჯაო მოიპოვეს.

ფესტივალის ყოველი დღე მუსიკალური განტვირთვით სრულდებოდა. Ad Black Sea 2023-იც საზეიმოდ დაიხურა და მისი გულშემატკივრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევპირდით, რომ ზუსტად ერთ წელიწადში, ამ ადგილას, ისევ შევხვდებით!


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Brunch by Gastronome – გაიცანით Gastronome Group-ის კიდევ ერთი ახალი პროექტი

როცა თვალებით იცინი, პირით კი ტირი — სოჰოს საერთაშორისო კინოფესტივალის უჩვეულო რეკლამა