in

რა შეცვალა Ad Black Sea-მ ქართულ და რეგიონულ კრეატიულ ინდუსტრიაში

სულ რაღაც, ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შავი ზღვის სანაპიროზე პირველი ქართული სარეკლამო ფესტივალი დაიბადა და საერთაშორისო მასშტაბით მოიზიდა სტუმრები. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ათობით ქვეყნის 1200-მდე დელეგატს მასპინძლობს. სამი დღის განმავლობაში, ქართული საერთაშორისო შემოქმედებითი ინდუსტრია კრეატიულ ზეიმს უერთდება. ფესტივალი საკუთარ თავში აერთიანებს სპიკერების შთამაგონებელ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, კრეატიულ კონკურსსა და გასართობ აქტივობებს. ესაა ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს, ხოლო თავად ინდუსტრიას ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს. წელს, Ad Black Sea, 14-16 სექტემბერს, ტრადიციულად, ბათუმში ჩატარდება და მომდევნო ერთი წლის სამყოფ უზარმაზარ ენერგიას გაგვიზიარებს. ამ სტატიაში, გვსურს, მიმოვიხილოთ ის დიდი წვლილი, რომელიც Ad Black Sea-მ ქართული და რეგიონული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანა. საფესტივალო ისტორია მის დირექტორთან, ვატო ქავთარაძესთან ერთად მიმოვიხილეთ.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, როგორი იყო ხედვა 2015 წელს – რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ ფესტივალის ჩამოყალიბება ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვის?

კრეატიული ინდუსტრიისთვის ფესტივალები სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ სისტემურად, ეს ბიზნესი სწორედ მათზეა აწყობილი და დამოკიდებული. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ამგვარი საყრდენის შექმნა გადამწყვეტი იყო დარგის განვითარებისთვის.

წლების განმავლობაში, ჩვენ დავდიოდით წამყვან გლობალურ ფორუმებზე, სადაც ვიღებდით უზარმაზარ გამოცდილებას და ინსპირაციას, რომელიც შემდეგ უკან მოგვყვებოდა და საქმის უკეთესად კეთებაში გვეხმარებოდა.

სულ გვინდოდა ეს მუხტი ბევრი ადამიანისთვის გადაგვეცა და გაგვეზიარებინა. ვხვდებოდით, რომ ამის საუკეთესო საშუალება ამ ფესტივალის საქართველოში დაფუძნება იქნებოდა.

2015 წელს, ხანგრძლივი მცდელობების შემდეგ, უკრაინელ პარტნიორებთან ერთად (რომლებსაც ამ საქმის კეთების დიდი გამოცდილება ქონდათ), დავაარსეთ „ედ ბლექ სი“ – კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი – რომელიც მას მერე ყოველ წელს ტარდება (თუ არ ჩავთვლით კოვიდის 2-წლიან ჩავარდნას) და წელს უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს სტუმრებს.

M: რომ შევადაროთ – როგორი იყო ქართული კრეატიული ინდუსტრია მაშინ და ახლა?

ფესტივალის დაფუძნება ზუსტად გამოხატავდა მის იმჟამინდელ მდგომარეობას. იმ დროს ინდუსტრია, დღევანდელთან შედარებით, განვითარების სხვა ეტაპზე იმყოფებოდა – უფრო ახალგაზრდა და მჩქეფარე იყო. საერთაშორისო ასპარეზზე ახლად გასული, ბევრად დიდი ენთუზიაზმით და თავზეხელაღებით მოქმედებდა.

წლების განმავლობაში, ბათუმში ჩამოდიოდნენ ამ დარგის საერთაშორისო სპეციალისტები და გამორჩეული ვარსკვლავები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი შექონდათ როგორც უშუალოდ დარგის, ასევე მთლიანად, ქვეყნის განვითარების საქმეში. ფესტივალი ვითარდებოდა და უკვე დიდი საერთაშორისო რადარების თვალთახედვაში ექცეოდა.

შემდეგ, დაიწყო კოვიდის ტალღა, რომელმაც ძალიან უკან დაგვხია – ფესტივალის ჩატარება ზედიზედ ორი წლის მანძილზე, ვერ მოვახერხეთ.

ამ დროს, არა მარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო აირია, დიდმა გლობალურმა ღონისძიებებმაც კი შეაჩერეს მოღვაწეობა, ზოგმა ონლაინ ფორმატშიც ცადა ბედი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მოვლენებმა ჩვენს განვითარებაზე უფრო მძიმე გავლენა იქონია, ვიდრე სხვა, უკვე ჩამოყალიბებულ საფესტივალო ბრენდებზე.

ამ ეტაპზე როგორც ჩვენთან, ისე გლობალურად, ინდუსტრია სრულიად ახალი რეალობის, ახალი გამოწვევების და შეიძლება ითქვას, ფუნდამენტური ტრანსფორმაციის წინაშე დგას. წლევანდელ ფესტივალზე, ჩვენს სტუმრებთან ერთად, სწორედ ამ თემების გაშლა და განხილვა გვაქვს დაგეგმილი.

M: მსოფლიოში არაერთი კრეატიული ფესტივალი ტარდება. თქვენი შეფასებით, როგორი ადგილი უჭირავს Ad Black Sea-ს მათ შორის?

ჩვენს ფესტივალს პანდემია სწორედ ისეთ დროს დაეჯახა, როდესაც ის ასაფრენ ბილიკზე მიწას ასცდა და შასი შეკეცა. ამას მოჰყვა ავარიული დაჯდომა და ხელახალი ფრენისთვის მზადების დაწყება. 

რეალურად, Ad Black Sea საერთაშორისო სივრცეში თავიდან გადის თვითდამკვიდრების იმ ეტაპებს, რომლებიც თითქოს უკვე გავლილი ჰქონდა. ძალიან მიხარია, რომ ასეთ ხანმოკლე დროში Ad Black Sea კრეატიულ ინდუსტრიაში რეგიონის მთავარ მოვლენად იქცა. თუმცა ამბიციები და სამომავლო გეგმები კიდევ უფრო დიდია – მჯერა და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადგილს გლობალური ფესტივალების ტოპ ჩამონათვალშიც დავიმკვიდრებთ.

M: როგორ გაიზარდა ახალგაზრდა ტალანტების ინტერესი სფეროს მიმართ?

ახალგაზრდების ინტერესი დარგის მიმართ მუდმივად მზარდია. ამაზე ჩვენი დელეგატების ან თუნდაც კანის ახალგაზრდა ლომების ადგილობრივ კონკურსში დარეგისტრირებული გუნდების სარეკორდო რაოდენობა მეტყველებს. მართალია, რაოდენობა ყოველთვის ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ მთავარია, სწორ გზას ვადგავართ, ყველაფერი წინაა და მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით ვუყურებ.

M: რა შესაძლებლობები შექმნა ფესტივალმა მისი დელეგატებისთვის?

ყველაზე მთავარი, რასაც ეს ფესტივალი წლიდან წლამდე წარმატებით ახერხებს არის ის, რომ დადებითი ენერგიით, ახალი ცოდნით და ინსპირაციით მუხტავს ჩამოსულ სტუმრებს. ოღონდ შემდეგ, ვინ როგორ გამოიყენებს ამ მუხტს თავის ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში, ყოველი ადამიანის პირადი მოხერხების ამბავია.

M: აღსანიშნავია სპიკერების ნაწილიც – საქართველოს არაერთი საერთაშორისო პროფესიონალი ეწვია. თქვენთვის რომელი სპიკერები იყვნენ ყველაზე დასამახსოვრებელი?

„ედბლექსიზე“ საკმაოდ ბევრი საინტერესო, გამორჩეული ბიორაფიის თუ დამსახურებების სპიკერი გვყოლია. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ობიექტურად იყო რამდენიმე, რომელმაც ხარისხობრივად გაგვზარდა, როგორც ფესტივალი.

პირველ რიგში, ვინც მახსენდება არიან მაიკლ კონრადი, ჯესიკა უოლში, მარსელო სერპა, ჯონ ჰეგარტი და წელს, კიდევ გვეყოლება რორი საზერლენდი. ეს ორი უკანასკნელი, სამწუხაროდ, მხოლოდ ონლაინ ფორმატში მოხერხდა, თუმცა – შესაძლოა კომპენსაციის სახით –  ვთარგმნეთ და ქართულად გამოვეცით მათი წიგნები – „ჰეგარტი რეკლამაზე“ და „ალქიმია“ – რომელთა წაკითხვასაც ვურჩევ ყველას, ვისაც ამ დარგში მუშაობა უწევს.

M: დღევანდელი გადმოსახედით, რა პერსპექტივა შექმნა Ad Black Sea-მ ქვეყნისa და სფეროს ტალანტებისთვის?

Ad Black Sea არის პლატფორმა, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობს ადგილი დაუმკვიდროს საქართველოს კრეატივის საერთაშორისო რუკაზე, მეორე მხრივ კი ყველას, ვინც ამ დარგში მოღვაწეობს (ან ვისაც ის შორიდან მაინც აინტერესებს), აგრძნობინოს, რომ ის მართლა ღირს იმ სიყვარულად, რასაც მას ამხელა დოზებით ვუძღვნით.

M: ფესტივალი, ყოველწლიურად, განსხვავებული ბრენდინგით წარდგება დელეგატების წინაშე. საინტერესოა ისიც, რომ ამ წლების მანძილზე არაერთხელ გაერთიანდნენ სხვადასხვა სააგენტოს კრეატორები, წლის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად…

ფესტივალის ვიზუალურ იდენტობას მართლაც წლიდან წლამდე ვცვლით ხოლმე, თუმცა არსებობს რაღაც საფუძველი, რაც უცვლელია. ასე ვიღებთ მუდმივად გადახალისებულ ფორმატს, რომელიც არ გვბეზრდება (ამ პროცესში ზოგჯერ ჩვენი კოლეგები და მეგობრებიც ერთვებიან ხოლმე სხვა სააგენტოებიდან, რაც პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და ჩამთრევს ხდის) და თან ვინარჩუნებთ ისეთ რამესაც, რაც ყოველთვის გვაკავშირებს მის საწყისთან.

M:დაარსებიდან დღემდე, Ad Black Sea-მ შეძლო და მას სექტემბრიდან სექტემბრამდე უამრავი ადამიანი ელოდება – როგორია სამომავლო ხედვა?

Ad Black Sea-ს ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ეს სექტემბრიდან სექტემბრამდე საერთო სახალხო მოლოდინია. ბედნიერი ვიქნები, თუ ეს პლატფორმა ყოველწლიურად განვითარდება და მართლა მიაღწევს იმ საერთაშორისო ხარისხს და სტანდარტებს, რომლის დანერგვასაც ის ემსახურება.

სელფი კრეატიული ფესტივალი AD Black Sea-ს ოფიციალური პარტნიორია

ფერადოვნებიდან სიშავემდე — Fanta ჰელოუინისთვის ემზადება