27
Sep
2016

Ad Black Sea წარმატებით ჩატარდა – გაიგეთ, როგორ აფასებენ მას მონაწილეები!

27 Sep 2016

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი 22-25 სექტემბერს წარმატებით ჩატარდა. 4 დღის მანძილზე, ბათუმი ქართული და უცხოური სარეკლამო სფეროს წარმომადგენლების შეკრების ადგილი გახდა, სადაც ყველას შეეძლო მიეღო ინსპირაცია, მოესმინა რაღაც ახალი და საინტერესო, გაეცნო, ან გაემყარებინა კავშირები თავისი სფეროს წარმომადგენლებთან და ამასთან ერთად, გართობაც მოესწრო. ფესტივალის ოფიციალური და არაოფიციალური ნაწილი მონაწილეებმა შეაფასეს.

Redberry-ის დამფუძნებლის, გაგა დარსალიას თქმით, წინა წელთან შედარებით, ფესტივალი გაიზარდა და ეს დიდი მიღწევაა ქართული სარეკლამო ინდუსტრიისთვის:

„დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ დადებით გავლენას იქონიებს ეს ფესტივალი თითოეულ ჩვენგანზე შემდეგ წლებშიც. ეს იყო დღეები, როცა მთელ ინდუსტრიას საშუალება გვქონდა ერთად მოგვეყარა თავი, გვესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო რამეზე, გადაგვეხედა გასული წლისთვის და მიგვეღო ინსპირაცია სამომავლოდ. გართობის ნაწილს რაც შეეხება, უამინდობის მიუხედავად, ძალიან კარგად გავატარეთ დრო. მოკლედ, სრული Re-Charge მივიღეთ მომავალი გამოწვევებისთვის.“

ეკა ყიფიანი

ეკა ყიფიანი

JWT Metro-ის კრეტივ დირექტორი ეკა ყიფიანი წელს ჟიურის წევრი იყო. ის ფიქრობს, რომ Ad Black Sea შემდეგ წელს კიდევ უფრო გაზრდილი და მოძლიერებული დაბრუნდება: „ფესტივალზე ჩამოვიდნენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები და მრავალი ცნობილი ნამუშევრის ავტორები, ისინი აფასებდნენ ნამუშევრებს, მართავდნენ სემინარებს და მათი გაცნობა ყველას შეეძლო. ასევე მნიშნველოვანია, რომ ყოველ კატეგორიაში გაიმარჯვა ქართულმა ნამუშევარმა, რაც დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. და ბოლოს, მთელმა ინდუსტრიამ ერთად კარგი დრო გაატარა.“

levan lepsveridze

ლევან ლეფსვერიძე

Ad Black Sea 2016-ის გრან პრის და კიდევ 5 ჯილდოს მფლობელი სააგენტოს, Leavingstone-ის დამფუძნებელისა და კრეატივ დირექტორის ლევან ლეფსვერიძის თქმით, წლევანდელი ფესტივალი არაფრით ჩამოუვარდება მსგავს ევროპულ ფესტივალებს: „წელს ფესტივალის ხარისხმა მნიშვნელოვნად იმატა. დამატებული იყო კატეგორიები, სადაც რეგიონის საკმაოდ ძლიერ სააგენტოებს ჰქონდათ ნამუშევრები შემოტანილი. ჟიური დაკომპლექტებული იყო პროფესიონალებით, რამაც ფეტივალის საგანმანათლებლო ნაწილიც საინტერესო გახადა.

prizi ad black sea

როგორც აღმოჩნდა, გრანპრისთვის ბრძოლა ჩვენსა და „ვასხოდს“ შორის გაიმართა. ვასხოდი ყოველთვის იყო ჩვენთვის სამაგალითო სააგენტო, რომელსაც შორიდან ვეტრფით. წელს გრანპრი ჩვენ შეგვხვდა, მათ კი ფესტივალის საუკეთესო სააგენტოს ტიტული მოიპოვეს. სასიამოვნოა ასეთი დონის ჯანსაღი კონკურენცია.

სარეკლამო ფესტივალებზე ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაოფიციალურ ნაწილს. წელს ამ ასპექტშიც იყოჩაღეს ფესტივალის ორგანიზატირებმა. პირად საუბრებში უცხოელი სტუმრები გაოცებულნი ჩანდნენ ქართული სტუმართმოყვარეობით.“

გიორგი ბურჭულაძე

გიორგი ბურჭულაძე

Leavingstone-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი ბურჭულაძე: „ფესტივალს შევადარებდი Golden Drum-ს, რომელიც 20 წელზე მეტია, სლოვენიაში ტარდება და საკმაოდ პრესტიჟულადაც ითვლება ევროპის მასშტაბით. 2013 წელს დავესწარი და წლევანდელი Ad Black Sea გაცილებით სავსე იყო პროფესიული და პირადი ემოციური შთაბეჭდილებებით, ვიდრე გამოცდილი სლოვენიური Golden Drum.

ასევე, მინდა აღვნიშნო ფესტივალის წლევანდელი Brand Identity. ძალიან კარგი ნამუშევარია და მთლიანობაში ფესტივალის სულისკვეთებას ლამაზად გადმოსცემს. ბათუმი კიდევ, გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, ყოველთვის შესანიშნავი ქალაქია გართობისა და თავის დაკარგვისთვის.“

რეზო ჩარკვიანი

რეზო ჩარკვიანი

Millenial Hub-ის დამფუძნებელი, რეზო ჩარკვიანი: „ფესტივალი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, მაგრამ ყველა მიმართულება კიდევ მეტად დასახვეწია. თუმცა, წელს ეს პრობლემები რა მოსატანია, როდესაც რამდენიმე კვირით ადრე ფესტივალი ფაქტობრივად ჩაშლილი იყო და მხოლოდ ბოლო კვირაში მოხერხდა მისი გადარჩენა ვატო ქავთარაძის დიდი ძალისხმევით.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო სემინარები. განსაკუთრებით მომეწონა ეკა ყიფიანის გამოსვლა. წარმოდგენილი იყო ბევრი მაღალი დონის ნამუშევარი. მინდა გამოვარჩიო ვერცხლის მფლობელი „ბანკი რესპუბლიკას“ კამპანია, „ფეიკ“ ბანკი „ლურა“, რომელიც ESM-ის მეოთხე კურსის სტუდენტების გაკეთებული იყო. ამ ახალგაზრდებს დიდი მომავალი აქვთ მათი ასაკის გათვალისწინებით და მინდა, ამ მცირე წარმატებით დიდი მოტივაცია შეიძინონ.

შთაბეჭდილებებით, მართლაც დატვირთული წამოვედი. გართობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრი იყო… ერთი კვირა სფერო გამოშუშებას მოუნდება.“

განხილვა