22
Sep
2019

ამ სტატიაზე წინასწარ მოლოდინებს ნუ შეიქმნით! – Ad Black Sea 2019 დასრულდა!

22 Sep 2019

როგორც წესი, რაღაცას რომ ძალიან ველოდები, საკუთარ თავთანაც არ უნდა ვაღიარო ხოლმე იმიტომ, რომ მერე ან ისეთი ვერ არის, როგორიც წარმომედგინა, ან უარეს შემთხვევაში, ეს რაღაც საერთოდ აღარ ხდება ხოლმე.

წინა დღიურში რომ გითხარით: „ხვალ, სააგენტო „ჰაკუჰოდოს“ კრეატიული ოფიცრის, კენტარო კიმურას გარდა, ძალიან ველოდებით-მეთქი ანდრო დგებუაძის გამოსვლას, თემით: „შენ ხარ ბრაჰმა… მაგრამ ამას უნდა მიხვდე“ – აი, მანდ შევცდი.

რანაირად ავცდი, არ ვიცი… ამიტომ, ასე, შორიდან შევეცდები, დავიჯერო, რომ მე ვარ ბრაჰმა, კრეატორი ღმერთი და Ad Black Sea-ს „მესამე და სამართალ“ დღეზე ამბავს მე შევქმნი.

„სამართალი“ რა შუაშია და გუშინ ღამით, უობიექტურესი ჟიურის მიერ, გამარჯვებული ნამუშევრები გამოვლინდა, რომლითაც ისინი აღფრთოვანდნენ, რომლებმაც შეძლეს, სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად, ყველაზე კრეატიული გამოსავლების პოვნა.

დანარჩენზე რა გითხრათ, ჩემს უსუბიექტურეს შთაბეჭდილებებს უნდა დასჯერდეთ.

მე მგონია, ემოციურად, ყველაზე დატვირთული დღე იყო. ამინდმაც თავისი ქნა და ყელში ბურთი, სულ მცირე, სამჯერ მაინც გამეჩხირა… რიგ შემთხვევებში, საცრემლე ჯირკვლებიდან გამოყოფილ სეკრეტებს ვერაფერი ვუშველე… და ისე გამოვიდა, რომ თვალისთვის მათი დამცველობითი ფუნქცია შესამჩნევად გამოვხატე.

ყველაზე აშკარა კი, ჩემი ეს მდგომარეობა სააგენტო „ჰაკუჰოდოს“ მიერ, Toyota-სთვის შექმნილმა კამპანიამ გახადა. სააგენტოს კრეატიულმა ოფიცერმა, კენტარო კიმურამ ავტომობილების ბრენდის უსაფრთხოების სისტემის კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლი გვაჩვენა: მანქანის უსაფრთხოება ისევე არ ჩანს, მაგრამ მუშაობს, როგორც მამის სიყვარული: „არ ჩანს, მაგრამ ნამდვილია“.

სარეკლამო ინდუსტრიის შვეიცარიულ დანად წოდებულმა კენტარო კიმურამ კრეატიული ალქიმიისთვის საჭირო 5 ინგრედიენტი წარმოგვიდგინა და თითოეულის შემთხვევაში, მის მიერ შექმნილი ნამუშევრის მაგალითი მოიყვანა. „კომბინირება“, „გარდაქმნა“ – რაც ნიშნავს პრობლემის ფუნდამენტური საფუძვლიდან გამოსავლის სხვა სფეროში გამოვლენას, „უკუღმა“, რაც ნიშნავს, კამპანიის იმ მიმართულებით წარმართვას, რომ მაგალითად, ცუდი მძღოლები კი არ დაისაჯონ, არამედ კარგი მძღოლები შეაქონ და ადამიანების ქცევა ასე შევცვალოთ. „რა იქნება, თუ“ – ამ შემთხვევაში, კიმურამ გვირჩია, რომ საკუთარი თავი გამოუვალ სიტუაციაში უნდა ჩავაგდოთ და წარმოვიდგინოთ, რას გავაკეთებდით და „სიმართლე ფაქტის მიღმა“ – ისეთივე მარტივი, როგორიცაა, მაგალითად, გავრცელებული აზრი, რომ „როცა გოგო მაკიაჟს იკეთებს – შეყვარებულია“.

კენტაროს მიერ გაზიარებულ ყველა კამპანიას ვერ გაჩვენებთ და ემოციური განწყობების ბალანსისთვის, ამჯერად, ნამუშევარს “Act of Love“ შემოგთავაზებთ.

P.S დიდი ალბათობით, მარკეტერის მკითხველისთვის ეს ვიდეორგოლი ცნობილია.

ადამიანი ვერასდროს შეძლებს იმის წარმოდგენას, რისი გაკეთებაც, რეალურად, შეუძლებელიაო, ადრე მითხრა ჩემი ქართულის მასწავლებელმა. არ მგონია, კენტარო კიმურასთან მაია დოლიძეს ამ თემაზე ოდესმე ესაუბროს, მაგრამ მსგავსი შინაარსის წინადადების გაგონება კენტარო-სანისგან ძალიან მესიამოვნა: „რისი წარმოდგენაც შეგიძლია, იმის რეალურად განხორციელებაც შესაძლებელიაო“, – ზუსტად ასე თქვა.

ბოლოს, თვითშეფასებაც აგვიმაღლა… ადამიანმა, რომლის იდეებსაც, გლობალურად, შეუძლია არსებული რეალობების შეცვლა, გვითხრა, რომ ყველას გვაქვს ინოვაციური იდეების მოფიქრების უნარი და ამ შეფასებას ჯადოსნური სიტყვებიც მოაყოლა: „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთული შეიძლება, სიტუაცია იყოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს!“

JWT Metro Turkey-ს აღმასრულებელმა კრეატიულმა დირექტორმა, სამი ბასუტმა სახეში გაგვილაწუნა და პირდაპირ გვითხრა, რომ ის რეალობა, რაც დღეს, გლობალურად არსებობს, არც მეტი, არც ნაკლები – ტეხავს.

გამოსავალი კი, პირველ რიგში, აღიარებაა, რომ ეს პრობლემაა, ჩვენს შიშებს თვალი უნდა გავუსწოროთ. გარდა ამისა, გვირჩია, რომ გვერდით მუდმივად გვყავდეს მეტოქე, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს და რაც მთავარია, ხანდახან, ბოდიშიც მოვიხადოთ ხოლმე. Facebook-ის კრეატიული განყოფილების დირექტორმა, კიტი ლუნმა ბრენდისთვის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბრენდებმა ადამიანებამდე უნდა მიიტანონ იდეები, რომლითაც მათთან კავშირს დაამყარებენ. დღესდღეობით კი, აუგმენტური რეალობის გამოყენება სთორების ფილტრებისა თუ ეფექტებისთვის, ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დღის ყველაზე პოზიტიური მომხსენებლის როლი იტალიური სააგენტო Conversation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერჯიო სპაკავენტამ მოირგო. მისი საპრეზენტაციო თემის სათაური „მოცინარი გადარეული კაცი“ – ვფიქრობ, ზუსტად იყო შერჩეული.

განიხილა, რომ საქართველოში, თითეული კუთხის შესაბამისი იუმორი ძალიან კარგად მუშაობს. უბრალოდ, რა თქმა უნდა, გააჩნია, რა გვაქვს სათქმელი და ვისთვის.

მისთვის საყვარელი ქართული რეკლამებიდან კი, ერთი „მაგთის“,

მეორე კი – „ივერიაბეთის“ ნამუშევარი აღმოჩნდა.

იუმორზე გვითხრა, რომ სხვადასხვა აუდიტორიისთვის ის განსხვავებულად მუშაობს.

ბოლოს კი, უფრო მეტი სიცილი გვირჩია.

Ad Black Sea იმდენი ხანია აღარ მიხსენებია, დამავიწყდა, რომ ამ ფესტივალზე ვწერდი. ხოდა, გამოვასწორებ. Ad Black Sea-ს ფარგლებში, ჰერმან ვასკეს სუპერვარსკვლავური ფილმი, „რატომ ვართ კრეატიულები“ გვაჩვენეს.

ამ ინფორმაციის გაზიარება, მხოლოდ და მხოლოდ, იმას ემსახურება, რომ ფილმს აუცილებლად! უყუროთ.

ჩვენ ბრენდში ყოველთვის ვეძებთ იმას, რასაც მასში შევიყვარებთ, იქნება ეს ხედვა, პროდუქტი თუ სხვა რამ…

ფესტივალის განმავლობაში, უკვე მესამედ რომ რაღაც ხდება, გავბედავ და გამოვიყენებ სიტყვას „ტრადიციული“ და გეტყვით, რომ ტრადიციულად, პროგრამის მოსასმენი ნაწილი „მარკეტერის“ პანელით დასრულდა. სადაც სამი ბასუტმა, ირინა საყვარელიძემ და სერჯიო სპაკავენტამ, მოდერატორ აკო ახალაიასთან ერთად, „ამბების ძალაზე“ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ე.წ. Human Stories არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი, რომელიც ბრენდმა აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ შეიძლება, გამოიყენოს. პანელის კიდევ ერთი სტუმარი იყო The Movement TV-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანანო ბაკურაძე, რომელმაც Ad Black Sea-ზე ფიზიკური არყოფნა საფესტივალო ცხოვრებისთვის მომზადებული, მისი ნამუშევრებიდან, ყველაზე პირადულ თემაზე შექმნილი ვიდეოს ჩვენებითა და შავი ზღვის ფესტივალის აუდიტორიისადმი მიძღვნილი წერილით ჩაანაცვლა.

ვიდეო ნიკა გუჯეჯიანს ეძღვნებოდა.

არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის კრეატიული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, ნიკა ამ სამი დღის განმავლობაში, არაერთხელ ახსენეს… არაერთი ფორმით. თუმცა, ყველაზე დელიკატური სიტყვების ძებნაში, რატომღაც, ვწყვეტდი, რომ ჯობდა, არაფერი მეთქვა.

Ad Black Sea-ს პირველ დღეს ხომ გითხარით, შემოქმედებითი სფეროს ხალხი ისეთია, მათგან როდის რას უნდა ელოდო, არ იცი. ან საინტერესო ფრაზას გაისვრიან, ან კადრი იქნება ისეთი, რომ არ უნდა გაუშვა და მოკლედ, სულ მზად უნდა იყო-მეთქი. ხოდა, ამჯერადაც გამოვტოვე დიდებული კადრი. ნიკა გუჯეჯიანის ხმა ისმის, სადაც ამბობს, რომ „ძალა ერთიანობაშია და არა – ერთნაირობაში“, კადრები იცვლება, წკაპ! და ვკითხულობ ტექსტს: „აქ იყო ნიკა“. ნიკამ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მითხრა, რომ ნებისმიერ საქმეში პროცესი ხიბლავდა და შესაძლო შედეგებზე მოლოდინებს არ იქმნიდა, რადგან ეს უკანასკნელი მის აღმოჩენების რეჟიმს (Exploration Mode-ს) კლავდა.

ხოდა, მოლოდინების შექმნისგან გათავისუფლების მცდელობაც სწორედ ამ საუბრის შემდეგ დავიწყე.

შავი ზღვის სარეკლამო ფესტივალი უკვე მეხუთედ დასრულდა.

Ad Black Sea-ზე თანამონაწილეობის ჩემი პირველი გამოცდილების შედეგები კი ასეთია: კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიყვარს, კიდევ უფრო შემაყვარა ამ სფერომ თავი და ცოტათი უფრო თამამი გავხდი.

ხოდა ასე… ამის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა.

საჭირო ბმულები:
პირველი დღე;
მეორე დღე

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა