YouTube-ზე რეკლამების ჭარბი რაოდენობა ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან შემაწუხებელია — მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმეტესობის გადახვევა არ შეგვიძლია. სწორედ ამით „სარგებლობს“ პლატფორმა და მომხმარებელთა ნაწილს არწმუნებს, ყოველთვიურად 14 დოლარად პრემიუმ ვერსიით ისარგებლონ. ნაწილი კი ამ ყველაფრის გვერდის ავლით ეძებს გამოსავალს, რაც ძირითადად ad block-ის სახით გვხვდება.
ბოლო დღეებში სწორედ ამ უკანასკნელის გამოყენებისას აწყდებიან გარკვეულ ხარვეზებს — მომხმარებლები აქტიურად ჩივიან შენელებულ სიჩქარეზე, ვიდეოს ჩატვირთვის დროის დიდ ხანგრძლივობაზე. მეტიც, ისეთ პრობლემებზეც საუბრობენ, როგორებიცაა ვიდეოს სრულ ეკრანზე გადიდების შეუძლებლობა ან თეატრალურ რეჟიმზე გადასვლა. ამისათვის ყოველ ჯერზე გვერდის დარეფრეშება სჭირდებათ. ad block-ის გამორთვის შემთხვევაში კი ყველა ეს ხარვეზი ქრება. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ყველასთან ერთნაირად არ ფიქსირდება პრობლემები.
კომპანიის წარმომადგენელი ჯერ კიდევ ნოემბერში საუბრობდა რეკლამის დამბლოკველი სისტემების წინააღმდეგ „ბრძოლაზე“. ასეთი ხარვეზები კი, ალბათ, სულ უფრო მეტ აბონენტს შეეხება. რეალურად, 2023 წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ ad block-ის გაქრობას — მაისში ბანერიც შექმნეს, რომელიც მომხმარებლებს მათ გამორთვას ან პრემიუმ სერვისზე გადასვლას სთხოვდა.
ახლა კი მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად იმოქმედებს ზემოხსენებული პრობლემები მომხმარებელთა ქცევის ცვლილებაზე.