აშშ, მილიონობით მაყურებელთან ერთად, სუპერთასის საყურებლად ემზადება. ერთი მხრივ, ეს არის სარეკლამო ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, წლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ მაყურებელთა გულშემატკივრობა, სპორტული ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მიუთითებს, რომ ბუნებრივად გაიზრდება კამპანიების სარეკლამო გავრცელებაც. კომპანიები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან სუპერთასისთვის, როდესაც რეკლამის მიმართ სპორტის გულშემატკივართა ყურადღება პიკს აღწევს. ამაზე მიუთითებს სარეკლამო განთავსების ფასიც, რომელიც წელს, 7 მილიონ დოლარს აღემატება. ეს იმ ფონზე, როცა რეკლამა პირველ სუპერთასზე, 1967 წელს – $37,500 ღირდა. წლევანდელი შეხვედრა Kansas City Chiefs-სა და Philadelphia Eagles-ს შორის გაიმართება.
მეორე მხრივ კი, საინტერესო ფაქტი უკავშირდება მაყურებლების აქტივობას. ამერიკის გეიმინგ ასოციაციის (AGA) მონაცემებით, სუპერთასის ფინალზე კანონიერი ფსონების ოდენობა რეკორდულ $1.39 მილიარდს მიაღწევს. წლების განმავლობაში, AGA ყველა ტიპის ფსონს აფასებდა, მათ შორის მეგობრულად დადებულს, ონლაინ ბუქმეიქერებში განთავსებულს და არალიცენზირებულ ტოტალიზატორებთან დადებულს. თუმცა, ბოლო წლებში, სპორტული აზარტული თამაშების ლეგალიზაციამ ასოციაციას შესაძლებლობა მისცა, კანონიერი ფსონების ცალკეული შეფასებები განეხორციელებინა, რაც ბაზრის მზარდ დინამიკაზე მეტყველებს.
წელს, სუპერთასზე მაყურებელთა ფინანსური ჩართულობა 11.2%-ით გაიზარდა, შედარებით 2023 წლის მონაცემებთან, როდესაც ლას-ვეგასში გამართულ მატჩზე $1.25 მილიარდი დაიდო.
AGA-ს პრეზიდენტმა, ბილ მილერმა, აღნიშნა, რომ სუპერთასი სპორტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამაერთიანებელი მოვლენა გახდა. წლევანდელი რეკორდული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მასშტაბურ პოპულარობას. მილერის თქმით, ლეგალური ბაზარი არა მხოლოდ მოთამაშეთა დაცვას უზრუნველყოფს, არამედ საგადასახადო შემოსავლის სახით ქვეყნის მასშტაბით უამრავი საზოგადოების კეთილდღეობას უწყობს ხელს.
2018 წელს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ სპორტულ ფსონებზე ფედერალური აკრძალვის გაუქმების შემდეგ, 38 შტატსა და კოლუმბიის ოლქში სპორტულ თამაშებზე ფსონის დადება ნაწილობრივ ან სრულად ლეგალური გახდა. ეს გადაწყვეტილება ბაზრის ოფიციალურ რეგულირებას და მომხმარებლების დაცვის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.
წლევანდელი სუპერთასი ნიუ ორლეანში გაიმართება, რაც ქალაქისთვის რეკორდული – მე-11 მასპინძლობის შემთხვევა იქნება. Kansas City Chiefs, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სუპერთასის ფინალში მეხუთედ გადის და მესამე ზედიზედ ტიტულის მოპოვებას ეცდება – რაც NFL-ის ისტორიაში უპრეცედენტო მიღწევა იქნება. მიუხედავად ამისა, Philadelphia Eagles, რომელიც 2023 წლის ფინალში ამავე მეტოქესთან დამარცხდა, ყველაფერს გააკეთებს რევანშის ასაღებად.
NFL-ის სეზონის ყველაზე დიდი მატჩი არა მხოლოდ სპორტული დაპირისპირებაა, არამედ უდიდესი ფინანსური მოვლენა, რომელიც მთელ ქვეყანაში აზარტული თამაშების ლეგალურ ინდუსტრიას ახალ სიმაღლეებზე აყავს.
წყარო: Fastcompany