ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ მარკეტინგულ სივრცეში Ad Summit Tbilisi გამოჩნდა და აუდიტორიას #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიებად დაამახსოვრა თავი. ის არამხოლოდ ციფრული მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს, არამედ მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი და მარკეტინგული ავტომატიზაცია, ბრენდის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, ინფლუენსერ მარკეტინგი და სხვა.
წელს, Ad Summit Tbilisi განახლებული ძალებით დაუბრუნდა სცენას და Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში უმასპინძლა სტუმრებს. ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge. სამიტმა 400-ზე მეტ სტუმარს მოუყარა თავი. სამიტმა ორი ძირითადი ვენიუ გააერთიანა – ერთი მხრივ, მთავარ სცენაზე აუდიტორიის წინაშე 20-ზე მეტი სპიკერი წარდგა, მეორე მხრივ კი, იყო ვორქშოპების სივრცე, რომელიც 20-ზე მასტერკლასსა და საკონკურსო ნაწილს მოიცავდა. კონკურსში მონაწილე გუნდებმა მიიღეს დავალებები და ჟიურის წინაშე წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. გამარჯვებულ გუნდს, თეონა ლეკიშვილისა და მარიამ ხუციშვილის შემადგენლობით, ჯილდოები და პარტნიორი კომპანიების საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ჩამოყალიბება ელენე ბიბილეიშვილის, ალექსანდრე ჩომახიძისა და გიგი კურტანიძის ინიციატივაა. არაერთი წელია, ისინი თავადაც ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიის ნაწილი არიან და საგანმანათლებლო კურსებისა და კონტენტის საშუალებით აუდიტორიას ცოდნის შეძენაში უწყობენ ხელს. ეს მიდგომა სამიტზეც საგრძნობია, Ad Summit Tbilisi ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო პლატფორმად, სადაც დამწყები და პროფესიონალი მარკეტერები ხვდებიან ერთმანეთს, უზიარებენ გამოცდილებას და ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს ეცნობიან.
Ad Summit Tbilisi-ის სტუმრებს დაგვხვდა გარემო, სადაც ახალი კონკრეტული ინსაითების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და ხელსაწყოების გაცნობა იყო შესაძლებელი. აქ მოისმენდით ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ბრენდის ციფრული განვითარების წარმატებული ქეისები, SearchGPT-ის მიმართულების განვითარება და ადაპტირება, აფილირებული მარკეტინგის ეფექტურად გამოყენება. არ გაგიკვირდებათ და, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკვანძო თემა AI გახლდათ. თუმცა, „გაციფრულების“ მიუხედავად, მარკეტინგს არ დაუკარგავს ემოციები – არაერთმა სპიკერმა გაამახვილა ყურადღება შედეგების მიღწევის პროცესში მომხმარებლის ემოციებზე და გულწრფელ ჩართულობაზე. ბრენდის ქცევა ხან კლასიკოსი მხატვრების ხელწერას შეადარეს, ხან კი ჭილაძისეულ ენაზე განგვიმარტეს, რომ არაფერი ვთქვათ აუდიტორიასთან ნდობისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე და ამ პროცესში ციფრული ხელსაწყოებისა და პლატფორმების მნიშვნელობაზე.
Ad Summit Tbilisi 2024, მარკეტერთან ერთად, წლევანდელი ღონისძიება სამიტის თანადამფუძნებელმა ელენე ბიბილეიშვილმა შეაფასა.
M: სამიტი უკვე მეორედ ჩატარდა. როგორ გაიზარდა ღონისძიების მასშტაბი Ad Summit Tbilisi 2024-ზე?
წინა წელთან შედარებით, ზრდა იყო იმ კუთხით, რომ დაახლოებით 500-მდე დამსწრე გვყავდა და გარდა მთავარი სცენისა, ათვისებული გვქონდა ვორქშოპების სივრცეც. შესაბამისად, ფარგლებში მთავარი სცენის პარალელურად მიმდინარეობდა პარტნოირი კომპანიის მასტერკლასი და ჩვენი კონკურსი – მთავარი მოვლენა ქართული ციფრული მარკეტინგის სამყაროში. ღონისძიებაზე ციფრული მარკეტინგის ადგილობრივი კონკურსი მოვაწყვეთ. წინასწარ რეგისტრირებული გუნდები 20 დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ჟიურის წინაშე ფიჩინგისთვის. ჩვენი ჟიურის წევრებს წარუდგინეს მომზადებული პრეზენტაციები და მათგან საუკეთესოს გადაეცა Ad Summit Tbilisi 2024-ის ჯილდო, ასევე საჩუქრები ჩვენი პარტნიორებისგან. ამას გარდა, წელს გვყავდა უცნობი სპიკერი, რომლის ვინაობაც მხოლოდ ღონისძიებაზე გამოვავლინეთ. ეს ჩვენი საჩუქარი იყო საზოგადოებისთვის, სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოსული AI in Marketing-ის ექსპერტი კარლოს როდერა, რომელიც ერთადერთი უცხოელი სპიკერი იყო წელს. არაჩეულებრივი სფიჩი და უდიდესი პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ზრდა იყო ძალიან დიდი, გამოწვევებით სავსე, თუმცა გავუმკლავდით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღონისძიება შედგა!
M: როგორ გამოიკვეთა Ad Summit Tbilisi-ის როლი ქართულ მარკეტინგულ სივრცეში?
სამიტის შექმნის იდეა თავიდანვე მოიცავდა, რომ პროფესიული მიგნებების და შთაგონების გაზიარების სივრცე შეგვექმნა. წელსაც გამოიკვეთა, რომ სამიტი სწორედ ამისთვის არსებობს. უამრავი ადამიანის უკუკავშირი მივიღეთ, რომ ღონისძიებიდან მოტივაციით, ინსპირაციით, ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დატვირთულები წავიდნენ. Ad Summit ნეთვორქინგის, ახალი მიგნებებისა და იდეების მიღების მედიუმია, რომელიც ციფრულ მარკეტინგით და მასთან მომიჯნავე ციფრულ სფეროებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალ ცოდნასა და გამოცდილებას სძენს. წელს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბევრმა კომპანიამ თუ ადამიანმა იპოვა ერთმანეთი, რამაც ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც გააჩინა.
M: როგორ შეაფასებთ Ad Summit Tbilisi 2024-ს?
ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ღონისძიებამ იდეალურად ჩაიარა! გამოწვევები, რისკები გვქონდა, რასაც სიფრთხილით ვეკიდებოდით, მაგრამ გადავლახეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივენთი შედგა. პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ, რაც ძალიან გვახარებს და კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს. წინ დიდი გეგმები გვაქვს და მალე, ყველაფერს დავაანონსებთ!
ავტორი: თამარ მეფარიშვილი