in

ადამიანები მთელი დღის მესამედს უთმობენ მობილურ აპლიკაციებს

დასკვნა App Annie-ს მონაცემებს ემყარება

აპლიკაციების მონიტორინგის კომპანია App Annie-ს მონაცემებით, ადამიანები მობილურ ტელეფონებთან დღეში საშუალოდ 4.8 საათს ატარებენ. 2020 წელს გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ Ofcom ფუჭად დაკარგული დროის ანალოგიური მაჩვენებელი გამოავლინა — თუმცა ამ შემთხვევაში კვლევა ტელევიზორის ყურებას მოიცავდა.

ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში მომხმარებლებმა 230 მილიარდჯერ გადმოწერეს აპლიკაციები და მათზე $170 მილიარდი დახარჯეს. ამასთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ აპლიკაციად TikTok დასახელდა — მომხმარებლები 2020-თან შედარებით, 90%-ით მეტ დროს ატარებდნენ მასში. მონიტორინგის კომპანიამ იწინასწარმეტყველა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის ტიკტოკი ყოველთვიურად 1.5 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს გადააჭარბებს.

“დიდი ეკრანი ნელ-ნელა კვდება, რადგან მობილური ტელეფონი განაგრძობს რეკორდების მოხსნას, თითქმის ყველა კატეგორიაში: დახარჯული დრო, ჩამოტვირთვები და შემოსავალი”, — ამბობს App Annie-ს აღმასრულებელი დირექტორი, თეოდორ კრანზი.

მართლაც, მობილურის მოხმარებაში დახარჯული საშუალო დრო (4 საათი და 48 წუთი) 30%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს. ეს ათი ბაზრის მაგალითზე გამოითვლება, მათ შორისაა ინდოეთი, თურქეთი, აშშ, იაპონია, მექსიკა, სინგაპური და კანადა. ხოლო ბრაზილიაში, ინდონეზიასა და სამხრეთ კორეაში მომხმარებლები დღეში ხუთ საათს აჭარბებდნენ.

გარდა ამისა, მოხსენების თანახმად, ყოველი 10 წუთიდან 7 იხარჯება სოციალურ, ფოტოგრაფიისა და ვიდეოს აპლიკაციებზე.

სარეკლამო ხარჯები მაღალია

მთლიანობაში, მობილური ეკოსისტემა ძალიან მდგრადია. ანგარიშის თანახმად, ორი მილიონი ახალი აპლიკაციითა და თამაშით, რომელიც 2021 წელს გამოვიდა, შემოსავალი 100 მილიონ დოლარზე მეტით, ანუ, 20%-ით გაიზარდა.

ვიდეოს თვალსაზრისით, YouTube ყველაზე პოპულარული აპლიკაცია აღმოჩნდა — 60 სხვადასხვა ქვეყანაში მილიონზე მეტი ჩამოტვირთვით. ხოლო ბევრ რეგიონში Netflix-მა მეორე ადგილი დაიკავა.

ამასთანავე, გაიზარდა მობილური თამაშების გამოყენების სიხშირე. რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე დახარჯულ თანხაზე, რომელიც 116 მილიარდ დოლარს აღწევს. განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი თამაშები, როგორიცაა Hair Challenge და Bridge Race.

მართალია, ბევრი მომხმარებელი წუხს თამაშებში გამოყენებული რეკლამების რაოდენობით, მაგრამ ეს რეკლამები ნამდვილად კარგად მუშაობს. გასული წლის გლობალური ხარჯები $295 მილიარდს აღემატება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ Apple-ის შიშები, რომლის მიხედვითაც, კონფიდენციალურობის დაცვა ზიანს აყენებს მობილურ რეკლამას, უსაფუძვლო აღმოჩნდა.

კვლევაში გამოვლენილი ზოგიერთი ტენდენცია უფრო ფართო ცვლილებებს ასახავს, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი. მაგალითად, ადამიანები დიდ დროს ატარებდნენ სავაჭრო აპლიკაციებში — 100 მილიარდ საათზე მეტს. ასევე, დიდი ზრდა იყო საკვებისა და სასმლის აპლიკაციებში, როგორიცაა UberEats და Grubhub. კვლევის მიხედვით, 2021 წელს მსგავს აპლიკაციებში სესიების რაოდენობა 194 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 50%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ცხადია, მოთხოვნა გაიზარდა ჯანმრთელობისა და ფიტნესის აპლიკაციების მიმართაც, რადგან პანდემიურ პირობებში ადამიანებს სპორტულ დარბაზებში სიარულის პრობლემა შეექმნათ. მენტალური ჯანმრთელობის კუთხით კი მეტი ყურადღება დაეთმო მედიტაციის აპლიკაციებს — 27%-იანი ზრდა განიცადა აპლიკაციებმა Headspace და Calm.

ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ გაცნობის აპლიკაციის ხარჯებმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 95%-ით მეტია 2018 წელთან შედარებით.

და, რაღა თქმა უნდა, დიდი მოთხოვნაა Covid-19-თან დაკავშირებული აპლიკაციებისადმი… იქნება ეს მწვანე პასპორტები თუ უბრალოდ შესაბამისი ინფორმაციის თვალყურის დევნება. მაგალითად,  გაერთიანებული სამეფოს NHS აპლიკაცია, რომელიც ვაქცინაციის ჩანაწერებს ემსახურება, სრულად აცრილი მოსახლეობის 71%-მა  ჩამოტვირთა.

SoStereo-მ ღვინო მუსიკით დააძველა

სამი რეჟისორის მიერ შექმნილი კამპანია – საიუველირო ბრენდ Tous-ისთვის