როდესაც თბილისში, პეკინის 41 ნომერში, სასტუმრო „ეპიზოდში“ მოხვდები, პირველი, რასაც აუცილებლად იგრძნობ, ერთმანეთთან სრულიად ბუნებრივად შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანური ემოციებით სავსე გარემოა.
საბჭოთა კავშირის დროინდელ სტუდენტურ საცხოვრებელში, ახლა იმ ადამიანების ცხოვრებისეული ეპიზოდები იქმნება, რომლებიც საქართველოს, ძირითადად, ბიზნეს ვიზიტით სტუმრობენ.
ამ შენობაში სხვადასხვა დროს მუდმივად არსებობდა რომელიმე ბრენდული სასტუმროს გაფართოების იდეა, თუმცა, გუნდმა ბევრად ამბიციური მიზანი დაისახა და ბაზარზე სრულიად ახალი ნიშა გააჩინა.
დიდ ბრიტანეთში, ქოვენთრის უნივერსიტეტში, სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მიღებული ცოდნა, სხვადასხვა სასტუმროში დაგროვილი სამუშაო გამოცდილება და საკუთარი იდეები, ამ სივრცეში ნიკა ჩერქეზიშვილმა გუნდთან ერთად გააერთიანა და რეგიონში პირველად შეიქმნა სასტუმრო, სადაც სერვისმა ციფრულ მედიუმში გადაინაცვლა.
ნიკამ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაინახა ბიზნეს მოგზაურობაზე გათვლილი დასარჩენი სივრცის საჭიროება. ამასობაში კი, მთელ მსოფლიოში დადგა რეალობა, სადაც დისტანციურად და სასურველი ლოკაციიდან მუშაობა შესაძლებელი გახდა.
„ჩვენი იდეა იყო შეგვექმნა სასტუმრო, სადაც ადამიანებს არა ფუფუნების საგნებს, არამედ კონკრეტულად მუშაობისთვის საჭირო ფუფუნებას დავახვედრებდით. მაგალითად, ტექნიკით აღჭურვილ საერთო სამუშაო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. ჩვენს სტუმრებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ ზედმეტი ნივთები. მათი მთავარი საჭიროება კომფორტულ გარემოში მუშაობაა. ამ მიმართულების სასტუმროს ზუსტი ანალოგი არ არსებობს. ჩვენი ინტელექტუალური რესურსით – უნიკალური კონცეფცია, ქართველი დეველოპერების დახმარებით კი, პროგრამა შევქმენით“, – ნიკა ჩერქეზიშვილი, სასტუმრო „ეპიზოდის“ მმართველი პარტნიორი.
„ეპიზოდში“ სასტუმროს ტრადიციული მიმღები – kiosk-მა, bell boys – EpViser-ებმა, გასაღები კი ტელეფონში ჩამოტვირთულმა აპლიკაციამ ჩაანაცვლა. პროცესში მხოლოდ სტუმრის სურვილის ან კითხვის არსებობის შემთხვევაში ერთვება EpViser, რომელსაც, სასტუმროს ციფრული კონცეფციის მიუხედავად, შეუცვლელი როლი აქვს და აქ მოსული სტუმრისთვის, კეთილგანწყობილი მრჩეველი და მასპინძელია. სწორედ ამიტომ, „ეპიზოდში“ ტექნოლოგიურ მომსახურებასთან და პროდუქტებთან ერთად, თანამედროვე და განსხვავებული მიდგომით ირჩევენ გუნდის მომავალ წევრებსაც.
„ჩვენ ადამიანების არა გამოცდილება, არამედ მათი იდეები და მისწრაფებები გვაინტერესებს. ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, რომლებიც საინტერესო სტუდენტებს გვაცნობენ. ამ ადამიანების აღმოჩენა ძალიან მაგარი პროცესია. ჩვენი გასაუბრება არასოდესაა სტანდარტული. ვცდილობთ, აქეთ დაგვისვან კითხვები. სტუდენტები უკვე ისეთი ხედვით მოდიან, რომ ხშირად, გასაუბრების დროს, ერთად აღმოგვიჩენია, რომ კონკრეტულ პოზიციაზე მოსული ადამიანი, სხვა როლზე უფრო ბედნიერი იქნებოდა და იმ მიმართულებით დაგვისაქმებია. ჩვენი ყველაზე პატარა მენეჯერი დღეს 17 წლისაა. ასაკობრივი ზედა ან ქვედა ზღვარი არ გვაქვს დაწესებული. თუმცა, საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს ბრენდი ახალგაზრდებმა უნდა შექმნან“, – ნიკა ჩერქეზიშვილი.
სწორედ იმ ახალგაზრდების იდენტობის გამოსახატად, ვინც დღეს „ეპიზოდის“ ბრენდს ქმნიან, გუნდმა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის არატრადიციული, სრულად თანამშრომლებზე მორგებული უნიფორმის შექმნა გადაწყვიტა.
„ჩვენი გუნდის წევრები ახალგაზრდა ინოვატორები არიან, რომლებიც ყველა ახალ წამოწყებას ენთუზიაზმითა და სიხარულით უჭერენ მხარს. განსხვავებული ფორმების იდეაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი EpViser-ები გამოვკითხეთ. ყველა მათგანი ინდივიდია, განსხვავებული ცხოვრების სტილითა და ინტერესებით. ჩვენს წინაშე იყო დავალება – შეგვექმნა უნიფორმა, რომელიც ყველა მათგანისთვის თანაბრად კომფორტული და მისაღები იქნებოდა. საბოლოო უნიფორმის დიზაინი ჩვენით, დიზაინერის გარეშე შევქმენით“, – მილა კოპალეიშვილი, სასტუმრო „ეპიზოდის“ ბრენდ მენეჯერი.
22 წლის ანა ერთ-ერთია, ვინც სულ მალე, ახალი უნიფორმით დახვდება „ეპიზოდის“ სტუმრებს. სასტუმროში რამდენიმე თვის წინ, უმცროსი EpViser-ის პოზიციაზე მოსული, დღეს უკვე გუნდის ლიდერია.
„ახალი უნიფორმა ისეთი კომფორტული და თანამედროვეა, რომ მაშინვე გიჩნდება სურვილი – სამსახურის გარეთაც ჩაიცვა. მთავარი იყო, რომ ყველა ბედნიერი ვყოფილიყავით სამოსში, რომელიც სრულად გამოხატავს „ეპიზოდის“ კულტურასა და ღირებულებებს – მეგობრულ და თავისუფალ გარემოს. მე, მაგალითად, აქ მოსვლამდე მუშაობის მხოლოდ რამდენიმე თვიანი გამოცდილება მქონდა. გასაუბრებაზე მივხვდი, რომ ეძებდნენ ინდივიდს, საკუთარი იდეებითა და ხედვით და არა უბრალოდ დიდი სისტემის შემადგენელ რგოლს. სიახლეების არასოდეს მეშინოდა, თუმცა, ბევრი რაღაცის სწავლა დამჭირდა. ამ პროცესშიც გუნდი დამეხმარა. რთულია, გამოუცდელ ადამიანს იმდენად ენდო, რომ გუნდი ჩააბარო. მე კი მენდვნენ და წარმატებით გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. დღეს ჩემი მოვალეობაა ეფექტურად ვმართო გუნდის წევრების საჭიროებები. სერვისი ისეთი პროცესია, რომ შენი განწყობა, დამოკიდებულება და ცხოვრებისეული საზრუნავიც კი მაშინვე აისახება ხარისხზე. მე თვითონ ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, რომ არასოდეს მქონოდა სამუშაო პროცესში შეფერხება და ახლა იმავეს ვცდილობ ჩემი გუნდის წევრებისთვის. საბოლოო მიზანია მომხმარებელს მეგობრული გარემო დავახვედროთ. „ეპიზოდში“ მოსული სტუმარი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მას აქ მთელი გულით ელოდნენ“, – ანა აბულაძე, „ეპიზოდის“ EpViser-ების გუნდის ლიდერი.
და ბოლოს, ტექნოლოგიური და ციფრული განვითარების ეპოქაშიც კი, არსებობს უცვლელი ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ყოველთვის იქნება სტუმარმასპინძლობის მთავარი საფუძველი.
„ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა და იქნება ადამიანების ტექნოლოგიებით ჩანაცვლება. ჩვენ უბრალოდ რუტინული პროცესები გავხადეთ ავტომატიზებული და შედეგად, ადამიანებს დრო გავუთავისუფლეთ უფრო ღირებული საქმიანობებისთვის. იმის მაგივრად, რომ სტუმრებს რეგისტრაციისა და ანგარიშსწორების პროცესზე ვესაუბროთ – რასაც კომპიუტერიც შეასრულებს, ბევრად საინტერესოა გავუზიაროთ, მაგალითად, რა გამოცდილებები და შესაძლებლობები შეუძლიათ აღმოაჩინონ ჩვენს ქალაქში. ჩემი აზრით ის, რასაც ვერასოდეს ჩაანაცვლებს ტექნოლოგიები – ემოციაა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთში ვცვლით. მოგზაურობაც ხომ საბოლოოდ ესაა – დაუვიწყარი ემოციებისა და ეპიზოდების შეგროვება და გაზიარება“, – ნიკა ჩერქეზიშვილი.
[R]