ურთიერთობის დასაწყისში წარმართულ საუბრებს დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მომდევნო თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, ადამიანები ხშირად ინარჩუნებენ იმ შთაბეჭდილებებს, რაც შეიძლება დატოვონ საწყის ეტაპზე, როდესაც პირველად დაასრულებენ ვინმესთან საუბარს. საუბრის შემდეგ, ხშირად გვაქვს კითხვა – „მოვეწონე თუ უბრალოდ, თავაზიანი იყო?“ „ჩემი ქმედებები სასაცილო იყო თუ შეურაცხმყოფელი?“…
ამ კვლევისას, მკვლევრებს აინტერესებდათ, რამდენად შეიძლება აწუხებდეთ ადამიანებს, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებენ სხვებზე. თითქმის 10-წლიანი კვლევისა და ათიათასობით დაკვირვების შედეგად, მივიდნენ ამ პასუხამდე: ადამიანები სწორად ვერ აფასებენ რამდენად მოსწონთ ისინი სხვებს. ეს მიკერძოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ თანამშრომლობენ ისინი საქმეში.
კვლევებში მონაწილეები ესაუბრებოდნენ სრულიად უცნობ ადამიანებს. შემდეგ, ამბობდნენ, რამდენად მოეწონათ თანამოსაუბრე და რამდენად სჯეროდათ მათი ნამდვილობის. ზოგ შემთხვევაში პასუხად დაფიქსირდა მოწონება, ადამიანის უკეთ გაცნობის ინტერესი, დამეგობრების სურვილიც კი… ამან მკვლევრებს საშუალება მისცა შეედარებინათ, რამდენად სჯეროდათ ადამიანებს, რომ ისინი მოსწონთ სხვებს.
კვლევის პროცესში აღმოაჩინეს, რომ ადამიანები საუბრის შემდეგ ფიქრობდნენ, რომ თანამოსაუბრეზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს და ამაზე წუხდნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი ვერ აფასებდნენ სათანადოდ, საკუთარ შესაძლებლობებს. მათ ჰქონდათ ზედმეტად პესიმისტური შეხედულებები დატოვებული შთაბეჭდილებების შესახებ. ეს გარკვეულწილად უფსკრულს ჰგავს ილუზიასა და რეალობას შორის. ის შეიძლება უარყოფითად გაგრძელდეს მომდევნო საუბრებში. ეს კი აისახება არასათანადო თანამშრომლობაში, კომუნიკაციის ხარვეზებში და ა.შ.
საკუთარ თავზე ნეგატიურად ფოკუსირება
ადამიანებს უჭირთ იმაზე ფიქრი, რომ მათზე სხვები კარგს ფიქრობენ. ამაში მთავარი დამნაშავე მათი თვითკრიტიკული აზრებია. კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, სხვასთან თავდაპირველი საუბრის შემდეგ, ჩაეწერათ თავიანთი გამორჩეული ფრაზები, რომლებიც მათ თანამოსაუბრეს მოეწონებოდა. აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა წარმოდგენა საკუთარ თავზე ბევრად უფრო ნეგატიური იყო, ვიდრე მათი აზრები თანამოსაუბრეზე. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ რაღაცებს ცუდად აკეთებდნენ საუბრის დროს და ამან დააქვეითა მათი უნარი, დაენახათ, რამდენად მოსწონდათ ისინი სხვა ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითკრიტიკულ აზრებზე ფოკუსირებას შეიძლება ჰქონდეს სარგებელი – მაგალითად, საკუთარი შეცდომების გაცნობიერება და სწავლა, ეს გამოცდილება, ასევე, აიძულებს ადამიანებს მცდარად შეაფასონ სხვისი წარმოდგენა მათზე.
გადაიტანეთ ყურადღება
როგორ მოვიქცეთ, რომ სინამდვილე და ჩვენი წარმოსახვა ერთმანეთთან მაქსიმალურად დავამთხვიოთ? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, თუმცა როცა საქმე დიალოგს ეხება, კარგი იქნება თუკი თქვენი ყურადღების ფოკუსს სწორად გადაიტანთ. ეცადეთ იყოთ მიუკერძოებლად დაკვირვებული – გულწრფელად მოუსმინეთ პარტნიორს, დაუსვით შეკითხვები და გაიაზრეთ პასუხები. რაც უფრო მეტად ინტერესდებით სხვა ადამიანით და რაც უფრო ნაკლებად ხართ ფოკუსირებული საკუთარ თავზე, მით უკეთესი იქნება თქვენი საუბარი და მით უფრო ნაკლებად შეწუხდება თქვენი გონება იმაზე ფიქრით, თუ რას აკეთებთ არასწორად.
რა თქმა უნდა, თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. ადამიანების ყურადღება ბუნებრივად ბრუნდება საკუთარ თავთან და იმასთან, რისი გაკეთება შეეძლოთ უკეთ. მაგალითად, ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები არ ჰყვებიან ისტორიებს, რომლებიც შეიცავს მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციას. საბოლოო ჯამში, საუბრის დროს დაშვებული შეცდომები არ განაპირობებს იმ ნეგატიურ შეფასებებს, რისიც ადამიანებს ასე ეშინიათ. თქვენი თანამოსაუბრეებიც უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარი თავის წარმოჩენაზე საუბრის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად ვერც კი ამჩნევენ იმ შეცდომებს, რომლებზეც თქვენ ასე ფიქრობთ.
წყარო: HBR