in ,

ადამიანის გულის უჯრედებით შექმნილი “რობოთევზი” ბევრ საიდუმლოს ხსნის

ადამიანის გულის უჯრედებისგან დამზადებულ ხელოვნურ თევზს შეუძლია, გვასწავლოს, როგორ ფუნქციონირებს ეს ორგანო. როგორც იცით, ჩვენს გულს ე. წ. ავტომატიზმის ფუნქცია გააჩნია — მას ტვინის სიგნალების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ეს კოორდინირებულია ელექტრული სიგნალებით და გულის უჯრედის ქსოვილში მექანიკური უკუკავშირით. თუმცა ეს პროცესი მაინც არ არის ბოლომდე გასაგები…

M2
M2

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერმა კეიტ პარკერმა და მისმა კოლეგებმა ბიოჰიბრიდული თევზი შექმნეს — პლასტმასის, ჟელატინის და ადამიანის გულის უჯრედებისგან დამზადებული ორმხრივი ფარფლის გამოყენებით, რათა უკეთ გაეგოთ ეს ავტომატური ფიზიკური პროცესები.

“როდესაც მეცნიერები, რეგენერაციული მედიცინისთვის, ადამიანის გულების შექმნას ცდილობენ, ისინი მხოლოდ ანატომიის გამეორებაზე აკეთებენ აქცენტს… თუმცა არსებობს ბიოფიზიკური პრინციპები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია გულისთვის. კუნთების მარეგულირებელი კანონების გაგებით კი, შეგვიძლია, უკეთ ვუმკურნალოთ გულის დაავადებებს”, — ამბობს პარკერი.

როდესაც თევზი უჯრედულ კულტურაში მოათავსეს, მისი კუდის ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მხარე შეიკუმშა. ბიოჰიბრიდული თევზი 108 დღის განმავლობაში ცურავდა, რაც გულის 38 მილიონ დარტყმას უტოლდება. “პირველადი უჯრედები, რომლებიც ცხოველის ნამდვილი გულისგან იზოლირებულია, ორიდან ოთხ კვირამდე გადარჩება, თუ ყველაფერი კარგად წავა. ფაქტი, რომ შეგვიძლია, ეს მონაცემები იმ დონემდე გავაფართოოთ, რომელიც ზოგიერთი ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას უტოლდება, გასაოცარია”, — აღნიშნავს მკვლევარი მათიას გოტელი.

გარდა ამისა, მეცნიერები დიდი ხანია, ფიქრობენ, რომ როდესაც დარტყმებს შორის ადამიანის გული დუნდება, სისხლი პასიურად ავსებს პარკუჭებს… მაგრამ თევზის ფარფლების შეკუმშვა იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა, ეს უფრო აქტიური პროცესი იყოს.

პარკერის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმის შესწავლა, თუ როგორ შეიძლება ამ ნამუშევრის გამოყენება ხელოვნური გულის შესაქმნელად. ცხადია, კვლევა სათავეს დაუდებს სხვადასხვა დაავადების მკურნალობის უფრო დახვეწილ გზებსა და მეთოდებს.

მაშო მარგიშვილი: „NFT სამყაროში ჩასაბმელად ახლა ძალიან კარგი დროა და აი, რატომ…“

ადამიანი, რომელმაც უნაყოფო მიწა ტყედ გადააქცია