ნატალი ფრატო ინვესტიციას სწორედ იმ სტარტაპებში დებს, რომლებიც სათანადოდ ვერ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს, თუმცა კი, ის მათში პოტენციალს ხედავს და დამფუძნებლებთან გასაუბრებით წყვეტს, დააფინანსებს, თუ არა კონკრეტულ წამოწყებას.
გარდა ამისა, წერს იმაზე, ტექნოლოგია როგორ ცვლის ჩვენ გარშემო მსოფლიოს. ნატალი სპიკერიცაა და Tedx-ზე მისი გამოსვლის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ მარკეტერის მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა ყოფილიყო ის თემა, რომელსაც განიხილავს.
ნატალი თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელ უნარზე გვიყვება… უნარზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.
ნატალი ფრატო: გასულ წელს, სტარტაპის 273 დამფუძნებელს შევხვდი. როგორც ტექინვესტორს, ჩემი მიზანი მათში იმ პოტენციალის აღმოჩენას წარმოადგენდა, რომელიც მათ სამომავლო გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებოდა.
და გიფიქრიათ იმაზე, რა გაქცევთ კარგ დამფუძნებლად? – ესაა შეკითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ყოველდღე ვუსვამ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ესაა გამოცდილება, მაგალითად, Ivy League სკოლაში სწავლა? „ლურჯი ჩიპის“ მქონე კომპანიებში მუშაობა? („ლურჯი ჩიპები“ სამუშაო პროცესში იზიდავენ დამატებით ფინანსებს, კომპანიას უზრუნველყოფენ სასტარტო კაპიტალით) თუ რა?
კომპანიის ვიცეპრეზიდენტების აზრია, რომ კარგი დამფუძნებელი ემოციური ინტელექტის მაღალი კოეფიციენტით განისაზღვრება. ის, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია თანამშრომლებსა თუ კლიენტებთან ურთიერთობა.
თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. სტარტაპის დამფუძნებლების შესაფასებლად სულ სხვა კრიტერიუმი მაქვს და ეს არა ინტელექტის (IQ) ან ემოციური ინტელექტის (EQ) კოეფიციენტი, არამედ შემგუებლობა, ადაპტაციის უნარია. ის, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი გარდაუვალ ცვლილებებზე.
ადაპტურობა განვსაზღვროთ, როგორც ინტელექტის ფორმა (AQ) და მე მიმაჩნია, რომ მისი გაზომვაც შესაძლებელია, გამოცდაც და განვითარება. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, AQ არა მხოლოდ სტარტაპის დამფუძნებლებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის საჭირო უნარია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო ძალიან სრწაფი ტემპით ვითარდება. ცვლილებებთან შეგუება კი ისე გვჭირდება, როგორც აქამდე არასდროს, კაცობრიობის ისტორიაში.
ვახსენე, რომ ადაპტურობის გაზომვა შესაძლებელია და გეტყვით, რომ
სტარტაპის დამფუძნებლებთან შეხვედრის დროს, მათი ადაპტურობის გასაზომად 3 ხერხს ვიყენებ:
1. სამსახურებრივ გასაუბრებაზე, როგორც წესი, ეს შეკითხვა ისმება ხოლმე სხვადასხვა ვარიაციით ხომ: „მიამბეთ იმ დროზე, როცა…“ ასე არაა?
ადაპტურობის გასაზომ ინტერვიუში კი, აქცენტი წარსულის ნაცვლად, მომავალზე კეთდება. ასეთ დროს ვსვამ „რა მოხდება, თუ“ ტიპის შეკითხვებს. მინდა, მან, ვისაც ვესაუბრები, მომავლის რეალობის სხვადასხვა შესაძლებლობა დაინახოს. მისი პერსპექტივები თუ სხვადასხვანაირი სცენარის განვითარების დანახვის უნარი ძალიან სასარგებლო ინფორმაციას მომცემს ამ ადამიანზე.
IQ ტესტი გცდის, რა ინფორმაციას იღებ და როგორ იმახსოვრებ მას, ხოლო AQ გამოცდა ნიშნავს, რაღაც ჩარჩოში მოქცევით, როგორ შეძლებ სიტუაციით მანიპულირებას, კონკრეტული მიზნის მისაღწევად.
2. მეორე ხერხი არის იმ ადამიანის იმ მახასიათებლებზე დაკვირვება, რომელსაც ძველი ცოდნის დაკარგვისა და მისი ახლით შევსების პროცესისთვის მზაობა შეგვიძლია, ვუწოდოთ. ჩვენი ტვინის ახალი ინფორმაციებით შევსება ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან, როგორც კომპიუტერის დისკის გასუფთავება ხდება საჭირო, ასე უნდა მოვექცეთ ჩვენს ტვინებსაც.
გახსოვთ დესტინ სენდლინი? – ველოსიპედი პირიქით რომ დააპროგრამა – როცა საჭეს მარჯვნივ სწევდა, მარცხნივ მიდიოდა. ამას ის ზურგის ტვინის ველოსიპედს ეძახდა და დაახლოებით, 8 თვე დასჭირდა, მართვა რომ ესწავლა.
ის ფაქტი, რომ დესტინს შეეძლო, დაევიწყებინა ველოსიპედის მართვის ტრადიციული მეთოდი, სიგნალია იმისა, რომ რაღაც შესანიშნავ ადაპტურობის უნართან გვაქვს საქმე. და რაც აღსანიშნავია, თითოეულ ჩვენგანს აქვს საკმარისი მოცულობა იმისთვის, რომ ადაპტაციის უნარი განივითაროს. რა თქმა უნდა, თავდაუზოგავი შრომით.
განდის ავტობიოგრაფიის ბოლო გვერდი თუ გახსოვთ? სადაც ის წერს, რომ საკუთარი თავი ნულამდე, არაფრის ცოდნამდე უნდა მიიყვანოს. განდის ცხოვრება ხომ ძალიან საინტერესოა და მიუხედავად ამისა, ის მაინც ფიქრობდა, აზროვნების დაწყების საწყის ეტაპზე დაბრუნებულიყო. მასზეც, ასევე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მისი ადაპტურობის კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო.
3. რაც შეეხება მესამე ხერხს, ესაა ადამიანში აღმოჩენის სურვილის აღმოჩენა. 2000 წელს, ერთი კაცი გზას დაადგა ჯონ ანტიოქოსთან, BLOCKBUSTER-ის აღმასრულებელ დირექტორთან შესახვედრად და პარტნიორობა შესთავაზა. აღმასრულებელ დირექტორს გაეცინა და უთხრა, რომ არსებული მილიონობოთ კლიენტი ჰყავდა და ათასობით საცალო მაღაზიას ფლობდა და უბრალოდ, ფულზე სჭირდებოდა კონცენტრირება და არა – ონლაინმომსახურებაზე გადასვლა.
ადამიანი, რომელიც „ბლოკბასტერის“ CEO-ს შეხვდა, რიდ ჰასტინგსი, „ნეტფლიქსის“ აღმასრულებელი დირექტორი აღმოჩნდა.
2018 წელს, ნეტფლიქსს 15.8 მილიარდი დოლარი ჰქონდა შემოსავალი, მანამდე კი, 2010 წელს, BLOCKBUSTER გაკოტრდა, „ნეტფლიქსის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედერიდან 10 წლის შემდეგ.
მოკლედ რომ ვთქვათ, „ბლოკბასტერის“ აღმასრულებელი დირექტორი არსებულ ბიზნესმოდელზე იმდენად იყო ფოკუსირებული, რომ სხვა შესაძლო ვარიანტებს არც კი განიხილავდა. და ამგვარად, კომპანიის წარმატება მისი ადაპტურობის პოტენციალის მტერი გახდა.
მორალი: „ძალიან ნუ შეიყვარებ საკუთარ გამარჯვებებს. ნებისმიერ შემთხვევაში, პროაქტიულად უნდა გააგრძელო იმის ძიება, რამაც შესაძლოა, მომავალში ბოლო მოგიღოს“.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, უფრო ადაპტური გახდეს. ოღონდ, ამ უნარს უნდა შევხედოთ, როგორც კუნთს და ვავარჯიშოთ. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. მაგრამ გახსოვთ ხომ დასტინ სენდლინი? 8 თვე რომ მოუნდა ველოსიპედის მართვის ხელახლა სწავლას.
რომ შევაჯამოთ, ყველა შეხვედრაზე ამ სამ ხერხს ვიყენებ: ვიწყებ, „რა იქნება, თუ“ შეკითხვებით, შემდეგ ვაკვირდები, რამდენადაა მზაობა მუდმივად სწავლისა და აღმოჩენებისთვის.
დღეს უკვე ის რეალობაა, რომ IQ ან თუნდაც, EQ კი არა, არამედ AQ არის ყველაზე აუცილებელი მახასიათებელი. ის, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია არსებულ გამოწვევებთან ადაპტირება.