ევროპის არტ-დირექტორთა კლუბი ADC*E საფესტივალო სეზონისთვის ემზადება. ფესტივალი 30 ნოემბერსა და 1-ლ დეკემბერს ბარსელონაში გაიმართება და თავს მოუყრის ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებსა და დიზაინერებს მთელი მსოფლიოდან, ხელს შეუწყობს კრეატორებს შორის ხედვისა და გამოცდილების გაზიარებას. ეს ADC*E-ს 32-ე ღონისძიებაა. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია ვორქშოფები, კულტურული ტურები და დაჯილდოება, რომელიც დიზაინისა და რეკლამის სფეროს რჩეულ ნამუშევრებს გამოავლენს. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა “Agents of Change” (ცვლილებების აგენტები).
მსურველების საყურადღებოდ: ACAG-ის წევრ სააგენტოებს ფესტივალზე დასწრება სპეციალურ ფასად შეუძლიათ.
წლევანდელ ADC*E-ზე ჟიურის წევრებს შორის ორი ქართველია მიწვეული – ანანო მიმინოშვილი და გიორგი ავალიანი. ისინი უკვე ბარსელონაში იმყოფებიან, ნამუშევრების შესაფასებლად.
წელს, ADC*E გაერთიანდა The One Club for Creativity (TOCC)-თან და საკუთარ ძალისხმევას ერთობლივად მიმართავენ ევროპული კრეატიული ინდუსტრიის ზრდისკენ. ADC*E-ის გამარჯვებულები ჩაერთვებიან The One Club Global Creative Rankings-ში, რომელიც სააგენტოების, ბრენდებისა და კრეატიული პროფესიონალების გლობალურ რეიტინგს ჩამოაყალიბებს. შედეგად, ADC*E-ის კონკურსში გამარჯვებულებისთვის უფრო მეტი ხილვადობა იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, ADC*E-ს შეეძლება განავითაროს ისეთი პროგრამები, როგორებიცაა Creative Express და Agency Exchange შეერთებულ შტატებში, აზიასა და სხვა რეგიონებში.
საქართველოდან, ADC*E-ზე მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულებს შეუძლიათ. წელს, ფესტივალმა თანხმობა განაცხადა და ADC*E-ზე ასპარეზობა შეეძლებათ Ad Black Sea-ზე გამარჯვებულ მონაწილეებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
ADC*E აერთიანებს 21 პროფესიონალურ კლუბს და გრაფიკული დიზაინისა და რეკლამის ასოციაციას ევროპის 20 ქვეყნიდან: ავსტრია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, საქართველო, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. ორგანიზაცია ცდილობს ხელი შეუწყოს სრულყოფილებას გრაფიკულ დიზაინსა და სარეკლამო კრეატივში, ევროპის მასშტაბით. ასოციაცია წარმოადგენს დარგის 5000-ზე მეტ პროფესიონალს.