27 მარტს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით, თბილისში პირველად, გაიმართა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სარეკლამო და დიზაინ ფესტივალის ADC*E-ის (Art Directors Club Europe), ლოკალური ივენთი – ADCE Night Georgia, რომლის ფარგლებშიც თბილისს სპეციალური სტუმარი, ცნობილი საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოს BBDO აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი უკრაინასა და ცენტრალურ აზიაში – Anze Jereb ეწვია. Anze ADCE 2017-ის ჟიურის წევრი იყო, ღონისძიებაზე კი კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ თუ ამ მიმართულებით მოღვაწე ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნვია, რომ ADCE 2017-ზე, ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ WINDFOR’S, ნამუშევრით – Dinner With Georgia, სამი ვერცხლის ვარსკვლავი მოიპოვა. შეხვედრის ერთ-ერთი განხილვის თემა სწორედ, ეს ნამუშევარი გახლდათ. გთავაზობთ Anze Jereb-ის რამდენიმე აზრს, რომელიც მან ADCE Night Georgia-ზე დააფიქსირა:

„რატომ ვერ აიღო Dinner With Georgia-მ პირველი ადგილი? ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, საერთაშორისო ფესტივალებზე პირველ ადგილს იკავებენ კამპანიები, რომლებსაც აქვთ სოციალური მნიშვნელობა. მე პირადად, არ მომწონს ეს ტენდენცია“.
„ადამიანები ყიდულობენ ემოციებს და არა პროდუქტს. სარეკლამო ფესტივალებზეც იმარჯვებს ემოცია. ეს არის რეკლამის, როგორც მედია პროდუქტის ძალაუფლება – მართო/გამოიწვიო აღმქმელის ემოციები“.
„ძალიან კარგი რეკლამებიც კი ავიწყდებათ ადამიანებს. თვითონ, შემქმნელებსაც კი ავიწყდებათ, ამიტომაცაა სარეკლამო სფეროში მოღვაწე ადამიანების დიდი გამოწვევა მუდმივად შექმნან ახალი პროექტები, აიშენონ ახალი საფეხურები ახალი კიბეებისთვის“.

„თუნდაც, ჩემს პრაქტიკაში, დამკვეთების მნიშვნელოვანი უმრავლესობა უთმობს გაცილებით დიდ ყურადღებასა და დროს მობილური ტელეფონის მოდელის შერჩევას, ვიდრე იმაზე ფიქრს, თუ ვინ იზრუნებს მისი ბიზნესისა თუ პროდუქტის რეკლამაზე“.
„სარეკლამო სფეროში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სამი რამ – ბიზნესი, კრეატიულობა და ამ ორი კომპონენტის გათვალისწინების პირობებში, გადარჩენა“.
“მთელი რეგიონი მაქვს მოვლილი, ყველა ქვეყანა ვიცი თქვენ ირგვლივ და საქართველო არის ერთადერთი, სადაც საბჭოთა კავშირს ვერ ვგრძნობ. თქვენ ხართ ნამდვილი ევროპა, რეგიონის ბარსელონა!”









