პროფესიულ ცხოვრებაში იუმორის გამოყენება სირთულედ წარმოგვიდგება ხოლმე — თუნდაც უფროსთან ან იმ ბუღალტერთან, რომელსაც არასოდეს არაფერზე ეცინება. არადა, ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა სიტუაციას მორგებული ხუმრობა… აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიზანი არა თუ ხუმრობების თქმა ან სხვების გაცინება, არამედ ადამიანური კავშირების დამყარებაა.
საშუალოდ, თანამშრომლები სამუშაო დროის დაახლოებით 30%-ს ელექტრონულ ფოსტასთან ატარებენ — ისინი ყოველდღიურად 120 შეტყობინებას იღებენ. ხოლო Slack-ის ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 62% სამუშაო დღის სამ საათზე მეტს ატარებს აპლიკაციაში. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ციფრული მიმოწერა დამღლელი და შემაწუხებელი არ უნდა იყოს. პირიქით, ეს არის მცირე შესაძლებლობა კოლეგებთან და პარტნიორებთან დასაკავშირებლად, დასაახლოებლად — შესაძლოა, პატარა ხუმრობამ გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, რომელიც საერთო დინამიკას შეცვლის.
სტატიაში რამდენიმე მარტივი და პრაქტიკული გზაა მოცემული, რათა თქვენ მიერ გაგზავნილ წერილებს იუმორი შემატოთ:
1. დაამატეთ P.S.
პროფესორმა და მწერალმა ზიგფრიდ ვოგელემ, მეილების კვლევის სერიაში დაადგინა, რომ ადამიანების 90% „პოსტსკრიპტუმ ტექსტს“ წერილის წაკითხვამდე კითხულობს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი P.S. ადრესატის პირველი შთაბეჭდილება იქნება და არა — უკანასკნელი. სხვა სიტყვებით, ეს ბავშვების ოცნებას ჰგავს, როცა ვახშმის წინ დესერტს სულმოუთქმელად მიირთმევენ. ამავდროულად, P.S. ეფექტური გზაა სერიოზული ელ. ფოსტისთვის ცოტა იუმორის შესაძენად.
2. გაიხსენეთ საერთო მომენტები
სახალისო მომენტების გახსენება თქვენსა და ადრესატს შორის გაზიარებულ გამოცდილებას ეხება, რაც კონკრეტულ სიტუაციას იუმორისტულადაც აქცევს. ეს განსაკუთრებით ძლიერია — თითქოს პურის ცხობისას ცომს საფუარს ამატებთ და შედეგიც უკეთესია.
რეალურად, ნებისმიერი სახის საზიარო მომენტის გახსენება სასარგებლოა, თუმცა ბევრად ეფექტურია იუმორისტული ეპიზოდების მოგონება. ზოგიერთი ადამიანი შეგნებულადაც კი ინიშნავს და იმახსოვრებს სახალისო მომენტებს, რათა ხელსაყრელ დროს გამოიყენოს კავშირების გასამყარებლად. მათი გახსენება ნებისმიერ ელ. წერილში შეიძლება.
3. დაემშვიდობეთ თბილად
რა არის დამშვიდობება, რაც ასე არაკომფორტულად გვაგრძნობინებს თავს? ჩვენ ვიპარებით წვეულებიდან, ვერიდებით გამოსამშვიდობებელ სცენებს და ხშირად გვირჩევნია, შეუმჩნევლად გავერიდოთ სიტუაციას. სამსახურშიც ასე ხდება ხოლმე — მაგრამ ის, თუ როგორ ემშვიდობებით კოლეგებს, შთაბეჭდილების დიდ ნაწილზე მოქმედებს. ფსიქოლოგიური პრინციპი სახელწოდებით „პიკის ბოლო წესი“ განმარტავს, რომ მომენტები, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ, არის ემოციურად ყველაზე ინტენსიური და ბოლო. ეს ნიშნავს, რომ წასვლის შემდეგ ხალხს ორი ძირითადი რამ ახსოვს: დიდი საინტერესო პროექტი, რომელზეც მუშაობდით და როგორ დაემშვიდობეთ ბოლოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამოსამშვიდობებელი სიტყვა უნდა იყოს ცოტა ემოციური, დასამახსოვრებელი და იუმორსაც უნდა შეიცავდეს.