in

„ადგილი დაკავებულია!“ – ნატალია ლუჩანინოვას #აზრები

საკვირაო სკოლა „რებუსის“ თანადამფუძნებელი / დირექტორი

ყველა სფეროში შემიძლია გამოვყო ეფექტური, დასამახსოვრებელი და ემოციურად ძლიერი სარეკლამო კამპანია, მაგრამ მე, ჩემი #აზრები უფრო სარგებლის მომტანი მინდა გავხადო და იმ სოციალურ პრობლემას დავუთმო, რომელიც კვლავაც აქტუალური რჩება ჩვენს ყოველდღიურობაში.

მახსოვს, პარასკევი დილა იყო, არსად მეჩქარებოდა და ჩვეულებას არ ვუღალატე,  Facebook-ის სქროლვას შევუდექი; მალევე გადავაწყდი მარკეტერის პოსტს, რომელსაც ბევრი ჩემი მეგობარი ოვაციებით აზიარებდა. დღემდე მახსოვს ყველა ის შეგრძნება, რაც სტატიის მთავარი ფოტოს ნახვისას დამეუფლა.გავხსენი ლინკი და ძალიან ძლიერ, ემოციურ და სწორად მორგებულ სოციალურ კამპანიას გავეცანი – „ადგილი დაკავებულია!“ თბილისის ცენტრალურ ადგილას ავტომობილებისთვის მოხაზული საპარკინგე ადგილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ ეტლებს დაეკავებინათ, ხოლო მათთვის მონიშნული ადგილები თავისუფალი იყო.

გაგიჟებამდე მომეწონა იდეა, მისი დროულობა, და კიდევ უფრო მეტად, ის ფაქტი, რომ ეს არ იყო მორიგი ქართულად ნათარგმნი „ნიუსი“, ეს იყო ძალიან ლოკალურ პრობლემაზე დასაფიქრებლად გამართული პროტესტი და ამ ყველაფრის უკან ორი ქართული კომპანია (JWT Metro და „სიცოცხლის ხე“) იდგა.

კამპანიის ეფექტურობის გასაზომად ისიც საკმარისი იყო, რომ  Facebook feed სამი დღის მანძილზე მხოლოდ „ადგილი დაკავებულიათი“ საზრდოობდა. პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე არც ერთი პასუხისმგებელი პირისთვის არ გახდა სამიზნე, ახლა უკვე სახალხო დამცველის მხრიდანაც საყურადღებო გახდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კამპანიამ ბევრისთვის გახადა საპარკინგე ზოლის არაკეთილსინდისიერად გამოყენება სასირცხვო და მდაბიო საქციელად, მათ შორის, ჩემთვის. 

საკვირაო სკოლა „რებუსის“ თანადამფუძნებელი / დირექტორი

მართალია, სულ რამდენჯერმე თუ მისარგებლია „სხვისი“ ადგილით, მაგრამ ახლა, წამითაც არ დავუშვებ იქ მანქანის გაჩერებას, ან პანდუსის ჩაკეტვას ჩემი პირადი კომფორტისთვის. ყველასათვის ცხადზე ცხადი უნდა იყოს, რომ მანქანებზე ლურჯი სტიკერი არ არის პრივილეგია, ეს მძღოლებისთვის აუცილებლობაა და ჩვენდა საბედნიეროდ, მათთვის მოხაზულ საპარკინგე ადგილებს ისინი კანონის საფუძველზეც იმსახურებენ.

მჯერა, რომ როცა ქართველები სხვისი პირადი სივრცის პატივისცემასა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას შევძლებთ, მაშინ ეშველება ჩვენს ქვეყანას! და რა ვიცი, იქნებ გაბრწყინდეს კიდეც

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა, რომლითაც მოგზაურობას გადაწყვეტთ – Peugeot-ის ვიდეორგოლი

საჭმლის როლი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში – PLUS-ის ვიდეორგოლი