ამაზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა სულ ტყუილად, ლაპარაკი მართლაც რომ მნიშვნელოვანია. ბევრ ადამიანს აწუხებს ADHD, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ – ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, მაგრამ მაინც ახერხებენ, რომ იყვნენ წარმატებულნი თავიანთ სფეროში, შექმნან საინტერესო პროექტები და იყვნენ აქტიური კონტენტკრეატორები. ფაქტორების ამ კომბინაციამ შეიძლება საქმის კეთება გაართულოს, თუმცა არსებობს მეთოდები და ხელსაწყოები, რომლებიც დაგვეხმარება.
თუ თვლით, რომ ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია და გაინტერესებთ წარმატებული კრეატორების გამოცდილება, დარჩით ჩვენთან, საინტერესო მაგალითებით, რჩევებს გაგიზიარებთ.
დავიწყოთ იმით, რომ კონტენტის რეგულარულად შექმნა, მით უმეტეს, თუ სრული განაკვეთით სხვაგან მუშაობთ, ძალიან დიდი ფუფუნებაა, რადგან უამრავ დროს, ფიქრსა და შესრულებას მოითხოვს. თუ ამ ყველაფერს კიდევ ADHD-ც ემატება, საქმე კიდევ რთულდება. სანამ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, გეტყვით, რომ ჯობს, ეს საკითხი პირველად თქვენს ექიმთან გაიაროთ, თუმცა ჩვენ გამოცდილი მაგალითებითაც დაგეხმარებით.
კარგი, მაგრამ არა იდეალური
ADHD და პერფექციონიზმი ხშირად ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რაღაცას რომ გააკეთებთ, შემდეგ უსასრულოდ არედაქტირებთ, რადგან ფიქრობთ, რომ იდეალური მაინც არ არის. ეს შეიძლება მართლა სულ გაგრძელდეს, ამიტომ ჯობს, დევიზად აიღოთ შემდეგი: დასრულება უკეთესია, ვიდრე იდეალურის ლოდინი.
ეს რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ვიდეოს დამონტაჟებისას ან ტექსტური პოსტის წერისას დროის ლიმიტი დააწესეთ. ზოგჯერ კი საჭიროა, უბრალოდ, დროულად დააჭიროთ გამოქვეყნების ღილაკს, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ კონტენტი კარგია და არა იდეალური.
ყველაფერი ჩაიწერეთ, როგორც კი შთაგონება მოგეძალებათ
ADHD-ს მქონე ადამიანები არ უჩივიან ახალ-ახალ იდეებს, რომლებიც მარტო მუშაობის დროს კი არა, ყველგან შეიძლება გაჩნდეს: სეირნობისას, ჭამისას, სპორტდარბაზში ვარჯიშისას და ყველგან. ცუდი ისაა, რომ თუ ამ იდეებს ეგრევე არ ჩაუღრმავდებით, ისინი მალევე ქრება. ყველაფერი ჩაიწერეთ, როგორც კი შთაგონება მოგეძალებათ. ამისთვის შეგიძლიათ, სხვადასხვა აპლიკაციაც გამოიყენოთ ან ყველაზე მარტივად, უცებ ტელეფონის „ნოუთებში” დატოვოთ ჩანაწერი.
იძულებითი კრეატივი
ყველაზე მეტად ADHD-ს იძულება არ უყვარს. დროის კარგვაა საათობით ჯდომა და ისეთი რაღაცის მოფიქრება, რაც გენიალური იქნება. ამ სინდრომის მქონე ადამიანს ფორმაში ყოფნა სჭირდება, რომ ახალი სუნთქვა გაეხსნას. ზემოთ ნახსენები იდეების ჩაწერაც სწორედ ამ მომენტისთვის არის. ჩაწერილი იდეები მაშინ დაგეხმარებათ, როცა რაღაც კრეატიული აუცილებლად გაქვთ შესაქმნელი და იმ მომენტში ფორმაში არ ხართ.
ბლოკების თემატიზაცია
გააკეთეთ თემატური ბლოკები და მასში მოაქციეთ სხვადასხვა შინაარსი, განსახორციელებელი საქმეების ნუსხა და სხვა დეტალები. გამოიყენეთ ამისთვის სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებიც ჩანაწერების გაკეთებისა და კატეგორიებად დაყოფის საშუალებას მოგცემთ, თუნდაც, Asana ან რაიმე მსგავსი ინტერფეისის მქონე ხელსაწყო. დაასათაურეთ ბლოკი, მაგალითად, კონტენტი ხელოვნებისთვის და ქვემოთ გაწერეთ იდეები, რომლებიც ამ კატეგორიაში მოგივათ, ასევე, გასაკეთებელი საქმეების ნუსხა მხოლოდ ამ ბლოკის თემატიკის გარშემო.
ამასთან, შექმენით ცალკე ბლოკი, ასევე სათაურით და შიგნით გაწერილი ნუსხით. ეს მიდგომა ძალიან დაგეხმარებათ, რომ თქვენი ყურადღება ფოკუსირებული იყოს. როცა რომელიმე სამუშაოს შესრულება დაგჭირდებათ, გამოაღებთ ამ „უჯრას” და ნახავთ, რა გაქვთ გასაკეთებელი.
გამოიყენეთ ტაიმერები
ADHD-ს ერთ-ერთი მინუსი ისაა, რომ ზოგჯერ დროს ვერ აკონტროლებთ, ამიტომ გირჩევთ ტაიმერების გამოყენებას. მაგალითად, ვიდეოს მონტაჟისთვის 60-წუთიანი ტაიმერი დააყენეთ და თქვენი ტვინი ფოკუსირდება მარტივ გამოსავალზე, როგორ იპოვოს საჭირო ხელსაწყოები, ფერები თუ ეფექტები ისე, რომ ამ დროში ჩაეტიოს. როცა ამას არ აკეთებთ და უსასრულო დროით ამონტაჟებთ ვიდეოს, არასოდეს დამთავრდება რაღაც იმაზე უკეთესი ვარიანტის პოვნა, ვიდრე უკვე ნახეთ და ასე დრო გაგეპარებათ. თუ ეს თქვენი სამუშაოს ნაწილია და არა უბრალოდ, გასართობი, მიიღებთ საყვედურს, რაც არ გესიამოვნებათ.
სამუშაო გარემო – მნიშვნელოვანი ფაქტორი!
ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გარემოში მუშაობთ. ADHD-იანი ადამიანებისთვის ჰამაკში წამოწოლა და ისე მუშაობა ხშირად არაა პროდუქტიული, რადგან ამ დროს მათი ტვინი დუნდება და ვერ ფოკუსირდება სამუშაოზე. ჯობს იყოს საწერი მაგიდა, კომპიუტერი, ბლოკნოტი, კალამი, სანათი, ყველაფერი, რაც, სტანდარტულად, სამუშაო სივრცეს ქმნის და მუშაობისთვის განგაწყობთ. ეს გეხმარებათ, ასე ვთქვათ, ჩაკეტოთ სიტუაცია და გააქტიუროთ სამუშაო რეჟიმი.
შექმნის რეჟიმი სხვა არის და მოხმარებისა სხვა
კონტენტის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერი თავად სოციალური მედიის პლატფორმებია. მაგალითად, ხსნით ტიკტოკს და ათვალიერებთ ტრენდულ ვიდეოებს, აუდიოებს, ამ დროს კი შეიძლება 2 საათი გავიდეს.
დაუთმეთ დრო პოსტების დაგეგმვას, ვიდეოების სცენარის დაწერას და სხვა. ჯერ შეასრულეთ ის, რაც აუცილებელია, ხოლო მოგვიანებით დაიტოვეთ დრო, როგორც მომხმარებელმა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ სხვისი კონტენტიც დაათვალიეროთ და იდეები გაიჩინოთ.
ყველაფრის დალაგება შესაძლებელია, რაც ერთი შეხედვით არეულად და ქაოსურად გეჩვენებათ. მოიწყვეთ თქვენი შემოქმედებითი სივრცე და არ ეცადოთ საკუთარი თავის შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ADHD გაქვთ, უბრალოდ, შეცვალეთ თქვენი სამუშაო გარემო და წესები.













