გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ მუშაობის მოტივაციას ვერ პოულობთ? ზოგიერთ ექსპერტს თუ დავუჯერებთ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ასეთია: ჩვენი ბრაუზერები ფოკუსირებაზე არ არის მორგებული. მიუხედავად ამისა, ისინი ბევრი ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია… ამიტომაც, სტარტაპმა შექმნა „პროდუქტიული ბრაუზერი“, სახელწოდებით Sidekick — ეს უკანასკნელი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) ყველა დარღვევას აღმოფხვრის.
ADHD-ის მქონე ადამიანები წლიური შეჯამებით, დაახლოებით, 22 პროდუქტიულ დღეს კარგავენ… თანაც, ეს სინდრომი არც ისე იშვიათია — 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 139.84 მილიონს აღენიშნება, 366.33 მილიონს კი ცალკეული სიმპტომები აქვს. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, ზემოთ ხსენებული ბრაუზერი ბევრი ჩვენგანისთვის ერთგვარი „შვება“ იქნება. მის შემქმნელსაც კი, დმიტრი პუშკარევს, რომელიც ადრე Amazon-ის ტექნოლოგიების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი იყო, ADHD აქვს — შესაბამისად, ზუსტად იცის, რა სჭირდებათ ასეთ დროს ადამიანებს.
განცხადების მიხედვით, Sidekick, ეს არის უსწრაფესო ბრაუზერი, რომელიც მუშაობს როგორც ოპერაციული სისტემა. ამავდროულად, სრულად იცავს მომხმარებლების მონაცემებს. „ტრადიციული ბრაუზერები მოუხერხებელია ონლაინ მუშაობისთვის. მათი გამოყენებისას, ვერ ვახერხებთ საქმეზე ფოკუსირებას და რთულია ეფექტური ნავიგაცია. თანაც, ბევრი ფანჯრის გახსნა არა მხოლოდ კომპიუტერის მუშაობას აფერხებს, არამედ ტვინის ნერვულ ცენტრებზეც ცუდად მოქმედებს“, — აღნიშნავს სტარტაპი.
საგულისხმოა, რომ Sidekick „გუგლ ქრომის“ უკანასკნელ ვერსიაზეა დაფუძნებული, მაგრამ სამჯერ სწრაფია. ამავდროულად, მას რეკლამების დაბლოკვის სისტემაც აქვს, რომელიც მომხმარებელთა კონფიდენციალურობას იცავს. ყურადღების გაფანტვის შესამცირებლად კი, Sidekick-მა დაამატა ჩანართების საკიდი, რომელიც ინდივიდების ჩვევებს სწავლობს, რათა საჭირო ვებგვერდები შეინახოს. გარდა ამისა, აქვს ე. წ. მეხსიერების ოპტიმიზაცია, რომლის მეშვეობითაც, მსგავსი გვერდები ჯგუფდება.
ხოლო მათთვის, ვინც მაინც ყურადღების მეტ დეფიციტს განიცდის, ბრაუზერს Focus Mode Timer აქვს — ის გარკვეული პერიოდით ნოტიფიკაციებს ბლოკავს. აქვე ჩაშენებულია Task Manager, დღის განმავლობაში საქმეების გადასანაწილებლად.