ზრდასრულებში ADHD (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი) ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. უკვე დიდი ხანია, ფსიქოლოგები მის გლობალურ ხასიათზე საუბრობენ, რასაც უახლესი კვლევაც ადასტურებს — ამავდროულად, გამოიკვეთა საეჭვოდ სწრაფი, მასშტაბური ზრდა.
დეტალებზე რომ გადავიდეთ, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 57 კვლევა შეისწავლა და მათ საფუძველზე დადგინდა, რომ დაახლოებით 180 000 000 ზრდასრულს აქვს ADHD. „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან თუ სათანადოდ არ ვუმკურნალებთ, გრძელვადიანი სოციალური, ფიზიკური თუ მენტალური გამოწვევების სათავედ იქცევა“, — ამბობს კურტინის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი როზა ალატი. თანაც, სამწუხაროდ, ADHD-ის მქონე ადამიანებში სამჯერ ხშირია სუიციდური ფიქრები…
ზოგიერთ ადამიანში ყველაზე პრობლემურ გამოვლინებად ქრონიკული უძილობა სახელდება, რაც ავტომატურად იწვევს სხვა გართულებებს. „აშკარაა, რომ ადამიანთა უმეტესობა საკმარის ყურადღებას არ უთმობს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს. შესაბამისად, ვერც მკურნალობენ — თანაც დიაგნოსტიკური გამოწვევებიც არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვათ მკურნალობის ტიპების ნაკლებობაზე. ალბათ, ბევრი ჩვენგანის გონებაში ჩაინერგა აზრი, თითქოს, ADHD სრულიად მისაღები, ნორმალური მოვლენაა და უბრალოდ ჰიპერაქტიურ ადამიანებს ახასიათებს“, — განმარტავს კურტინის უნივერსიტეტის ფსიქიატრი და ეპიდემიოლოგი გეტინეტ აიანო.
მართალია, ADHD ჩვეულებრივ ბავშვებთან ასოცირდება, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, ზრდასრულებში უფრო მეტად შინაგანი შფოთვით გამოიხატება, რასაც უმეტესად შესაბამისი თერაპიებით მკურნალობენ. უბრალოდ, ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის გავრცელების მასშტაბი ამ ეტაპზე არსებულ რესურსებს არ ემთხვევა და აუცილებლად მეტი ყურადღება უნდა მიიმართოს ADHD-ის მკურნალობისკენ…













