Adidas, ეკოლოგიაზე ზრუნვისა და მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს – 2024 წლისთვის, კომპანია აპირებს, პროდუქცია, გადამუშავებული პოლიესტერით აწარმოოს. ზოგადად, ბრენდი აქტიურად იყენებს მეორად მასალებს, რამდენიმე წელია, Parley for the Oceans-თან თანამშრომლობს და კოლექციების ნაწილს, ოკეანეებსა და მის სანაპიროებზე შეგროვებული პლასტმასას ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ნედლეულით ქმნის. მაგალითად, წელს, ამ მასალით შეკერილ 11 000 წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს. თუმცა, როგორც ჩანს, სპორტული ბრენდს გაცილებით ამბიციური გეგმები აქვს და სურს, 5 წლის შემდეგ, წარმოებაში, მხოლოდ მეორადი პოლიესტერი გამოიყენოს.
Adweek-ის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ სადაც Adidas-ს პოლიესტერის დასჭირდება, მხოლოდ გადამუშავებულ, მეორად ნედლეულს გამოიყენებს, რაც ბრენდის საერთო მასალების 50%-ია. გამოცემის ცნობით, ეკოლოგიასა და გარემოს მდგრად განვითარებაზე ზრუნვა ბრენდმა 1987 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ კი პერმანენტულად ცდილობს, წარმოება, ამ კუთხით, განავითაროს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბრენდის 100%-ით გადამუშავებადი და მეორადი გამოყენებისთვის ვარგისი მასალით შეკერილი სარბენი ფეხსაცმელი, რომელიც ბაზარზე 2021 წელს გამოვა.
ამერიკაში, სპორტულ, სარბენ ფეხსაცმელზე მოთხოვნის ზრდას, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიისადმი ბრენდების ასეთი მიდგომა უწყობს ხელს. Credence Research-ის მონაცემებით, 2017 წელს, ამ ტიპის პროდუქციის ბაზრის ღირებულება $222.4 მილიარდი იყო, 2026 წლისთვის კი, ექსპერტების თქმით, წლიური 3.1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.