in

Adidas-მა ლაშა ყანჩაველი Product Owner-ის პოზიციაზე მიიწვია

სულ რამდენიმე დღეში, ციფრული პროდუქტების სპეციალისტი ლაშა ყანჩაველი ამსტერდამში დაიდებს ბინას და Adidas-ის (დიახ, იმ Adidas-ის) Product Owner-ის პოზიციას ოფიციალურად დაიკავებს. ციფრულ პროდუქტებზე რამდენიმე წელია, რაც მუშაობს. საქმიანობა ვებდეველოპმენტით დაიწყო, ეტაპობრივად კი პროდუქტის მენეჯმენტში გადაინაცვლა. მუშაობდა თიბისის ბიზნეს მობაილ-ბანკსა და ახალ ბიზნეს ინტერნეტ-ბანკზე. როგორც თავად აღნიშნავს, ეს გამორჩეული პროფესიული ტრანსფორმაცია იყო, რამაც გუნდური მუშაობა, ლიდერშიფი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტების შექმნა ასწავლა. Adidas-თან შეხება დროებით თანამშრომლობით დაიწყო, რასაც მოგვიანებით კორპორაციისგან შემოთავაზება მოყვა. ლაშა დათანხმდა და სულ ცოტა ხანში, Adidas-ის გუნდის წევრი ოფიციალურად გახდება.

M: როგორ დაიწყო Adidas-თან თანამშრომლობა და რა ეტაპები გაიარე კომპანიაში მოსახვედრად?

თიბისიდან ერთი წლის წინ წამოვედი, საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მისაღებად. ამ დროს მოვხვდი ადიდასის პროექტზე, როგორც Product Owner. სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებული დეველოფმენთ გუნდთან ერთად, ადიდასის ვებ და მობაილ აპლიკაციებისთვის, რამდენიმე ციფრული გადაწყვეტა შევქმენით. ამ პერიოდში დავესწარი რამოდენიმე ვორქშოფს ადიდასის სათაო ოფისში, ამსტერდამში, უფრო ახლოს გავიცანი ადამიანები, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და მეტად შევიგრძენი სამუშაო დინამიკა.

რამოდენიმე თვის წინ მივიღე შემოთავაზება იმავე პოზიციაზე, ამჯერად უკვე ადიდასის თანამშრომლად. გასაუბრების პროცესი ალბათ ცოტათი განსხვავებული იყო სტანდარტულისგან, რადგან ერთად უკვე გვქონდა ნამუშევარი და მიცნობდნენ. თუმცა რამოდენიმე ეტაპი მაინც გავიარე HR სქრინინგიდან დაწყებული, ციფრული ფროდაქთ დირექტორთან გასაუბრებით დამთავრებული.

M: რას მოიცავს შენი ახლანდელი პოზიცია Adidas-ში?

ჩემი მთავარი საქმიანობაა კონკრეტული ციფრული მიმართულების ოუნერშიფი, პროდუქტის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა, სთეიქჰოლდერების მენეჯმენტი და იმ მთავარი მიზნების მიღწევაში გუნდის წარმართვა, რომლებსაც ადიდასი ისახავს. კონკრეტულად პროდუქტი, რომელზეც ვმუშაობ მიმართულია პერსონალიზაციაზე და მომხმარებლისთვის შთაბეჭდილების შექმნაზე – როდესაც აპლიკაციაში ან ვებგვერდზე შედის – მთელი გამოცდილება მასზეა მორგებული. ეს ერთი მხრივ, მომხმარებელს ეხმარება მარტივად იპოვოს თავისთვის სასურველი პროდუქტი, მეორე მხრივ, კომპანიას – გაზარდოს გაყიდვები, ქროს-სელი, ლოიალობა და ბედნიერება მომხმარებლებში.

M: სამუშაო გარემოს თვალსაზრისით, რას გამოარჩევდი?

სამუშაო გარემოზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ოფიციალურად ადიდასის ოფისში 15 ივლისს გავალ, მაგრამ ნამყოფი ვარ რამოდენიმე ვორქშოფზე და ზოგადი წარმოდგენა მაქვს. პირველ რიგში ალბათ უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა პროექტზე მუშაობის გამოცდილების მიუხედავად – ამხელა მასშტაბის კომპანიაში არასოდეს ვყოფილვარ. პროდუქტზე მუშაობისას, სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან ურთიერთობის დროს ვხვდები, რომ ადიდასი წარმოდგენილია თითქმის მსოფლიოს ყველა რეგიონში და ქვეყანაში. შესაბამისად, თვითონ კომპანიაც მულტინაციონალურია. საინტერესოა ასეთ გარემოში მუშაობა. გარდა ამისა, ძალიან ჯანსაღი გარემოა, რაც სათაო ოფისის მოწყობასაც ეტყობა. მთელი ოფისი ისეა განაწილებული, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, თავისუფალ დროს სპორტს დაუთმოს დროს (ოფისშივე), ჯანსაღად იკვებოს და მთელი სამუშაო პროცესი სასიამოვნო ვითარებაში წარმართოს. ყველა თანამშრომელს ეტყობა ბრენდისა და ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა.

M: რა არის შენთვის ახალი ამ საქმიანობის სპეციფიკაში?

ახალი და საინტერესო ჩემთვის ის არის, რომ ვმუშაობ sportswear manufacturer კომპანიაში, მაგრამ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აღქმა მაქვს, რომ ტექნოლოგიურ კომპანიაში ვარ. რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ციფრულ სამყაროში გადასვლას ცდილობს, მაგრამ მაინც გასაკვირია, რამდენად წინ არის ადიდასი ამ მხრივ და როგორ აქვს მთელი სტრატეგია ციფრულ განვითარებაზე მორგებული.

ამ ეტაპზე, ამსტერდამში რელოკაციის ეტაპზე ვარ, თუმცა 15 ივლისიდან მაქვს ოფიციალურად სამუშაოს დაწყების თარიღი და ამ თარიღამდე გადავბარგდები.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სილქროუდ ჯგუფის განცხადება

თბილისის „დაუნთაუნი“ – ახალი ტურისტული სივრცე და ბიზნესუბანი დედაქალაქის ცენტრში