in

Adidas-ის ახალი, მზის ენერგიაზე მომუშავე ყურსასმენი!

RPT-02 SOL ყურსასმენები კომპანიის მდგრადი განვითარების ძალისხმევის ნაწილია

“თუ გსურთ იგრძნოთ, რომ უკეთესი მომავლის მოძრაობის ნაწილი ხართ, ეს თქვენთვის სასურველი ყურსასმენებია”. ალბათ, ეს საკმაოდ ხმამაღალი და “მხატვრული” განცხადებაა ყურსასმენებთან მიმართებით… თუმცა ეს ნათლად უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გუსტაფ როსელი, Zound Industries-ის პროდუქტისა და ინოვაციების უფროსი ხელმძღვანელი, Adidas RPT-02 SOL ყურსასმენებს.

Liffit
Liffit

მართალია, Adidas-ს ძირითადად სპორტული ტანსაცმლის ხაზით ვიცნობთ, მაგრამ Zound Industries-თან პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია ყურსასმენების შექმნაზე მუშაობს. “როდესაც საქმე ტექნიკას ეხება, მისია საუკეთესო აუდიო პროდუქტების გამოყენებაა” – აღნიშნავს გუსტავ როსელი.

უნდა აღინიშნოს, რომ ადიდასს მდგრადი განვითარების თვალსაზრისით დიდი მიზნები აქვს. მაგალითად, ის უკვე იყენებს მხოლოდ მდგრად ბამბას და 2024 წლიდან პროდუქტებში გადამუშავებულ პოლიესტერს გამოიყენებს. ასევე, 2050 წლისთვის კომპანია მიზნად ისახავს, კლიმატურად ნეიტრალური იყოს. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია ახალი RPT-02 SOL ყურსასმენები.

RPT-02 SOL ყურსასმენები

Adidas და Zound Industries მიიჩნევენ, რომ ყურსასმენები “ცირკულარულ პროდუქტად” ითვლება – ეს ახალი ყურსასმენები არა მხოლოდ შეიქმნება გადამუშავებული მასალის მაღალი პროცენტული გამოყენებით, არამედ თავადაც მარტივად გადამუშავებადი იქნება. მასალის მდგრადობა ეხება მის შეფუთვასაც, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება პლასტმასისგან.

ამასთან, ყურსასმენის დამუხტვა სინათლით იქნება შესაძლებელი (ისევე, როგორც სტანდარტული Type-C კაბელით). მზის ენერგიის გამოყენება სულაც არ წარმოადგენს ინოვაციურ სიახლეს და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რით არის გამორჩეული ეს უკანასკნელი?

“ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყურსასმენი ნებისმიერი სინათლით იკვებება. რა თქმა უნდა, მზის პირდაპირი სხივი ყველაზე ძლიერი წყარო იქნება, მაგრამ ენერგიის გამომუშავება შესაძლებელია როგორც ოთხის განათებით, ისე ფანჯარასთან ახლოს განთავსებით”– განმარტავს როსელი. თავის მხრივ, ტექნოლოგიის ასეთი გადაწყვეტა ხელს უწყობს “მარადიულ მოხმარებას” – 80 საათის განმავლობაში მისი დამუხტვის პრობლემა არ შეგაწუხებთ…

გამოწვევები

ძნელი წარმოსადგენია, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომ 80 საათიანი მუშაობის დრო არ გეყოთ… მაგრამ როგორია RPT-02 SOL ყურსასმენების წარმოებაში არსებული სხვა გამოწვევები?

“სხვა გამოწვევებს უმეტესწილად მექანიკური მხარე წარმოადგენს. გვსურს, ჩვენმა ყურსასმენებმა არა მხოლოდ ჩვეულებრივ გარემოში შეძლოს მუშაობა, არამედ მძიმე დატვირთვასაც გაუძლოს, თუნდაც სავარჯიშო დარბაზებში”.

გარდა ამისა, Adidas და Zound Industries იმაზეც ზრუნავენ, როგორ შეიძლება ყურსასმენს დამუხტვის პროცესიც კი სახალისო და გარკვეულწილად მამოტივირებელი იყოს. კერძოდ, მოწყობილობაზე სინათლის ინდიკატორია განთავსებული, რომელიც მომხმარებელს ვიზუალურ უკუკავშირს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგად იმუხტება ის სხვადასხვა სინათლის პირობებში.

ასევე, ყურსასმენი აპლიკაციის მეშვეობით თავად გირჩევთ, სად სჯობს მისი განთავსება, რათა უკეთ დაიმუხტოს. ამან, შესაძლოა, მზეზე ვარჯიშსაც შეუწყოს ხელი.

რაც შეეხება ხმაურის დახშობას, როსელის თქმით, RPT-02 SOL-ს არ ექნება ეს ფუნქცია, რაც ძირითადად დიზაინმა განაპირობა. თუმცა, შესაძლოა, ეს სამომავლო ვერსიებში შეიცვალოს.

როდის იქნება RPT-02 SOL გლობალურად ხელმისაწვდომი?

როგორც კომპანიები იუწყებიან, პროექტის ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია და მას 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა ველოდეთ. ყურსასმენის სავარაუდო ფასი 199-დან 229 დოლარამდე იქნება, თუმცა საბოლოო პასუხს მისი ჩაშვების დროისთვის გავიგებთ.

ნახეთ: წლის რამდენიმე საუკეთესო ასტრონომიული ფოტო

პატარა, იაფი, ეკონომიური ქალაქის მანქანა – Mini-ს ისტორია