Adidas კვლავ აგრძელებს ზრუნვას ინკლუზიური სამყაროს შექმნაზე და ამჯერად ეტლით მოსარგებლე ადამიანებს სთავაზობს კალათბურთის ფორმებს. უფრო კონკრეტულად, ეს ინოვაციური ნაკრები Adaptive Sports Northwest (ASNW) პარტნიორობის ფარგლებში PNW Reign-ის ქალთა კალათბურთის გუნდისთვის სპეციალურად შექმნეს. თუმცა აქამდე Adidas Innovation-ის გუნდმა დიდი გზა განვლო ეტლით მოსარგებლე სპორტსმენებთან ერთად, რომელთა უკუკავშირის გათვალისწინებით შეიქმნა სპეციალური კომპლექტები, ასე ფორმებიც მეტად დახვეწილი გახდა და სიჩქარეც გაუმჯობესდა.
„სპორტსმენები პირველად გახდნენ მთლიანი პროცესის ნაწილი. მათ ნახეს ამ ნამუშევრის მიღმა არსებული ადამიანები, მათი ძალისხმევა თითოეული ინტერაქციისას და მონდომება საუკეთესო პროდუქტის საპოვნელად ეტლით მოსარგებლე კალათბურთის მოთამაშეებისთვის“, — აცხადებს ჯენიფერ არმბუსტერი, ASNW-ის ხელმძღვანელი.
ეს ნაბიჯი კი კვლავ ემსახურება ადიდასის მიზანს, გახადოს ტანსაცმელი ყველა სპორტსმენისთვის ხელმისაწვდომი. 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროსაც გვაჩვენეს, რომ თავიანთი ტანსაცმლის 86% იმ დიზაინის პრინციპებით შეიქმნა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოერგებოდა, მიუხედავად მისი უნარებისა.
ახალი ერგონომიული უნიფორმები ისე შეიქმნა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის მეტად კომფორტული იყოს. მეტი გამძლეობისთვის მსუბუქი ნაქსოვი მასალისგანაა შექმნილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მიზნად ისახავდნენ მოუხერხებელი ტანსაცმლის პრობლემის გადაჭრას, რომელსაც ჩვეულებრივ სთავაზობდნენ ეტლით მოსარგებლე სპორტსმენებს.
„იმ ღია დისკუსიებიდან, რომლებიც თითქმის 200 სპეციალური საჭიროების მქონე სპორტსმენთან გვქონდა, მკაფიო იყო, რომ მთავარი გამოწვევა წლების მანძილზე გადაუჭრელი რჩებოდა — ეტლით მოსარგებლე მოთამაშეებს ეცვათ ისეთი ფორმები, როგორებიც ფეხზე მდგომებს, ეს უკანასკნელი კი მათ საჭიროებებს არ აკმაყოფილებდა. ამ უნიფორმების შექმნით საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ მათ, რომელიც დაეხმარებათ, თავი მეტად კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნონ“, — განმარტავს ბეატრიჩე ფულერი, Adidas-იდან.
ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში კალათბურთის ეტლით მოსარგებლე 100 000-ზე მეტი მოთამაშეა და ეს დიდი ნაბიჯია მეტად ინკლუზიური სპორტული ლანდშაფტის შესაქმნელად.