3
Jul
2019

Adidas-ის კამპანია რასიზმისა და ანტისემიტიზმის პლატფორმად იქცა

3 Jul 2019

Adidas საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა – სოციალურ მედიაში დაწყებული ახალი კამპანიის გამო, ბრენდი, რასიზმისა და ანტისემიტიზმის გავრცელებაში დაადანაშაულეს. CNN-ის ინფორმაციით, კომპანიამ წინდაუხედავი გზავნილებით ,შეურაცხყოფა მიაყენა ათი ათასობით მომხმარებელს. საფეხბურთო კლუბ „არსენალისთვის“ შექმნილი კოლექციის მხარდასაჭერად, „ადიდასმა“ Twitter-ზე განათავსა მაისურები, გაზიარებისას კი იმ „ექაუნთის“ სახელს წერდა, ვისაც ახალი მაისურები მოეწონა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანმა სპეციალურად შეიცვალა სოციალურ ქსელში სახელი და საბოლოოდ, სპორტული ბრენდის სარეკლამო პოსტებზე ანტისემიტური და რასისტული წარწერები გაჩნდა, მათ შორის „უდანაშაულო ჰიტლერი“, „ჰოლოკოსტი“ და ა.შ. ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათ პრეტენზიები Adidas-ის მიმართ გამოთქვეს. 

ახალი კოლექციის მაისურებზე ასევე გამოჩნდა წარწერები Hillsborough (1986 წელს მომხდარი კატასტროფა, რომლის დროსაც ჰილსბოროუს სტადიონზე ფეხბურთის 96 ფანი ჭყლეტვაში გაიგუდა) და Madeleine McCann (ბრიტანელი ბიჭი, რომელიც 2007 წელს პორტუგალიაში უგზო-უკვლოდ დაიკარგა).

ყველა ეს შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული სახელი სოციალურ მედიაში საერთო გზავნილით “This is home. Welcome to the squad” (ეს სახლია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გუნდში) გავრცელდა.

მოგვიანებით, Adidas-ის წარმომადგენლებმა Twitter-ზე განთავსებული პოსტები აიღეს და სარეკლამო კამპანია შეწყვიტეს. კომპანიის პრესსპიკერმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ „არსენალთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, უბრალოდ, სურდათ, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი სახელი და გვარი გამოესახათ საყვარელი გუნდის მაისურებზე. 

„გარკვეული მცირე ჯგუფის გამო, ვინც შეურაცხმყოფელი გზავნილებისთვის გამოიყენეს ეს კამპანია, ფუნქციონალი გავთიშეთ. Twitter-ის ხელმძღვანელობა უკვე იძიებს ამ ფაქტს“. 

თავად სოციალური ქსელის წარმომადგენლებს, მომხდარზე, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„კიდევ ერთი საკითხია, რატომ აქვთ შესაძლებლობა „ტვიტერის“ მომხმარებლებს, ანტისემიტური და რასისტული სახელები დაირქვან?! თუმცა, ზოგიერთმა, სპეციალურად, ორთოგრაფიული შეცდომით დაწერა ეს სიტყვები, რომ მათი გამოაშკარავება და ბრალდების დამტკიცება ვერ მომხდარიყო“, – წერს CNN.

განხილვა