in

15 წლიანი კოლაბორაციის შემდეგ ადიდასი რიბოკის გაყიდვას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, რიბოკის შეძენით ჰიპ-ჰოპის წარმომადგენელი, Master P და NBA-ს ყოფილი კალათბურთელი, ბარონ დეივისი არიან დაინტერესებულები.

Sporti
Sporti

15 წლიანი კოლაბორაციის შემდეგ ადიდასმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რიბოკს გაყიდის. კომპანია სულ მალე ახალ სტრატეგიას წარადგენს. როგორც ამბობენ, სამომავლო გეგმებში რიბოკი არ შედის, შესაბამისად, 2005 წელს დაწყებული თანამშრომლობა, დაახლოებით, მარტის დასაწყისში დასრულდება.

რიბოკი, ძირითადად, ფიტნეს სექტორზე იყო მიმართული, რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „დიდ ავიაციას“ უბრუნდება და იტალიური „რომას“ ტექნიკური სპონსორი ხდება, თუმცა დედაქალაქურმა კლუბმა მალევე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს კვლავ ნაიკი შემოსავს.

აღნიშნული კოლაბორაცია, როგორც ზემოთ ვთქვით, 2005 წელს დაიწყო, თუმცა მანამდე რიბოკი ცალკე პოზიციონირებდა.1985 წელს, ბოლტონში დაწყებული ისტორია გერმანულ გიგანტთან 3.8 მილიარდ დოლარიანი შეთანხმებითა და გასხვისებით დაგვირგვინდა.

ამ შეთანხმებამდე რიბოკს ნამდვილად ზეობის პერიოდი ჰქონდა, კომპანია იმ პერიოდში ლეგენდარული „ლივერპულის“ ტექნიკური სპონსორი იყო და გარდა მერსესაიდელებისა, ამ ბრენდის მაისურებით თავს „მანჩესტერ სიტი“, „ბოლტონი“ და „ვესტ-ჰემი“ იწონებდნენ.

რიბოკმა გასულ წელს, 1.7 მილიარდის შემოსავლები მიიღო, რაც ადიდასის მთავარი შემოსავლის მხოლოდ 8 % იყო, გერმანული მხარის მიერ რიბოკის შესაძლო გასხვისების შესახებ ჭორები რამდენიმე წლის წინაც გამოჩნდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ გამართლა. წელს კი, როგორც ჩანს, ეს პროცესი გარდაუვალია, კომპანია მალე 2021 წლის სტრატეგიულ გეგმას ოფიციალურად წარადგენს, ამ გეგმებში კი რიბოკი არ შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, რიბოკის შეძენით ჰიპ-ჰოპის წარმომადგენელი, Master P და NBA-ს ყოფილი კალათბურთელი, ბარონ დეივისი არიან დაინტერესებულები. გარიგების სავარაუდო ღირებულებად კი – 2.4 მილიარდი ამერიკული დოლარი სახელდება.


რატომაა ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

სინამდვილე ზღაპრებს მიღმა, ანუ „შენიას“ #შეცდომები