Adidas-ის ეს კამპანია 2023 წლის ივნისში, Cannes Lions-ის შემოქმედებით ფესტივალზე ერთ-ერთი გრან პრის მფლობელი გახდა, Direct კატეგორიაში. Runner 321-მა არა მხოლოდ კრეატიული ჯილდო დაიმსახურა, არამედ მიიპყრო აუდიტორიის ყურადღება მთელ მსოფლიოში. ამჯერად, მოგიყვებით Adidas-ის Runner 321 კამპანიის სტრატეგიულ მიდგომაზე, კრეატივსა და შედეგებზე, რამაც მას წლის გამორჩეულ კამპანიებს შორის მოაპოვებინა ადგილი.
პრობლემა, რომლის მოგვარებასაც Runner 321 კამპანია მიზნად ისახავდა იყო მარათონის ხელახალი გადაფასება და სპორტსმენების ახალი თაობის შთაგონება. მიუხედავად იმისა, რომ Adidas ცნობილი ბრენდია სპორტული ტანსაცმლის ინდუსტრიაში, კამპანიამ თანამედროვე მორბენალთა მოლოდინები განსხვავებულად დაინახა. კამპანიის საშუალებით, Adidas-მა გადაწყვიტა გაეზარდა დაუნის სინდრომის ადამიანების ხილვადობა ამ ტიპის სპორტში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, Adidas-მა კრეატიულ სააგენტო FCB Canada-სთან და რეჟისორ ჯეისონ ვან ბრუგენთან ერთად, კამპანია წამოიწყო. ხშირად, როდესაც ჩვენ ვგულშემატკივრობთ სპორტს, გვამახსოვრდება ის სიმბოლური ნომერი, რომელიც მისთვისაა ხოლმე დამახასიათებელი. კამპანიის შთაგონებად იქცა კრის ნიკიჩი, სპორტსმენი – ტრიათლეტი, მარათონელი და მსოფლიოში პირველი „რკინის კაცი“ დაუნის სინდრომით. მას მიანიჭეს ნომერი (BIB 321) და ერთად დაიწყეს მომზადება ბოსტონის მარათონისთვის. საინტერესო დეტალი სწორედ ნომერია – 321 აღნიშნავს ქრომოსომას, რომელიც განაპირობებს დაუნის სინდრომს. ბრენდს გაუჩნდა სურვილი, რომ ათლეტებს სამომავლოდაც ჰქონოდათ მარათონზე სიმბოლური ნომრით, BIB 321-ით ასპარეზობის საშუალება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების 95%-ს აქვს ტრისომია 21 – 21-ე ქრომოსომის სრული ასლი, სამი – ორის ნაცვლად. შესაბამისად, ეს რიცხვი სიმბოლურია დაუნის სინდრომის საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სამ მარტს – 03/21.
კრეატიულ გუნდს სურდა შეექმნა სტიმული ადამიანებისთვის. სურდათ, რომ უამრავ ათლეტს შორის მათი მარათონელი გამორჩეული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ აირჩიეს BIB 321, დააკავშირეს დაუნის სინდრომის საზოგადოებასთან და კამპანიის საკვანძო წერტილად აქციეს.
Adidas-მა მოუწოდა მსხვილ მარათონებს, შეექმნათ BIB 321 ნომერი და გამოეყოთ ისინი დაუნის სინდრომის მქონე ათლეტებისთვის. მთლიანობაში, მსოფლიოს 6 უდიდესი მარათონი ჩაერთო ამ ინიციატივაში. Adidas-მა საკუთარ ვებგვერდზე დაამატა განყოფილება Runner 321-თვის და შექმნა მოსამზადებელი გარემო დაუნის სინდრომის მქონე ათლეტებისთვის. პროექტში 278 ათლეტი ჩაერთო.