Adidas და მისი სლოგანი Just do it ყველასთვის საყოველთაოდაა ცნობილი. მისი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. Adidas-მა მოახერხა და შექმნა ბრენდი, რომელიც ცხოვრების სტილის შეცვლასთან და შთაგონებასთან არის ასოცირებული. გმირის არქეტიპით წარმოდგენილი ეს ბრენდი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც გზას ახალი სამყაროსკენ.
ბევრმა არ იცის, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტი ბიზნესში, ასევე განთქმული ბრენდი Puma, Adidas-ის დამფუძნებლის ძმის დაფუძნებული კომპანიაა. ეს ფაქტი თავისთავად საინტერესოს ხდის ამ ბრენდის ისტორიას, რომელსაც, ტრადიციულად, „ბიზნესისტორიების” ფარგლებში მოვყვებით.
ადოლფ დასლერი
Adidas-ის დამფუძნებელი ადოლფ დასლერია. ეს ის შემთხვევაა, როცა ბრენდის ისტორია არ არსებობს მისი დამფუძნებლის გარეშე, ამიტომ ადოლფის ცხოვრების რამდენიმე დეტალს გვერდს ვერ ავუვლით. მიუხედავად იმისა, რომ ის ღარიბი მეწაღე იყო, ის ბევრს მუშაობდა, რათა Adidas შეექმნა.
ადოლფ დასლერი 1900 წელს გერმანიაში დაიბადა. მისი მამა ფეხსაცმელებს კერავდა, დედა კი მრეცხავი იყო. ადოლფმა ფორმალური განათლება მიიღო, რომელიც 1913 წელს უკვე დაასრულა და მამის კვალს გაჰყვა.
გაჭირვება და გამოგონება
ადოლფი ფეხსაცმელებს დედის სამრეცხაოს უკან, პატარა ოთახში კერავდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა, იმ დროს ელექტროენერგიის მიწოდებაც წყვეტილად ხდებოდა, ამიტომ, საქმიანობა რომ გაეგრძელებინა, მან თავისი სამკერვალო მანქანების ენერგია გამოიყენა, რომელსაც სტაციონარულ ველოსიპედებს უერთებდა. ამასთან ერთად, ის ომში გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობის ნამსხვრევებს აგროვებდა იმ იმედით, რომ იპოვიდა მასალებს, რომლებიც გამოიყენებოდა ფეხსაცმლის დასამზადებლად. ის იყენებდა ნებისმიერ რამეს, რასაც იპოვიდა: სამხედრო ფორმას, ჩაფხუტებს, მანქანის საბურავებს, პარაშუტებს და ა.შ.
ადოლფ დასლერს ყოველთვის სურდა სპორტული ფეხსაცმლის დამზადება, რადგან ის თავად იყო სპორტის მოყვარული. მუშაობისას ის ხშირად ატარებდა ექსპერიმენტებს, რომლითაც ხარისხიანი სპორტული ფეხსაცმლის დამზადებას ცდილობდა.
ძმასთან შეერთება
1924 წლის ივლისში ბიზნესს მისი უფროსი ძმა რუდოლფ დასლერი შეუერთდა. იგი ორი წლით უფროსი იყო ადოლფზე და კარგი სამუშაო გამოცდილება გააჩნდა, რადგან მუშაობდა ფაიფურის ქარხანასა და ტყავის საწარმოში ნიურნბერგში. ძმები გაერთიანდნენ, როგორც კომპანია და Dassler Brothers Shoe Factory დაირქვეს.
თავდაპირველად ისინი ერთმანეთს ავსებდნენ, რადგან ადოლფი ფეხსაცმლის შესანიშნავი და მშვიდი ხელოსანი იყო, ხოლო რუდოლფი – კარგი მარკეტერი, გამყიდველი და ექსტრავერტი ბუნების ადამიანი.
მათი ბიზნესი კარგად აეწყო, ისინი მშვენიერ პარტნიორობას იჩენდნენ, რამაც იმოქმედა კიდეც იმაზე, რომ მათი სპორტული ფეხსაცმელი საკმაოდ პოპულარული გახდა.
გაერთიანებიდან 2 წელიწადში მათ შეძლეს ქარხნის გახსნა, აქ მათ მამაც შეუერთდა და რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმებაც მოახერხეს. ქარხანა დღიურად 100 წყვილ ფეხსაცმელს აწარმოებდა.
სპორტთან კავშირი
მიღწეული წარმატების შემდეგ ადოლფმა გადაწყვიტა, ბიზნესი ბავარიის ფარგლებს გარეთ გაეფართოებინა. იგი მოგზაურობდა და ესწრებოდა თითქმის ყველა სპორტულ ღონისძიებას, სადაც დაარწმუნა ბევრი სპორტსმენი, რომ ფეხსაცმელი გამოეცადათ. მისი ძალისხმევის წყალობით, ამსტერდამში ჩატარებულ 1928 წლის ოლიმპიადაზე, ბევრმა გერმანელმა სპორტსმენმა სწორედ ძმები დასლერების ფეხსაცმლით იასპარეზა. მოგვიანებით, უკვე 1936 წლის ოლიმპიადაზე ადოლფმა სპონსორობა გადაწყვიტა, რისთვისაც გაემართა სპორტულ სოფელში და დაარწმუნა ამერიკელი სპრინტერი ჯესი ოუენსი, რომ მათი ფეხსაცმელი ჩაეცვა. ეს იყო ლეგენდარული ნაბიჯი, რადგან ჯესი ოუენსმა ამ ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და მრავალი რეკორდი მოხსნა.
მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის 1 სექტემბერს, როდესაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა, თუმცა 1943 წლისთვის ომზე კონტროლის დაკარგვა დაიწყო, რის გამოც მეტი იარაღი სჭირდებოდა. შედეგად, გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი საწარმოები იარაღის დამზადებისთვის გამოიყენა. მათ შორის ძმები დასლერების ქარხანაც მოხვდა, რომელმაც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი დაამზადა.
1945 წლის აპრილში სოფელ ჰერცოგენაურახში ამერიკულმა ჯარებმა დაიწყეს შეჭრა და თავდაპირველად Dassler Brothers-ის ფეხსაცმლის ქარხნის განადგურება გადაწყვიტეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქარხანა იარაღს აწარმოებდა. თუმცა ადოლფის მეუღლემ მოახერხა ჯარისკაცების დარწმუნება, რომ აქ ეს ქარხანა სპორტული ფეხსაცმლისა იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯესი ოუენსთან ასოციაციის გამო ამერიკელები მათი კლიენტები გახდნენ. ქალაქთან ახლოს შექმნილი ამერიკული სადგურები Dassler Brothers-ის ფეხსაცმლის ქარხნის საერთაშორისო კლიენტები გახდნენ.
Puma-ს დაბადება
მიუხედავად მძიმე პერიოდისა, ძმებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმეს და ერთმანეთში იჩხუბეს. რუდოლფმა ქარხანა დატოვა, ოღონდ არა მარტომ, არამედ რამდენიმე თანამშრომელიც თან წაიყვანა. ასე შეიქმნა Puma, თუმცა დღეს მის ისტორიას არ ვყვებით, ამიტომ ისევ Adidas-ს მოვუბრუნდეთ.
ძმასთან განშორების შემდეგ ადოლფმა ჩვეულებრივ გააგრძელა წარმოება, თუმცა მათ შორის პაექრობა დროდადრო მაინც ჩნდებოდა. ხან სავაჭრო ნიშნისა და ხან სხვა მიზეზების გამო ისინი ერთმანეთს უჩიოდნენ.
Adidas
თავისი სახელისა და გვარის ინიციალებით, ადოლფმა ახალი სახელი მოიფიქრა Adidas. ასევე შემუშავდა მარტივი ლოგო, რომელზეც უბრალოდ 3 ზოლი იქნა გამოსახული. Adidas-მა დიდი ყურადღება გაამახვილა სპონსორობასა და ტექნიკურ ინოვაციებზე, რომლითაც მან დააპროექტა ფეხსაცმელი სპორტსმენების ფართო სპექტრისთვის. ადოლფმა თავისი ფეხსაცმელი მიაწოდა ჩემპიონ სპორტსმენებსა და ოლიმპიელებსაც. ცოტა ხანში ის მსოფლიო თასის სპონსორიც გახდა, რომელზეც გერმანიის გუნდმა მოიგო და მას სწორედ Adidas-ის ფეხსაცმელი ეცვა. ითვლებოდა, რომ გუნდს გამარჯვებაში სწორედ მოქნილი ფეხსაცმელი დაეხმარა. შედეგად, ბრენდი ძალიან ცნობილი გახდა, რადგან იგი ასოცირდებოდა გერმანიის გამარჯვებასთან მსოფლიო ჩემპიონატზე.
მუსიკალური ნომერი
1980-იან წლებში Run-DMC იყო ძალიან პოპულარული ამერიკული ჰიპ-ჰოპის ჯგუფი. ისინი პირველები იყვნენ თავიანთ ჟანრში და წარდგენილი იყვნენ გრემის ჯილდოზე. მათ გამოუშვეს სიმღერა My Adidas, რომელიც ხალხმა მალე აიტაცა და ბრენდი კიდევ უფრო ცნობილი და ყველასთვის საყვარელი გახადა.
სტრატეგია, რომელმაც Adidas მოწოდების სიმაღლეზე აიყვანა, მუდამ კარგი მარკეტინგული ნაბიჯებისგან შედგებოდა. ის ცდილობდა, ასოცირებული ყოფილიყო გამარჯვებასთან და საყოველთაო სიყვარულთან, ამიტომაც ჰქონდა აქტიური კავშირი რეპერებთან და სპორტსმენებთან. მას თავის სახეებად გამოყვანილი ჰყავდა დევიდ ბექჰემი და მუჰამედ ალი. სპორტთან სიახლოვე სპორტული ხაზის მწარმოებლისგან, რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო და ბრენდის წარმატებაც განსაზღვრა.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი