ფაქტები ასეთია — Adidas-მა ბელა ჰადიდის სურათები, რომლებშიც მოდელი 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადით შთაგონებულ სპორტულ ფეხსაცმელ SL72-ს უწევდა პოპულარიზაციას, კამპანიიდან წაშალა. სწორედ ამ ოლიმპიადაზე 1972 წლის 5 სექტემბერს პალესტინელთა დაჯგუფების „შავი სექტემბრის“ წევრები ოლიმპიურ სოფელში შეიჭრნენ, ისრაელის 11 მოქალაქე აიყვანეს მძევლად და მოკლეს. ამასთან, ჰადიდს პალესტინური წარმოშობა აქვს და მას ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ…
ამგვარად, ადიდასმა ისრაელისა და სხვების კრიტიკა დაიმსახურა მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ პალესტინური წარმოშობის მოდელი ჩართო კამპანიაში, არამედ იმიტომაც, რომ 1972 წლის ოლიმპიადა შთაგონებად გამოიყენა, მიუხედავად თავდასხმისა, რომელიც ამ დროს მოხდა… ამის მოგვარება კი ბრენდმა კამპანიის გადახედვით და ბელა ჰადიდის ფოტოების წაშლით გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მოდელი ღიად იზიარებდა ფრაზას — From the river to the sea, Palestine will be free, რითაც ისრაელის მთავრობის გაღიზიანებას იწვევდა…
ეს ამბავი უპასუხოდ არც ჰადიდს დაუტოვებია და, როგორც ვიგებთ, სამართლებრივ ვარიანტებს განიხილავს სპორტული ბრენდის წინააღმდეგ. ჰადიდის თქმით, იგი ნებისმიერი ტიპის ძალადობის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ადიდასმა უსამართლოდ შელახა მისი იმიჯი, რომ ისინი საჯაროდ უნდა დაპირისპირებოდნენ ამ კონფლიქტს და კამპანიის დისტანცირება უნდა მოეხდინათ მიუნხენის მოვლენებიდან მაშინ, როცა ადიდასმა პროტესტის საპასუხოდ კამპანია შეაჩერა და ბოდიში მოიხადა:
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ ტრადიკულ ისტორიულ მომენტებთან დამყარდა კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად უნებლიედ მოხდა, ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი გაღიზიანებისთვის… შედეგად, გადავხედავთ კამპანიის დანარჩენ ნაწილს“.
თუმცა ზუსტად არ უთქვამთ, რა ცვლილებებს განახორციელებენ. სხვა სარეკლამო სურათებში კვლავ ვხედავთ ადიდასის ბრენდის ელჩებს, იქნება ეს ფრანგი ფეხბურთელი ჟიულ კუნდე, ამერიკელი რეპერი A$AP Nast თუ ჩინელი მოდელი საბრინა ლანი. რაც შეეხება ჰადიდსა და ადიდასს შორის დადებულ ხელშეკრულებას, ზოგიერთი წყაროს მიხედვით შეწყდა, ზოგიც კი ამბობს, რომ კვლავ აქტიურია…
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰადიდი ყოველთვის აკრიტიკებდა ისრაელის მთავრობას და მხარს უჭერდა პალესტინელებს. 23 ოქტომბერს ინსტაგრამზე განცხადებაც კი გააკეთა, რომელშიც მწუხარება გამოხატა უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო და მოუწოდა მიმდევრებს, ზეწოლა მოეხდინათ თავიანთ ლიდერებზე, რათა ღაზაში არსებული მშვიდობიანი მოსახლეობა დაეცვათ. ამასთან, მოდელის მამა მოჰამედ ანვარ ჰადიდიც ღიად უჭერს მხარს ღაზას ომში დაშვებულებს. თანაც გასულ თვეში ბელამ, დასთან ჯიჯი ჰადიდთან ერთად, მათ დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.
ღაზაში კი კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა ისრაელს შეუტიეს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, 252 კი მძევლად აიყვანეს. ამას ისრაელმა სამხედროების ღაზაში გაგზავნით უპასუხა იმ მიზნით, რომ ჰამასი გაენადგურებინა და მძევლებიც გაეთავისუფლებინა. მას შემდეგ ღაზაში 38 900 ადამიანი გარდაიცვალა…
საინტერესოა, რომ ბრენდისთვის ბელა ჰადიდის შემთხვევა პირველი არ არის. აქ 2022 წლის ოქტომბრის ამბები უნდა გავიხსენოთ, როცა ადიდასმა რეპერ კანიე უესტთანაც შეწყვიტა თანამშრომლობა. მიზეზი კვლავ ანტისემიტიზმის მტრობა იყო, რასაც უესტი ღიად გამოხატავდა სოციალურ ქსელებში. ამ ამბავს კი ადიდასმა შემდეგნაირად უპასუხა — „მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიშია, არღვევს კომპანიის ღირებულებებს, რომლებიც მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობას, ურთიერთპატივისცემასა და სამართლიანობას აერთიანებს“.