აჭარა ჯგუფი 2010 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისსა და რეგიონებში არაერთი უნიკალური პროექტი განახორციელა. საერთაშორისოდ აღიარებული ქართული ბრენდების განვითარებით, უკვე 12 წელზე მეტია, აჭარა ჯგუფი საქართველოში ათასობით ადამიანს ასაქმებს. სტუმარმასპინძლობა კომპანიის საქმიანობის პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, თუმცა აჭარა ჯგუფის იდენტობა მის ტრადიციულ გაგებასაც სცდება. ახალი, თავისუფალი და განსხვავებული პროფილის სივრცეებით, აჭარა ჯგუფი განსაკუთრებულ გამოცდილებებს ქმნის და წვლილი შეაქვს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გამრავალფეროვნებაში.
მარკეტერი აჭარა ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო კვერნაძეს ესაუბრა, რომელიც კომპანიას 2017 წელს შეუერთდა. ამერიკაში მრავალწლიანი კარიერის შემდეგ, ნინო საქართველოში დაბრუნდა და აჭარა ჯგუფში სხვადასხვა მიმართულებით წამყვან პოზიციებს იკავებდა, ხოლო 2023 წლის ივნისიდან აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს.
აჭარა ჯგუფში ცვლილებებია, კომპანია ზრდასთან ერთად სიახლეებით აგრძელებს განვითარებას.
M: აჭარა ჯგუფში რესტრუქტურიზაცია მოხდა. რას მოიაზრებს ეს პროცესი და რა გავლენა აქვს მას ბიზნესზე?
როგორც იცით, ბოლო პერიოდში აჭარა ჯგუფის საქმიანობა ახალ მასშტაბზე გადავიდა, შევქმენით ახალი ბრენდები და გავაფართოვეთ ჩვენი ბიზნესი არა მხოლოდ სტუმარმასპინძლობის, არამედ სხვა, ინოვაციური მიმართულებებითაც, როგორიც არის აჭარა ჯგუფის ახალი წამოწყება D Block Workspaces და ის პროექტები, რომლებსაც D Block გააერთიანებს. სწორედ ამიტომ, კომპანიის ზრდასთან ერთად, დამფუძნებელთან შეთანხმდა ახალი სტრუქტურის შექმნის იდეა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მეტად მოქნილები ვიყოთ ყოველდღიურობაში და კომპანიის სწორ განვითარებაზე ვფოკუსირდეთ.
ცვლილებების შედეგად, რუმსის სასტუმროები დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდა. გუნდი, რომელსაც ვალერი ჩეხერია უხელმძღვანელებს, იმუშავებს ბრენდის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გაფართოებაზე.
აჭარა ჯგუფი კი ე. წ. House of Brands მიმართულებით გააგრძელებს განვითარებას, რაც გულისხმობს ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული ხასიათისა და პროფილის პროექტების განხორციელებას, უკვე არსებული და ყველასთვის საყვარელი ბრენდების გაძლიერებას და ასევე, ახალი უნიკალური ქართული ბრენდების შექმნას.
M: რა გეგმები აქვს აჭარა ჯგუფს სტუმარმასპინძლობის მიმართულებით? ჰოლიდეი ინი, ფაბრიკა, ლოლიტა, სტამბა.. უნდა ველოდეთ ახალ პროექტებს თუ რა გზით გეგმავს ჯგუფი განვითარებას?
აჭარა ჯგუფი, როგორც აღვნიშნე, მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე. დიდი გეგმები გვაქვს 2023-2025 წლების პერსპექტივაში, მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეგიონულ განვითარებას.
პროექტი „შუქურა ციხისძირში“, რომელმაც სულ რაღაც ორ წელიწადში დიდი მნიშვნელობა შეიძინა აჭარის რეგიონისთვის, ივნისში ახალი სივრცეებით გაიხსნება და კიდევ უფრო მრავალფეროვან გამოცდილებას შექმნის სტუმრებისთვის. სამომავლოდ ტერიტორიაზე სასტუმროს გახსნასაც ვგეგმავთ.
ვიწყებთ სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ახალი პროექტების განვითარებას ქუთაისში და ბორჯომში. ეს ინიციატივები განსაკუთრებით საინტერესო კონცეფციის მატარებელი იქნება და გრავიტაციის ახალ ცენტრებს გააჩენს საქართველოს სხვადასხვა ნაწილში.
ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ინიციატივა კახეთში სტუმარმასპინძლობის ობიექტების განვითარებაა. როგორც იცით, ჩვენს ჰოლდინგში შემავალი კომპანია უდაბნო საგარეჯოს რაიონში უნიკალურ რეგენერაციულ აგრომეურნეობას ავითარებს, სწორედ უდაბნოს ტერიტორიაზე ვგეგმავთ გამორჩეული კონცეფციის სასტუმროსა და რესტორნის გახსნას.
დიდი გეგმები გვაქვს, ასევე, Holiday Inn Tbilisi-ის მიმართულებითაც.
ამასთან, ჩვენი არსებული და სტუმრებისთვის გამორჩეულად საყვარელი ბრენდები, როგორებიცაა ფაბრიკა, ლოლიტა, შიო რამენი, მილქი, აქტიურად განაგრძობენ ზრდასა და განვითარებას. როგორც ყოველთვის, დიდ ყურადღებას ვაქცევთ სტამბას განვითარებასაც.
M: რა გეგმები აქვს აჭარა ჯგუფს სტამბას მიმართულებით?
სტამბა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დიზაინ-სასტუმრო, რომელსაც თავისი ხასიათი და ისტორია აქვს და ძალიან ბევრი ერთგული სტუმარი ჰყავს სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა სტამბას ეკოსისტემა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ კონკრეტულ ჩარჩოში მოქცევა გამიჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ სტამბა ქალაქის შემოქმედებითი ეპიცენტრია. ამ ეტაპზე სტამბაში F&B მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებაზე ვმუშაობთ და ასევე, სულ მალე სტარტს აიღებს აჭარა ჯგუფის ახალი, მიმართულება – D Block Workspace @Stamba.
M: საზოგადოებისთვის ცნობილია ბევრი პროექტი, რომელზეც აჭარა ჯგუფი აქტიურად მუშაობდა: D Block, ჩუბინაშვილის 52, თეცი, რადიოქალაქი…
აჭარა ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ყოველთვის იყო განსხვავებული ინტერესების მქონე, შემოქმედებითი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირდება და კოლაბორაციული გარემოს წახალისება. D Block-ის შექმნის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. D Block-ის საერთო სამუშაო სივრცეები საფუძველს ჩაუყრის სხვადასხვა კოლექტივის თანამშრომლობას. აქ თავს მოიყრიან შემოქმედებითი ადამიანები, ტექ-ინდუსტრიები, საგანმანათლებლო პროექტები, სტარტაპები, უკვე შემდგარი თუ ახალბედა კომპანიები. გვჯერა, რომ ამ ადამიანების ერთობლიობა კიდევ ბევრ საინტერესო იდეასა და პროექტს შექმნის სტამბას ტერიტორიაზე.
მომდევნო წლებში D Block Workspaces აქტიურად გააგრძელებს გაფართოებას თბილისის სხვადასხვა უბანში თუ მის გარეთ, მაგალითად, რუსთავში. D Block-ის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერტილი იქნება რადიოქალაქი, რომელიც აჭარა ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმდინარე პროექტია. რადიოქალაქი თბილისის ცენტრს გარეთ, მუხიანში ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის და მოსახლეობისთვის როგორც რეკრეაციის, გართობისა და დასვენების სივრცეებს, ისე დასაქმების შესაძლებლობებს გააჩენს.
ვაგრძელებთ ასევე თეც-ის განვითარებას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა თბილისის სახელოვნებო სფეროსა და ღამის ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად. ამ ეტაპზე ვმუშაობთ თეც-ის ტერიტორიაზე საღონისძიებო და საფესტივალო სივრცეების შექმნაზე.
აქტიურ ფაზაშია ჩუბინაშვილის 52 პროექტიც, რომლებიც თავისი კონცეფციით საქართველოსთვის სრულიად ახალი და უნიკალურია. ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების და მისი ყოველდღიურობაში დამკვიდრების მიზნით აქ თავს მოიყრის ფიტნესის და სპორტის ოთახები, სპორტული დარბაზი ღია ცის ქვეშ, გარე სარეკრეაციო სივრცეები და მრავალი სხვა. ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს პადელის კორტები, რომლებმაც სულ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
M: როგორ შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა აჭარა ჯგუფში და რა გეგმებია გუნდის სტრუქტურის მიმართულებით?
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე წარმატებულ პროექტებს მაქსიმალურად მოქნილი და პროაქტიული გუნდები ქმნიან. აჭარა ჯგუფის გუნდში სწორედ ამ ბალანსის პოვნას ვცდილობთ. კომპანიის სტრუქტურა ნაკლებად ბიუროკრატიულია და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც ძალიან უყვართ თავისი საქმე, არ ეშინიათ სიახლის და მზად არიან, აკეთონ ისეთი ამბიციური და განსხვავებული პროექტები, როგორიც არის, მაგალითად, D Block Workspaces.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი თაობის წარმომადგენელია და ვცდილობთ, კომპანიაში ეს ახალგაზრდული სულისკვეთება წავახალისოთ. ახალი თაობის მხარდაჭერა, განვითარება, ახალი პროფესიონალების და პროფესიების ხელშეწყობა აჭარა ჯგუფის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
M: მთავარი ფოკუსი აჭარა ჯგუფისთვის ახლა არის…. გაგვიზიარეთ კომპანიის სამომავლო ხედვა და გეგმები.
აჭარა ჯგუფი აგრძელებს ყველა იმ მიმართულებით განვითარებას, რომელზეც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს. ჩვენი პრიორიტეტებია საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიური და მრავალფეროვანი გარემოს ჩამოყალიბება, მდგრადი პროექტების განხორციელება და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი პროექტები იტყვის ახალ სიტყვას საქართველოში, გაამრავალფეროვნებს ადგილობრივ შემოქმედებით ეკოსისტემას და ქვეყანას კიდევ ბევრი ახალი ბიზნეს-მიმართულებით საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.