17
Jan
2018

რას ყვებიან adjaranet.com-ის მეკვლეები? – საახალწლო სიურპრიზი 2018 კინომოყვარულს! #მეკვლე2018

17 Jan 2018

31 დეკემბრის მიწურულს, ახალი წლის დადგომისას, პირველ 2018 ვიზიტორს adjaranet.com-ზე უჩვეულო შეტყობინება დახვდა “შენ ჩვენი მეკვლე ხარ!”. ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე დღიანი მსჯელობის შემდეგ, ინტრიგას ფარდა აეხადა და მეკვლეები ორიგინალური სიურპრიზის მონაწილეები გახდნენ.

 

ორიგინალური სტრიტ არტი, რომელზეც მხატვარმა George Gamez და ირაკლი თოიძემ იმუშავეს, #მეკვლე2018-ის მონაწილეების სახელისგან შედგება.

კამპანიის კონცეფციაზე adjaranet.com-ის მარკეტინგის მენეჯერი სალომე კუპრაშვილი გვესაუბრა:” საქართველოში ახალი წელი მეკვლეს გარეშე წარმოუდგენელია. დიდი ხნის ტრადიციაა ტკბილად შევხვდეთ, მივულოცოთ, მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც ახალ წელს ჩვენთან პირველი მოვლენ. რატომ არ უნდა მოვიქცეთ იგივენაირად ციფრულ სამყაროშიც, იქ, სადაც ყოველდღიურად adjaranet.com-ს 300 000-მდე კინომოყვარული სტუმრობს?! 2018 წლის საახალწლო ღამეს პირველმა 2018 შემომსვლელმა მიიღო შეტყობინება, რომ adjaranet.com-ის მეკვლეა. გავუმხილეთ, რომ საჩუქარს ვუმზადებდით და საკონტაქტო ინფორმაცია ვთხოვეთ. ასე გავიგეთ მათი ვინაობა. მეკვლეების სახელებითა და გვარებით შევქმენით სამი კინოლეგენდის ჩარლი ჩაპლინის, ქრისტეფორე მგალობლიშვილისა და დართ ვეიდერის გამოსახულებები. ახლა 2018ივე მეკვლეს შეუძლია adjaranet.com-ის კედელზე თავისი თავი იპოვოს. ნახატი სამუდამოდ დარჩება ქალაქს კინოს განსაკუთრებული სიყვარულის სიმბოლოდ, ამბად, როგორ იქცნენ კინომოყვარულები კინოლეგენდის ნაწილად. #მეკვლე2018-ის პროექტზე სრულად adjaranet.com-ის გუნდმა ვიმუშავეთ.”

აქვე გთავაზობთ რამდენიმე მეკვლეს ისტორიას.

თამარ მეფარიშვილი, #მეკვლე2018: “12-ს რომ გადაცდა, ხაზების გადატვირთვას გადარჩენილმა, მილოცვები ჩამოვარიგე, ოჯახს ჩავეხუტე, შამპანური ჩავიშუშხუნე და ნაძვის ხის სიახლოვეს მოვკალათდი “ჰარი პოტერის” საყურებლად (ყოველ წელს რომ წამძლევს ხოლმე სული, 8-ვე ნაწილს ხელახლა ვუყურო). adjaranet-ზე შესვლისას ტრადიციული ინტერფეისი რომ ვერ დავინახე, წამის მეასედში ვიფიქრე, ამათთანაც ხაზები ხომ არ გადაიტვირთათქო, მაგრამ აი, ეკრანზე გამოსული შეტყობინება რომ აღვიქვი, სიცილი ამიტყდა, ნუთუ, ისეთი 4ever alone ვარ ახლა, რომ ფილმის საყურებლად მარტო მე შემოვედითქო. კიდევ კარგი, ჩემნაირი კიდევ 2017 აღმოჩნდა, გულზე მომეშვა.

ბოლო მომენტამდე, წარმოდგენა არ მქონდა, რა სიურპრიზი მელოდა (მელოდა რა, გველოდა). ამ ამბიდან 2 კვირის მერე გაირკვა, რომ adjaranet-მა 2018 წლის მეკვლეების სახელები ასე ორიგინალურად უკვდავჰყო. იმავე დღეს ჩავედი გმირთა მოედანზე. ფოტოებში ხომ ლამაზად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით უკეთესია, თან რა ორიგინალურადაა შეკრული ერთიანი კონცეფცია. ჩემი სახელის მოძებნა რომ დავიწყე, დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა ctrl+F-ით სწრაფად პოვნის საშუალება მქონოდა, თუმცა მაინც მალევე მივაგენი. ძალიან კარგია და სახალისო ასეთ კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მშვენიერი განწყობა შემიქმნა.

სალომე გორგოშიძე, #მეკვლე2018: “სიმართლე გითხრათ, ჩემი და იყო მეკვლე. 10 წლის ლიზი, რომელიც Home Alone-ს უყურებდა. გამოიქცა ყვირილით, მეკვლე ვარო. მერე მითხრა, შენი მონაცემები ჩაწერეო და ასე აღმოვჩნდი მეკვლე. თან, კომპიუტერი ჩემი იყო და ასე შევთანხმდით, რამეს თუ მოვიგებთ გავიყოთთქო. ლიზი პრიზს ელოდებოდა და დიდად არ დაწყდა გული. ასე აღმოვჩნდი მეკვლე. საყვარელი ფილმი უნდა დაგვესახელებინა ეგ იყო ერთ-ერთი პუნქტი განაცხადის შევსების დროს, Harry Potter დაწერეო ლიზიმ – ჰოდა, მეც დავუჯერე. ისიც კი დავუშვით, ლონდონში გაგვიშვებენთო. დედაჩემს შევუთანხმდი ხომ გამატან ლიზისთქო და ჩემს შვილს დედაჩემს ვუტოვებდი, მოკლედ, მოგვარებული იყო ყველაფერი. ჰოდა, რომ გავიგეთ ბოლოს, რაც მოხდა, დავჯავშნეთ სასტუმრო და ბაკურიანში მივდივართ.

ანა გეგელია, #მეკვლე2018: “პატარა მყავს 8 თვის და ავად მყავდა – ტიპური ვირუსი. ამის გამო, იმ დღეს, რომელზეც მთელი წელი ვფიქრობდი და ვემზადებოდი საკმაოდ უხასიათოდ ვიყავი. არ მინდოდა ფოიერვერკების ხმას შეეწუხებინა ჩემი მძინარე პატარა, ამიტომ ოთახში გავიყვანე ცალკე და მარტო მე და ის შევხვდით ახალ წელს. მეუღლე და უფროსი გოგონა – მისაღებში, ყვველასთან ერთად. მე კი იმის გამო, რომ არც განწყობა მქონდა და არც მინდოდა, ვინმეს ჩემი ბიჭი გაეღვიძებინა, ჩემს ანგელოზთან ერთად შევხვდი მარტო. განწყობის მოსაყვანად, ზუსტად მახსოვს 1-ის ნახევარი იყო და შევედი adjaranet.com-ზე, კარგი მენიუ აქვთ, რომ შედიხარ, ეგრევეა საახალწლო მატარებელი და იქიდან პირდაპირ საახალწლო ფილმებს ირჩევ. მეც საახალწლო ფილმის ყურება მინდოდა. იქნებ, ამგვარად მაინც შემექმნა განწყობა. სწორედ ასე ავღმოჩნდი adjaranet.com-ის მეკვლე. აღფრთოვანებული და გახარებული კი ვიყავი ამ მოულოდნელი მეკვლეობით და ფილმზე მეტად, ამ ფაქტმა შემიქმნა განწყობა.”

განხილვა