ქართულ ინტერნეტსივრცეს adjaravideo.com-ის სახით ახალი ვიდეოპორტალი შეემატა. საიტი adjara.com-ის ბაზაზეა შექმნილი. adjaravideo.com მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. მათ შორისაა: სივრცე თემატური ვიდეობლოგებისთვის, „დროის მანქანა“ ისტორიული ფაქტების ჩამონათვალით, შეფასების განსხვავებული სისტემა, ვიდეოს რედაქტირების ფუნქცია და სხვა. საიტი, ამ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმშია. პორტალის სერვისების შესახებ adjaravideo.com-ის პროდუქტის მენეჯერი ანი მანჯავიძე გვესაუბრა.
M: როგორ გაჩნდა საიტის შექმნის იდეა?
გვინდოდა, შეგვექმნა განსხვავებული სივრცე, რომელიც უპასუხებდა მომხმარებლის ინტერესებს, იქნებოდა სიახლის მომტანი და გააერთიანებდა როგორც გასართობ, ასევე შემეცნებით სფეროს.
M: რა არის საიტის შექმნის მიზანი?
ვინაიდან, მომავალი ინეტრნეტს ეკუთვნის, მიზნად დავისახეთ, შევქმნათ ისეთი ინტერნეტსივრცე, სადაც ადამიანებს მეტი ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას და ამ სივრცის გამოყენებით უფრო მეტად დაახლოვდებიან.
M: რა სიახლეს შესთავაზებს adjaravideo.com მომხმარებელს?
- თემატური ვიდეო ბლოგებისთვის გამოყოფილი გვაქვს სივრცე – OutBox. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ბლოგერები, რომლებიც წერენ ორიგინალურ ვიდეოებს სხვადასხვა თემაზე. გვაქვს მონეტიზაციის ფუნქციაც, ანუ adjaravideo-ზე შექმილი პერსონალური არხის საშუალებით, რეკლამიდან ფულის გამომუშავებაც შეიძლება.
- მათთვის, ვისაც ვიდეოს გადასაღებად და გადაცემის გასაკეთებლად დახმარება სჭირდება, ვთავაზობთ სტუდიას, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს, გაგვაცნოს თავისი იდეა და ჩვენ გადაცემის დაორგანიზებაში სრულიად უსასყიდლოდ დავეხმარებით.
- საიტზე შეგიძლიათ “დროის მანქანის” დახმარებით იმოგზაუროთ და აღმოაჩინოთ, სხვადახვა წლებში მომხდარი, თქვენთვის საინტერესო ფაქტები. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებელი თავად შექმნის „მომავალს“, ანუ ბეჭდური, თუ ვიდეოს სახით შეძლებს ატვირთოს აქ თავისი ხედვა მომავლის შესახებ.
- ამასთანავე, სისტემატურად გამოცხადდება კონკურსები. ამ ეტაპისთვის 2 კონკურსია დაწყებული: „ევრო 2016 ქომაგი“ და „Weekend ყაზბეგი რუმსში.“
M: რა ფუნქციები აქვს საიტს?
- adjaravideo-ზე შესაძლებელია სასურველი ვიდეოს ატვირთვა, ატვირთული ვიდეოს რედაქტირება, ასევე ვიდეოსგან gif-ის შექმნა (მალე ახალი ფუნქციებიც დაემატება).
- ვიდეოპორტალზე გვაქვს შეფასების სისტემა, რომელიც ძალიან მალე ყველაზე საჭირო ფუნქციონალი გახდება: მოწონების გამომხატველი „ბუშტი“ და საპირისპირო, -„მუშტი.“ ასევე, არის „პულსი“, ანუ გამოწერის ფუნქცია: რაც უფრო მეტი გამომწერი გეყოლებათ, უფრო მაღალი იქნება თქვენი “პულსი.“
- გვაქვს ასევე, მობილური აპლიკაციები iOS-ისა და Android-ისთვის.
- მომხმარებელს შეუძლია თავად შეარჩოს საიტის დიზაინი.
საიტი, ამ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს და თანდათან უფრო განვითარდება. პარალელურად, დიზაინიც დაიხვეწება და ფუნქციებიც.
M: ვის თვლით თქვენს კონკურენტად?
შინაარსობრივად, შეიძლება ჩვენს კონკურენტად myvideo.ge მოვიაზროთ, თუმცა, ჩვენი კონცეფცია სრულიად განსხვავებულია. ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ გადაცემებისა და ბლოგების კეთებაში. ასევე, სრულიად განსხვავებული ფუნქციაა „დროის მანქანა“. მსგავსი კონტენტები ცალ-ცალკე არსებობდა, თუმცა ჩვენთან ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთანებული. ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის არსებობა საკმაოდ კარგია, თუმცა adjaravideo.com არ შექმნილა myvideo.ge-სთან საკონკურენციოდ. მე არ ვთვლი, რომ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, არამედ პირიქით, ერთობლივი ძალებით რაიმე საინტერესო პროდუქტის გაკეთებაც შეიძლება.
M: რაც შეეხება ბრენდინგსა და სახელს…
ჩვენი სახელის შერჩევა ბრენდინგის ხერხია, რომელიც ხაზს უსვამს adjaranet-თან მიკუთვნებულობას და გამოგვარჩევს სხვა ბრენდებისგან. ვინაიდან, adjaranet-მა უკვე დაიმკვიდრა თავი და მისი ცნობადობაც მაღალია, შესაბამისად, adjaravideo მომხმარებლისთვის უფრო მარტივი აღსაქმელი იქნება.