საერთაშორისო ბაზარზე ქართველების მიერ შექმნილი პლატფორმა AdMagica AI გამოჩნდა — ინოვაციური AI ციფრული მარკეტერია, რომელიც ონლაინ ბიზნესებსა და eCommerce ბრენდებს ეხმარება, მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნას ან გააუმჯობესოს არსებული Facebook და TikTok რეკლამები.
იდეა პირადი პრობლემის მოგვარების სურვილიდან გაჩნდა, განხორციელებაზე კი გიგი კურტანიძემ, რომელიც პროფესიით ციფრული მარკეტერია, დეველოპერ ხვიჩა ფარსადანაშვილთან ერთად, იზრუნა. შედეგად, ახლა ლონდონში დაფუძნებულ სტარტაპს შემდეგი სიტყვებით გვაცნობენ: „AdMagica არის შენი პერსონალური მარკეტინგის ანალიტიკოსი, დიზაინერი და კონსულტანტი ერთ სივრცეში, რომელიც არასდროს იღლება და მონაცემებზე დაყრდნობით მუშაობს“.
დიდი მიზნები გვაქვსო, ამასაც ამბობენ და კონკურენტულ უპირატესობასაც გვაცნობენ საერთაშორისო დონის AI პლატფორმებთან მიმართებით, ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებთ და ამ ამბავს, გიგისთან ერთად, მოგიყვებით:
M: მოდი, სულ თავიდან დავიწყოთ, გვითხარი, როგორ გაჩნდა AdMagica AI პლატფორმის შექმნის იდეა?
იდეა AdMagica-ს შექმნის შესახებ გაჩნდა ჩემი, როგორც ციფრული მარკეტერის, პირადი პრობლემიდან. ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე eCommerce ინდუსტრიაში წლების განმავლობაში მუშაობისას ვხედავდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა რეკლამის შედეგებზე ჰქონდა კრეატივს, თუმცა იმის პროგნოზირება, იმუშავებდა თუ არა კონკრეტული რეკლამა, ყოველთვის რთული იყო.
ამასთან, წლების განმავლობაში ვსარგებლობდი სხვადასხვა AI ხელსაწყოთი, მაგრამ ვერასდროს ვიპოვე ისეთი, რომელიც სრულად ფარავდა eCommerce-ის საჭიროებებს, ერთი პლატფორმა, რომელიც დამეხმარებოდა იდეების გენერირებაში, ვიზუალების შექმნაში და, რაც მთავარია, ტექნიკურად სწორად გაშვებაში Meta-ზე ან TikTok Ads-ზე.
მაშინვე გავაცნობიერე: მარკეტერებს და ბიზნესებს სჭირდებათ ინსტრუმენტი, რომელიც ფარავს მთლიან პროცესს, იდეიდან გაშვებამდე. სწორედ ამ ხედვიდან დაიბადა AdMagica — პლატფორმა, რომელიც არამარტო აფასებს კრეატივს, არამედ გეხმარება მის რეალურ გაუმჯობესებასა და სწორად გაშვებაში.
M: გიგი, რა პრობლემას უგვარებს AdMagica მომხმარებელს?
დღეს ბევრი ბიზნესი ხარჯავს დიდ ბიუჯეტებს რეკლამაზე ისე, რომ არ იცის, რომელი კრეატივი იმუშავებს რეალურად. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა — დაბალი CTR, წარუმატებელი კამპანიები და არაეფექტურად დახარჯული თანხა. AdMagica კი მომხმარებელს უშუალოდ შემდეგ ტკივილს უგვარებს:
ჩვენი AI მოდელი დატრენინგებულია უკვე წარმატებით გატესტილ რეკლამებზე, რომლებიც გამოიყენეს სხვადასხვა ტოპ ელ. კომერციის ბიზნესებმა. სწორედ ამის ხარჯზე, AdMagica საშუალებას აძლევს მომხმარებელს, წამებში დააგენერიროს იმავე სტილის, სტრუქტურისა და ხარისხის რეკლამები, რაც ბაზარზე უკვე კარგად მუშაობს, რაც ლოგიკურად ნიშნავს ნაკლებ ექსპერიმენტს და მეტ შედეგს.
გარდა ამისა, AI აფასებს კრეატივს, ჯერ კიდევ ატვირთვამდე ამჩნევს სუსტ მხარეებს, მაგალითად ცუდ ვიზუალურ ფოკუსს, სუსტი CTA-ს ან მოსაწყენ სიუჟეტს.
M: რატომ ლონდონი?
დიდი ბრიტანეთი ჩვენი რეგისტრაციის ქვეყნად ავირჩიეთ, რადგან, ჩვენი აზრით, ინვესტორების ინტერესის მოზიდვისთვის გაცილებით პრაქტიკულია ბრიტანეთში არსებული LTD, ვიდრე ქართული შპს.
პირველ რიგში, ჩვენი მთავარი სამიზნე ბაზარი ევროპაა, სადაც ელ. კომერციის და AI სტარტაპების დაფინანსების შანსი საკმაოდ მაღალია. ამიტომ გვინდა, რომ კომპანია თავიდანვე იყოს სწორად პოზიციონირებული საერთაშორისო ბაზარზე. ეს ნდობას ქმნის როგორც მომხმარებელში, ისე პარტნიორებსა და ინვესტორებში.
გარდა ამისა, ბრიტანეთში რეგისტრირებულ სტარტაპებს აქვთ მეტად ფართო წვდომა დაფინანსების წყაროებზე, აქსელერატორებზე და გრანტებზე, რაც მნიშვნელოვანი ბერკეტია ზრდის სტადიაზე მყოფი SaaS პლატფორმისთვის.
რაც შეეხება ყოველდღიურ ოპერაციებს, ჩვენი გუნდი დისტანციურად მუშაობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ლონდონში ყოფნა, შეხვედრები ან pitch-ები პრაქტიკულად ძალიან მარტივად ხორციელდება, რადგან ბაზრის ცენტრი სწორედ აქ არის.
M: რა ეტაპზეა ახლა სტარტაპი?
AdMagica ამ ეტაპზე Early Traction სტადიაზეა, უკვე გავტესტეთ MVP, მომხმარებლებისგან მივიღეთ ძლიერი უკუკავშირი და უკვე გვაქვს პირველი გაყიდვები, რაც ადასტურებს ბაზრის დაინტერესებას და ჩვენი პროდუქტის საჭიროებას. ამჟამად ჩართული ვართ რამდენიმე აქსელერაციის პროგრამაში როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც გვეხმარება პროდუქტისა და ბიზნესმოდელის კიდევ უფრო დახვეწაში.
პარალელურად ვეძებთ სტრატეგიულ „ენჯელ ინვესტორს“, რომელიც დაგვეხმარება განვითარების დაჩქარებაში, პროდუქტის გაუმჯობესებასა და ევროპულ ბაზარზე აქტიურად გასვლაში. მოკლევადიანი მიზანი ვენჩურული კაპიტალებისთვის მზადყოფნის ეტაპზე გადასვლაა, სადაც გვინდა უკვე მკაფიო „თრექშენით“ და შემოსავლის ზრდის მტკიცებულებით წარვდგეთ.
M: სანამ აქამდე მიხვიდოდით, იყო თუ არა გამოწვევები და როგორ გაუმკლავდით?
დიახ, ამ ეტაპამდე არაერთი გამოწვევა გვქონდა, როგორც ტექნიკური, ასევე სტრატეგიული. თავიდან ყველაზე დიდი სირთულე იყო AI სისტემის ტრენინგი რეალურ მარკეტინგულ მონაცემებზე, რადგან საჭიროა არა უბრალოდ გენერირება, არამედ ისეთი რეკომენდაციების მიცემა, რომლებიც რეალურად ამაღლებს გაყიდვებსა და კონვერსიას. ამაზე დიდი დრო დავხარჯეთ — ბევრი ტესტი ჩავატარეთ რეალურ კამპანიებზე და სწორედ ამ პროცესმა მიგვიყვანა იმ სისტემამდე, რაც დღეს გვაქვს.
ასევე, პრობლემა გვაქვს დროისა და რესურსების შეზღუდვაში, რადგან გუნდი პატარაა და ყველაფრის პარალელურად კეთება გვიწევს. ამ გამოწვევას ეტაპობრივად ვუმკლავდებით, პრიორიტეტების მკაფიოდ დასმით და Agile პრინციპებით მუშაობით.
M: გიგი, ვინ არიან დღეს თქვენი კონკურენტები და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
AdCreative.ai, რომელიც ავტომატიზებულად ქმნის რეკლამის დიზაინს, მაგრამ არ აფასებს ან იძლევა სიღრმისეულ რეკომენდაციებს არსებული კრეატივებისთვის. ასევე, არ არის მორგებული კონკრეტულად ელ. კომერციის ინდუსტრიას. Pencil კი, განსხვავებით AdMagica-სგან, ფოკუსირებულია კონტენტის გენერაციაზე და არა, ისეთ რეკლამებზე, რომლებიც ბიზნესს გაყიდვებს დაუგენერირებს.
რაც შეეხება ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას, შემდეგია:
AI შეფასება + გენერაცია ერთ სივრცეში – სხვა პლატფორმები ან მხოლოდ ქმნიან, ან მხოლოდ ზომავენ. AdMagica ორივეს აკეთებს აფასებს შენს რეკლამას ან გთავაზობს შენი რეკლამის უკეთეს ვარიანტს.
მოწყობილია სპეციალურად eCommerce ბრენდებისთვის – ჩვენი რეკომენდაციები არ არის ზოგადი. ის მორგებულია რეალურ eCommerce pain-point-ებზე — CTR, ROAS, scroll-stopping visuals.
მარტივად გამოყენებადი ინტერფეისი და დაბალი ღირებულება – ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომ პატარა Shopify მაღაზიამაც შეძლოს ისარგებლოს ხარისხიანი რეკლამების ანალიზითა და გაუმჯობესებით, პროფესიონალი დიზაინერის დაქირავების გარეშე.
M: როგორც თავად ამბობთ, დიდი მიზნები გაქვთ, გაგვიზიარეთ, რას გულისხმობთ ამაში…
დიახ, დიდი მიზნები გვაქვს, ჩვენი ხედვაა, რომ AdMagica გახდეს all-in-one AI ციფრული მარკეტერის ასისტენტი, რომელიც სრულად აიღებს მარკეტინგულ დატვირთვას ბიზნესის მფლობელისგან. შექმნის, შეაფასებს, გააუმჯობესებს და მართავს რეკლამებს ავტომატურად, მონაცემებზე და ბიზნესის მიზნებზე დაყრდნობით.
ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიების განვითარებით, ახლო მომავალში 10-15 წელიწადში, კომპანიებს ეყოლებათ AI მარკეტერები, AdMagica-ს კი, სწორედ ამ გარდამტეხი ცვლის ნაწილად ვხედავთ.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი