in

Adobe-ს 10 ინსტრუმენტი, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოგადგებათ

Adobe-ს პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოების სია წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება. Creative Cloud კომპლექტი მოიცავს თითქმის ყველა სექტორს, სადაც შეიძლება ციფრული, ვიზუალური კონტენტის შექმნა იყოს საჭირო. გრაფიკოსდიზაინერი ხართ, ვებდიზაინერი, ფოტოგრაფი, ილუსტრატორი თუ ვიდეოგრაფი – Adobe-ს ყველა თქვენგანისთვის აქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც თქვენი პროფესია მოირგებს და, რაც მთავარია, ისინი ინდუსტრიის სტანდარტებადაა აღიარებული. 

მართალია, Adobe აპლიკაციების სრული სია დაახლოებით 50-ამდე ინსტრუმენტია, თუმცა მათგან საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება…

Adobe Photoshop

ვიზუალური მასალის შექმნის ეს ხელსაწყო ერთგვარ ზმნადაც კი იქცა. როცა რაიმე ფოტოს დამუშავება გვინდა, პირდაპირ ვამბობთ: „დავაფოტოშოპებ”. მაშინაც კი, თუ სხვა ინსტრუმენტს ვიყენებთ. შესაბამისად, ეს უკვე ნათლად ამყარებს მის როლს ინდუსტრიაში. 

Adobe Photoshop, ძირითადად, გამოიყენება ფოტოების რედაქტირებისა და სხვადასხვა მანიპულაციისთვის, გრაფიკული დიზაინისთვის, ვებისა და აპლიკაციების პროტოტიპებისთვის, 3D მოდელირების. ის ხელმისაწვდომია როგორც Mac-ზე, ისე Windows-ზე, iPad-ზე.

Adobe Illustrator

ზემოთ ხსენებულისგან განსხვავებით, Illustrator ბევრად უფრო ორიენტირებულია კონკრეტულ ამოცანებზე. ის არის ვექტორულ გრაფიკაზე დაფუძნებული სახატავი პროგრამა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ მხატვრები, ილუსტრატორები და გრაფიკოსდიზაინერები. როგორც წესი, მას იყენებენ ლოგოების, პოსტერების, ხატულების, პერსონაჟების დასახატად. ფოტოშოპის მსგავსად, ილუსტრატორიც Mac-ზე, Windows-სა და iPad-ზეა ხელმისაწვდომი.

Adobe After Effects

After Effects არის პოპულარული ინსტრუმენტი ვიზუალური ეფექტებისთვის, მოძრაობისა და კომპოზიციის შესაქმნელად. მას ძალიან ნაყოფიერად იყენებენ კრეატიული სტუდიები მარტივი ანიმაციების გასაკეთებლად, რომელთა გამოქვეყნებაც შესაძლებელია ვებსაიტებზე, ვიდეოკონტენტისთვის ან სოციალურ მედიაში.

After Effects ასევე გამოიყენება ფილმის გადაღებისა და შემდგომი წარმოების პროცესში, ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა ვიზუალური ეფექტები და კომპოზიციის აწყობა. გარდა იმისა, რომ ის შეუფერხებლად ინტეგრირდება Adobe-ს სხვა აპებთან, ის ასევე კარგად ეწყობა Cinema 4D-საც.

Adobe InDesign

InDesign არის ინსტრუმენტი, რომელიც ძირითადად ბეჭდვისთვის გამოიყენება, თუმცა ციფრული პროდუქტებისთვისაც საკმაოდ მოსახერხებელია. ჩვეულებრივ, მას იყენებენ პლაკატების, ფლაერების, ბროშურების, ჟურნალების, გაზეთების, პრეზენტაციების, წიგნებისა და ელექტრონული წიგნების შესაქმნელად.

Adobe Lightroom

Lightroom არის ინსტრუმენტების ნაკრები გამოსახულებისა და ფოტოების დასამუშავებლად. კარგი ინსტრუმენტი ფოტო სტუდიისთვის ან ფოტოგრაფისთვის, რომელსაც სჭირდება დიდი რაოდენობით სურათების დამუშავება. მას არ აქვს იმდენი ფუნქცია, რამდენიც Photoshop-ს, თუმცა გაცილებით მარტივი ინტერფეისია სამუშაოდ და სტანდარტული ფოტოოპერაციების განსახორციელებლად ძალიან კომფორტულია.

Adobe Premiere Pro

Premiere Pro არის ვიდეორედაქტირების ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება კინოსა და ტელეინდუსტრიაში, ასევე, მას მოიხმარენ YouTube-ები, მარკეტინგგული გუნდები და დიზაინის სტუდიები ყველაფრის რედაქტირებისთვის, რეკლამებით დაწყებული მუსიკალური ვიდეოებით, ტელესერიალებითა და მხატვრული ფილმებიდან დასრულებული.

Adobe Express

არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია სოციალური მედიის შემქმნელებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია Instagram Reels-ისა და TikTok-ისთვის მოკლე ვიდეოების გადასაღებად, ასევე ფლაერების, ბანერებისა და სოციალური მედიის პოსტებისთვის, რისთვისაც შაბლონებს გვთავაზობს. მას აქვს წვდომა Adobe Stock ფოტოებზე, Adobe Fonts-სა და დიზაინის სხვა აქტივებზე.

Adobe Dreamweaver

ეს Adobe-ის ერთ-ერთი უძველესი აპლიკაციაა, 1997 წელს გამოსული, რომელიც კოდირების სწავლის გარეშე ვებსაიტების შექმნაში ეხმარება მომხმარებელს. მართალია, დღესდღეობით მრავალი ალტერნატიული ინსტრუმენტი არსებობს, რომლებიც მსგავს შესაძლებლობებს გვთავაზობს, მაგრამ ის მაინც რჩება ბევრისთვის საყვარელ ინსტრუმენტად.

Adobe XD

Adobe XD (ასევე ცნობილი როგორც Adobe Experience Design) არის ვექტორული დიზაინის ინსტრუმენტი ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის. ის საშუალებას გაძლევთ, შექმნათ Wireframing-ები და ვებგვერდების სრული დიზაინი.

Adobe Firefly

ზემოთ მოყვანილი ხელსაწყოებისგან განსხვავებით, Adobe Firefly არ არის მხოლოდ ერთი აპლიკაცია. ის ამუშავებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ტექსტური მოთხოვნები სურათების ან ვიდეოების გენერირებისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

Apple-მა Final Cut Pro 11 AI ფუნქციებით გამოუშვა!

Adobe-ს ბარათებით გაიგებთ, რომელი შრიფტი შეგეფერებათ