2022 წელს თუ შევაჯამებთ, ის ძალიან მრავალფეროვანი და დატვირთული იყო — ხელოვნური ინტელექტით დაწყებული, მეტავერსით დამთავრებული. მარტივად რომ ვთქვათ, ამ წელმა შემოქმედებითი სამყარო ამოუცნობი გზების წინაშე დააყენა. შესაბამისად, ეს ის დროა, როცა ბრენდები და კრეატორები ნუგეშს პოულობენ ნაცნობ ნოტებში და იპყრობენ ავთენტურ, გაუფილტრავ მომენტებს. ამავე დროს, ისინი მიმართავენ მეტაფიზიკურ და სულიერ სფეროებს ახალი პასუხების საძიებლად.
ახლა კი Adobe Stock-მა 2023 წლის კრეატიული ტენდენციების პროგნოზები გამოაქვეყნა, რათა კრეატორებს მეტი შთაგონება მისცეს. ამის ფარგლებში კომპანიამ ოთხი დიდი თემა გამოკვეთა: “Psychic Waves”, “Real is Radical”, “Animals & Influencers” და “Retro Active”.
Psychic Waves
ჩაკეტილობამ ადამიანები აიძულა, თვითჩაღრმავებისკენ მიემართათ ფიქრები და მენტალურ ჯანმრთელობაზე მეტად ეზრუნათ. ბუნებრივია, ეს გაფართოებული ცნობიერების ძიებასა და ცხოვრების აზრის შესახებ პასუხების პოვნის მცდელობაში გადაიზარდა.
ამასთან, სტრესის დროს ადამიანები თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად ხშირად მიმართავენ ძველ სიბრძნეს, როგორიცაა ტარო და ასტროლოგია. ამ მრავალგანზომილებიანი თემების შემოქმედებაში გამოყენება ადვილი არ არის, მაგრამ კრეატივებს შეუძლიათ, ისინი გააცოცხლონ — გრაფიკის, მომხიბლავი გრადიენტების, ფანტაზიის მსგავსი პეიზაჟებისა და ბუნებრივი მასალების სახით.
Real is Radical
მომხმარებლები მრავალფეროვანი და ავთენტური კონტენტის მოლოდინს მიეჩვივნენ. ხოლო უფრო გამოკვეთილი, გაუფერულებული, ზოგჯერ სულელური მომენტებიც კი სურთ. „ციფრული ტრანსფორმაციისა და ინდუსტრიის სრულყოფილების გატაცებით, ბრენდინგი სრულიად მოსაწყენი გახდა. დროა, მინიმალიზმი მივატოვოთ და უფრო მეტი რეალურობისკენ გადავდგათ ნაბიჯი“, — ამბობ უეინ დიკინი, Wolff Olins-ის გლობალური კრეატიული დირექტორი.
Adobe გვთავაზობს „რეალობის შენარჩუნებას ვერტიკალური ვიდეოებით“. კომპანიის თქმით, მას შემდეგ, რაც ადამიანების უმეტესობა სოციალურ კონტენტს სმარტფონებით ნახულობ, ვერტიკალური ვიდეოები აუცილებლობად იქცა. ჰორიზონტალურ ვიდეოებთან შედარებით, უფრო სპონტანური ატმოსფეროთი, ისინი თქვენს ბრენდს მეტ ავთენტურობას ანიჭებს.
Animals & Influencers
ინტერნეტს აკლია ქარიზმატული არსებები. ინფლუენსერების მზარდ სამყაროს შეუერთდნენ ისეთი შინაური ცხოველები, როგორიცაა Jiffpom — გავრცელებული ინფორმაციით, ამ ძაღლის თითო ვიდეო საშუალოდ 23 900 დოლარის ტოლფასია.
Retro Active
ნოსტალგია ახალი სიახლეა. Y2K და kidcore ესთეტიკა აღორძინებას განიცდის. მეტი თვალსაჩინოებისთვის, სტატისტიკასაც მოვიხმობთ — #y2kfashion ჰეშთეგმა მიაღწია 1,1 მილიარდ ნახვას TikTok-ზე და 1,3 მილიონ პოსტს Instagram-ზე.
„ეს არის 2000 წლის აღორძინება, დაბალწელიანი ჯინსებით, ვებგვერდებით, რომლებიც 90-იანი წლების ვიდეო თამაშებს მოგაგონებთ. ასევე, ინფლუენსერები 80-იანი წლების გოთ მაკიაჟს იყენებენ. მოკლედ. რეტრო ტენდენცია აქ არის“, — განმარტავს Adobe.