Adobe-მ ვიდეოს გენერირების შესაძლებლობები Firefly AI-ის პლატფორმაზე გააჩინა — ეს იმას ნიშნავს, რომ Firefly-ის ვიდეოს გენერატორი Adobe-ს ვებგვერდიდან შეგიძლიათ გამოცადოთ (ოღონდ ჯერ მომლოდინეთა რიგებში უნდა ჩაეწეროთ) ან სცადოთ მისი ახალი Generative Extend-ის ფუნქცია Premiere Pro-ს ბეტა აპლიკაციაში.
FireFly-ის ვებგვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ, გამოიყენონ ტექსტის ვიდეოდ ან სურათის ვიდეოდ გარდაქმნის მოდელები, რომელთაგანაც ორივეს 5 წამი სჭირდება მიცემული დავალების შესასრულებლად. Adobe-ს თქმით, FireFly ისეა გაწვრთნილი, რომ შექმნას როგორც ანიმაციური, ისე ფოტორეალისტური კონტენტი. მეტიც, ვიდეოების ტექსტით წარმოებაც შეუძლია.
Firefly Video Model რამდენიმე ახალ ფუნქციას გვაცნობს, რათა ვიდეოების შექმნის პროცესი კიდევ უფრო გაგვიმარტივოს — ზემოთ აღნიშნული Generative Extend ვიდეოების დაგრძელების, კადრებს შორის რბილი გადასვლებისა და კადრების კონკრეტულ დროებზე გაშვების შესაძლებლობას მოგვცემს. ამ ცვლილებებით კი რედაქტირებისას არსებული გამოწვევების მოგვარება სურთ.
Adobe ხაზს უსვამს იმაზე, რომ მისი FireFly-ის მოდელები ლიცენზირებულ კონტენტზეა გაწვრთნილი, რაც მოიცავს მედიას Adobe Stock-ისა და საჯარო დომენებისგან. მისი AI ტექნოლოგია ასევე ესადაგება AI Ethics-ის სახელმძღვანელო წესებს, რაც პასუხისმგებლიანობისა და გამჭვირვალობის ირგვლივ ტრიალებს.
როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპისთვის Firefly Video Model უფასო ბეტა რეჟიმშია ხელმისაწვდომი, ფასსა და სხვა დეტალებზე კი Adobe მას შემდეგ განაცხადებს, რაც უფრო მიუახლოვდება ხელსაწყოს სრულად ჩაშვების ეტაპს.
დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ ვიდეოს ხელსაწყოების გარდა, Adobe-მ Firefly Image 3 Model-იც გააუმჯობესა — სურათების გენერირების პროცესი 4-ჯერ სწრაფი გახადა. Photoshop-ის ახალი Generative Workspace კი დიზაინერებს რამდენიმე კონცეფციით ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას მისცემს, რითაც მათთვის შემოქმედებით იდეებზე მუშაობის დროსაც შეამცირებს. სიახლეები Adobe Illustrator-საც შეეხო, Generative Shape Fill და Text to Pattern ვექტორულ დიზაინებზე მეტ კონტროლს გვთავაზობს…