Adobe ანახლებს Firefly-ს, რათა კრეატორებმა შეძლონ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათებისა და ვიდეოების შეუზღუდავად შექმნა, კრედიტების ლიმიტებზე ფიქრის გარეშე. განახლება მოიცავს როგორც Adobe-ს Firefly მოდელებს, ასევე პლატფორმაზე ხელმისაწვდომი პარტნიორი კომპანიების სურათების გენერაციის მოდელებს.
მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ სურათებისა და ვიდეოების გენერაცია საზღვრის გარეშე, რაც მრავალჯერადი ექსპერიმენტირების საშუალებას იძლევა. ის გამოდგება სტორიბორდებზე მუშაობისას, ვიზუალური სტილის ძიების პროცესში, კონცეფციის ტესტირებისა და საბოლოო დამუშავების ეტაპებზე. Adobe ამ ცვლილებას განიხილავს, როგორც პასუხს იმ რეალობაზე, სადაც გენერაციული AI სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება პროფესიონალური ვიდეოსა და კონტენტის წარმოების პროცესებში, სადაც იდეების სრულყოფა იშვიათად ხდება ერთი პრომპტის შედეგად.
კომპანია კვლავ უსვამს ხაზს, რომ Firefly განკუთვნილია კომერციული გამოყენებისთვის და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მისი მოდელები უსაფრთხოა კინოს, ტელევიზიისა და ბრენდული პროექტებისთვის.
შეუზღუდავი გენერაციები ხელმისაწვდომია Firefly-ს რამდენიმე პლატფორმაზე, მათ შორის Firefly-ს ვებგვერდზე, Firefly Boards-ზე (კოლაბორაციისთვის) და Firefly-ს მობილურ აპლიკაციაში iOS და Android მოწყობილობებისთვის. Adobe ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ გაზრდილი გენერაციის მოცულობა შეუთავსონ რედაქტირებისა და დახვეწის ინსტრუმენტებს, რათა უხეში გენერაციები სრულფასოვან საბოლოო მასალებად გარდაქმნან.
რაც შეეხება პაკეტებს, Adobe-ს განცხადებით, მომხმარებლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 16 მარტამდე, მიიღებენ წვდომას სურათებისა და Firefly ვიდეოების შეუზღუდავ გენერაციაზე 2K რეზოლუციამდე. შეთავაზება ვრცელდება Firefly Pro და Firefly Premium გამომწერებზე, ასევე 4,000-კრედიტიან, 7,000-კრედიტიან და 50,000-კრედიტიან პაკეტებზე და მოქმედებს როგორც Adobe-ს Firefly მოდელებზე, ასევე მესამე მხარის სურათების გენერაციის მოდელებზე.











