ამგვარად, თქვენთვის ორი ამბავი გვაქვს: პირველი ის არის, რომ Adobe Firefly-ის სურათების გენერირების ხელოვნური ინტელექტის მოდელების ოჯახს ახალი წევრი შეემატა და იგი ვექტორების გენერირებაზე იზრუნებს. მეორე კი Firefly-ის განახლებული ვებაპლიკაცია გახლავთ, რომელიც ბრენდის ყველა AI მოდელს ერთ სივრცეში აერთიანებს. რაც შეეხება მობილურ აპლიკაციას, სამუშაო პროცესშია…
Firefly Image Model 4 წინა მოდელებზე გაუმჯობესებულ ხარისხს, სიჩქარესა და მასშტაბირებას გვთავაზობს. 2K-მდე გარჩევადობის სურათების გენერირება შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ მოდელის კიდევ უფრო გაუმჯობესებული და მეტად ფუნქციური ვერსიაც არსებობს Image Model 4 Ultra-ს სახით, რომელსაც კომპლექსური სივრცეების რენდერის შექმნის უნარი აქვს მცირე სტრუქტურებითა და მრავალი დეტალით.
თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ახალ მოდელებში ტექსტის გენერირების მახასიათებელიც გაუმჯობესებულია და ისეთი ფუნქციებიც აქვს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი სტილის ფოტოების გენერირება მოსთხოვოს მას.
კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ Firefly-ის ვიდეო მოდელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა — მომხმარებლებს ტექსტური მოთხოვნითა და სურათებით ვიდეოების გენერირების საშუალებას აძლევს, მათ შეუძლიათ, შეარჩიონ კამერის კუთხეები, მიუთითონ საწყისი თუ საბოლოო კადრები და მოუშენ დიზაინის ელემენტებიც მოარგონ მას. მოდელს ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე 1080p-მდე გარჩევადობის ვიდეოების გენერირებაც შეუძლია.
Firefly Vector Model კი რედაქტირებად ვექტორზე დაფუძნებულ ნამუშევარს შექმნის, რომელსაც ლოგოების, პროდუქტის შეფუთვის, სიმბოლოების, კადრებისა და შაბლონების გამეორება და გენერირება შეეძლება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Firefly-ის განახლებული ვებაპლიკაცია Adobe-ის ყველა მოდელზე გაძლევთ წვდომას, რასაც რამდენიმე სურათებისა და ვიდეოების გენერირების მოდელი ემატება OpenAI-სგან (GPT image generation), Google-ისგან (Imagen 3 and Veo 2) და Flux-ისგან (Flux 1.1 Pro). იმასაც გვეუბნებიან, რომ მალე ამ ჩამონათვალს კიდევ უფრო მეტი AI მოდელი დაემატება.
დაბოლოს, Adobe ამ ეტაპისთვის Firefly Boards-ის ახალ პროდუქტს საჯაროდ ტესტავს, რაც მომხმარებლებს სურათების გენერირებისა და სხვებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს ზუსტად ისე, როგორც ამას Visual Electric-ის, Cove-ისა და Kosmik-ის საშუალებით აკეთებენ…