თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Adobe-მ ვიდეოებისთვის AI ფუნქციები გაგვაცნო, ახლა კი კომპანიამ Firefly Video Model საჯარო ბეტა ვერსიაში ჩაუშვა, Firefly-ის ახალ ვებაპლიკაციასთან ერთად, რომელიც Adobe-ს ყველა AI ხელსაწყოს აერთიანებს.
Firefly Video Model-ის გამოშვებით Adobe პასუხს Open AI-ის Sora-სა და Meta-ს ახალ Movie Gen-ს სცემს. ბრენდის ხელსაწყოთა ახალი ნაკრების გამოყენებით კი, კრეატორები დაწერილ მოთხოვნას ვიდეოდ აქცევენ, არსებულ სურათს ვიდეოდ გარდაქმნიან და აუდიოსა და ვიდეოსაც კი თარგმნიან სხვადასხვა ენაზე. მოდით, ქვემოთ თითოეული დეტალურად განვიხილოთ.
ტექსტის ვიდეოდ გარდაქმნა
Firefly-ის Text to Video-ს ფუნქცია ყველაზე მეტად OpenAI-ის Sora-ს შეგვიძლია, შევადაროთ. მომხმარებლები ტექსტის სივრცეში კონკრეტულ მოთხოვნას წერენ, რომელიც 5-წამიან ვიდეოდ იქცევა. ფუნქცია Adobe-ს მარტივ UI-სთან ერთიანდება მენიუთი, რომელიც კრეატორებს ისეთი დეტალების შეცვლის საშუალებას აძლევს, როგორებიცაა კადრის ზომა, კამერის კუთხე და მოძრაობა.
სურათის ვიდეოდ გარდაქმნა
ზედა ფუნქციის მსგავსია, ოღონდ აქ ტექსტს სურათი ანაცვლებს. სასურველი გამოსახულების მისაღებად კი Adobe-ს შემოთავაზებულ ვარიანტში რედაქტირებაც შეგიძლიათ.
ვიდეოების თარგმნა
კრეატორებს თარგმანის პროცესი რომ გაუმარტივოს, არსებული კონტენტის 20 სხვადასხვა ენაზე თარგმნას სთავაზობს — „ვიდეოკონტენტის თარგმნისას განსხვავებულ ენებზე ხმის, ტონის, რიტმისა და აკუსტიკის შეხამებით კრეატორებს დროის დაზოგვის შანსი ეძლევათ“.
დაბოლოს, Firefly-ის ვებაპლიკაციაზე წვდომას Firefly Standard-ისა და Firefly Pro-ს გამოწერებით მიიღებთ, რომელთაგანაც ერთის ყოველთვიური ფასი 9.99 დოლარი, ხოლო მეორეს 29.99 დოლარია.