მართალია, Adobe-ის ილუსტრატორი და ვექტორები უკვე თითქმის ერთმანეთის სინონიმებად განიხილება, მაგრამ ეს მის ახალ ფუნქციაში Text to Vector Graphic მაინც საუკეთესოდ ჩანს. უბრალოდ, ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ საოცარი სიახლეებიდან, რომლებსაც Adobe MAX-ის შემოქმედებით კონფერენციაზე გვაცნობენ.
Text to Vector Graphic ილუსტრატორის დესკტოპ ვერსიაზე იქნება ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩნდება შესაძლებლობა, მარტივი ტექსტი საოცარ ვექტორულ გრაფიკად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აქციოთ. ამაში კი დღეს, რა თუ არა, AI დაგეხმარებათ. გამოდის, მარტივი ტექსტით პროფესიული დონის ვექტორების მიღება შეგიძლიათ — იქნება ეს ნიშნულები, ობიექტები თუ სხვა რამ. თანაც ზუსტად ისეთი დეტალებით, როგორსაც აქამდე Adobe გთავაზობდათ. ბუნებრივია, ეს დიზაინერებისთვის იდეის გაცოცხლების პროცესსაც გაამარტივებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ განახლება Illustrator-ის Generative Recolor-ს მოჰყვება, რომელიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელს ფერთა პალიტრის წამებში შესაქმნელად იყენებს. მიღებული ვექტორების მასშტაბირება და რედაქტირებაც ჩვეულებრივ შეგეძლებათ, ჯგუფებში გადანაწილებაც, რათა შემდგომ ის მარტივად გამოიყენოთ…
AI-ს მიერ გენერირებული ნამუშევრები კი Adobe Stock-იდან მიიღება, ღია, საჯარო დომენის მქონე კონტენტიდან, რომელიც კომერციულად უსაფრთხო შედეგებს აწარმოებს. გამჭვირვალობისა და იმისათვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ, Adobe ახალი ფუნქციით გენერირებულ ფაილებს Content Credentials-ს ამატებს, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ იმის ნახვა, თუ როდის შეიქმნა ან დარედაქტირდა სურათი FireFly-ის AI ტექნოლოგიით.
Text to Vector Graphic-ის აპლიკაციები მარკეტინგისა და სარეკლამო მასალების სრულად რედაქტირებადი აქტივების სწრაფად შექმნას გულისხმობს, იქნება ეს სოციალური მედია რეკლამები, ბანერები, ბროშურები, პოსტერები თუ სხვა რამ. დიზაინერებს მისი გამოყენება ბრენდის იდენტობის შესაქმნელადაც შეეძლებათ, ლოგოების განსხვავებული ვარიაციებისა თუ ბრენდის აქტივების დასატესტად.
ამას გარდა, ილუსტრატორს კიდევ ერთი ახალი ხელსაწყო Mockup ემატება — მომხმარებლებს სწრაფად და მარტივად თავიანთი გრაფიკების მაკეტების ვიზუალიზაცია აპლიკაციაშივე შეეძლებათ, რათა დაინახონ, როგორ გამოიყურება მათი დიზაინები, როცა განსხვავებულ ზედაპირებთან თუ ობიექტებთან ათავსებენ.
შესაძლებელია როგორც Adobe-ში არსებული კონტენტით ისარგებლოთ, ისე საკუთარი სურათებიც ატვირთოთ მაკეტებისთვის. ვექტორული გრაფიკა ავტომატურად გაწვდით ხედვას იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თქვენი დიზაინი რეალურ ცხოვრებაში. ეს ფუნქცია კი განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება დიზაინერებისთვის, რომლებიც ბრენდინგსა და პროდუქტის შეფუთვაზე მუშაობენ. თანაც, დიზაინის ვიზუალური კონტექსტის შეთავაზებით Mockup კრეატორებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და მომხმარებლებისთვის თავიანთი ნამუშევრების მეტად ეფექტურად წარდგენაში დაეხმარება.
Retype კი Adobe Fonts-ის გამოყენებით სტატიკურ ტექსტს რედაქტირებადს ხდის, რითაც ჩვენთვის ძვირფას დროსაც მნიშვნელოვნად ზოგავს. საინტერესოა ისიც, რომ Mockup და Retype ჯერ ბეტა რეჟიმშია და მოსალოდნელია, რომ ისინი მომხმარებელთა უკუკავშირის შედეგად გაუმჯობესდეს.
და თუ გსურთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციაზე წვდომა მიიღოთ, თუნდაც ბეტა ვერსიაში, უბრალოდ Adobe Illustrator-ის ბოლო ვერსიის განახლება დაგჭირდებათ.