Adobe Certified Professional World Championship არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წლის 28-31 ივლისს კალიფორნიაში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
გასულ წელს, სტეპის დახმარებით, ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიცირება 200-მდე ქართველმა ახალგაზრდამ გაიარა. რეგიონული ჩემპიონატისთვის მაღალი ქულების მქონდა 30 მონაწილე შეირჩა და უკვე ჟიურის მიერ გამოვლინდა 3 საუკეთესო, რომლებმაც ისტორიაში პირველად 2023 წლის ჩემპიონატზე წარადგინეს საქართველო.
Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით, საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს. გასულ წელს გუნდი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გრაფიკა-დიზაინის გლობალურ შეჯიბრზე, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად.
ლიზი ნოზაძე, ალექსანდრე ხალვაში და მარიამ ბაღათურია იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელს Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს. სტატიაში სწორედ მათ გამოცდილებას გაგიზიარებთ.
M: რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობის მიღება?
ლიზი: თავიდან არ ვფიქრობდი მონაწილეობის მიღებას, რადგან არ მჯეროდა ჩემი თავის. არ მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდი. თუმცა ბოლოს დედამ მთხოვა, რომ უბრალოდ მეცადა და მეც ამ უბრალო მცდელობით მოვხვდი ფინალისტების ჯგუფში.
ალექსანდრე: ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა.
მარიამი: თავდაპირველად არ განვიხილავდი, მაგრამ შემდეგ ლექტორის რჩევით გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა.
M: ელოდით თუ არა გამარჯვებას?
ლიზი: საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას, ბოლო წამამდე, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაზე მაგარი რაღაცები ამ დროს ხდება ხოლმე, როცა არ ელოდები.
მარიამი: სურვილი დიდი მქონდა, მაგრამ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი.
ალექსანდრე: არ ველოდი სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ მივიღე მონაწილეობა გამოცდილების გამო და შედეგად მოვხვდი საუკეთესო სამეულში და გავემგზავრეთ მსოფლიო ჩემპიონატზე.
M: მანამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა გრაფიკული დიზაინის კონკურსში?
მარიამი: არა, მსგავს კონკურსში აქამდე არ მიმიღია მონაწილეობა, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება.
ალექსანდრე: არა, ეს იყო ჩემი პირველი საკონკურსო გამოცდილება.
ლიზი: სტეპის შიდა კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, ბრენდბუქი გვქონდა ნულიდან შესაქმნელი და იქაც იგივე ისტორიაა, რომ საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას; არ მეგონა რომ გავიმარჯვებდი და იქაც გამარჯვებით დასრულდა.
M: როგორი იყო მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება თქვენთვის?
ალექსანდრე: შევიძინე როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო გამოცდილება. დამრჩა ბევრი ძალიან კარგი მოგონება და დარწმუნებული ვარ, მომავალში გამომადგება ეს გამოცდილება.
მარიამი: ძალიან საინტერესო იყო ეს გამოცდილება, იქიდან გამომდინარე, რომ 70-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ამ კონკურსში და დღემდე ვინარჩუნებ რამდენიმე მათგანთან ურთიერთობას.
ლიზი: ძალიან დადებითი იყო ეს გამოცდილება ჩემთვის. ერთი მხრივ, რეზიუმეს დასახუნძლად არაჩვეულებრივი რამაა Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნა. ასევე, პიროვნულადაც გამზარდა, სიმამაცეც შემმატა, ახლა კამერის წინ რომ ვდგავარ, ეგეც ამის მტკიცებულებაა და მაშინ ვერ წარმოვიდგენდი. მივხვდი იმას, რომ როცა გეშინია, მაშინ უნდა გადადგა ნაბიჯი. ყველაზე მეტად საკუთარი თავით, ამ დროს ამაყობ ხოლმე.
M: რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ჩემპიონატიდან?
ალექსანდრე: ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გატარებული დრო, ვისთან ერთადაც ვიმოგზაურე და ვინც მომცა იმის საშუალება, რომ წავსულიყავი ასეთ გრანდიოზულ ჩემპიონატზე.
მარიამი: ყველაზე მეტად ხუთეულში ჩემი სახელი და გვარის გამოცხადება დამამახსოვრდა.
ლიზი: ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი გუნდელის, მარიამის გამარჯვება. მეოთხე ადგილზე გავედით. პირველად მივიღეთ მონაწილეობა და მაინც ასეთი მაგარი შედეგი დავდეთ. გამარჯვების და მარიამის სახელის გამოცხადების მომენტი იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი და დაუვიწყარი გრძნობა.
M: აქამდე გიმოგზაურიათ აშშ-ში?
ალექსანდრე: არა ეს იყო ჩემი პირველი საზღვრის კვეთა.
ლიზი: არა, ამერიკაში არ მიმოგზაურია აქამდე და ძალიან შორს წარმომედგინა ეს შესაძლებლობა.
მარიამი: ეს იყო ჩემი პირველი სამოგზაურო გამოცდილება ამერიკაში.
M: ურჩევდი თუ არა სხვებს მონაწილეობას?
ალექსანდრე: რა თქმა უნდა, ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევდი, მონაწილეობის მიღებას ამ კონკურსში, რადგან ეს არის შანსი, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან და ამით იღებ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარება მომავალში.
მარიამი: ვინც ფიქრობს გრაფიკულ დიზაინერობაზე და სურს თავისი პროფესიის და კარიერის განვითარება, ვურჩევ, აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა ამ ჩემპიონატში.
ლიზი: აუცილებლად ვურჩევდი მონაწილეობის მიღებას ყველას. საერთოდ, არ არსებობს მიზეზი, მონაწილეობა რატომ არ უნდა მიიღო. არასდროსაა ხოლმე ისეთი რთული, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და რაც მთავარია, მარცხი ის არ არის, როცა ცდილობ და არ გამოგდის, მარცხი არის ცდაზე უარის თქმა.
ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი: Lenovo.
ღონისძიების მხარდამჭერები: აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია – ACAG, UN Woman, ProductTank Tbilisi, ახალგაზრდობის სააგენტო.
მედია მხარდაჭერა – MARKETER.GE, BM.GE, AMBEBI.GE, IPN.GE, BPN.GE, INTERMEDIA.GE, KVIRISPALITRA.GE, MSHOBLEBI.GE, საზოგადოებრივი მაუწყებელი, PALITRA NEWS, RADIO PALITRA, TV IMEDI, RUSTAVI 2.
[პარტნიორის კონტენტი]