Adobe MAX-ზე — მსოფლიოს უდიდეს შემოქმედებით კონფერენციაზე, Adobe-მა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყოები წარადგინა. თითოეული მათგანი კი რევოლუციური ხასიათით გამოირჩევა და როგორც თავად კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების სათავე გახდება.
„ყოველწლიურად ამ ღონისძიების მთავარი ეპიცენტრი შემოქმედებითი ადამიანები არიან. ამჯერადაც იმის მიხედვით შევიმუშავეთ ახალი ფუნქციები, თუ როგორ გააძლიერებს AI და 3D ტექნოლოგიები ადამიანურ კრეატიულობას“, — აღნიშნავს გევინ მილერი, Adobe Research-ის პრეზიდენტი.
უშუალოდ დეტალებზე რომ გადავიდეთ, ფოტოს მიმართულებით Project Stardust მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად შეარჩიონ, დაარედაქტირონ და წაშალონ რთული ელემენტები ნებისმიერი კომპოზიციიდან. მაგალითად, თუ შესაძლებელია ადამიანის ამოჭრა და იმ სივრცის სხვა ელემნტებით ან უბრალოდ ფონური გამოსახულებით შევსება. ასევე, იცვლება ტანსაცმლის ფერი თუ დგომის მანერა:
ხოლო Project See Through არის ხელოვნური ინტელექტის მქონე ხელსაწყო, რომელიც აადვილებს ფოტოებიდან ანარეკლების ამოჭრას:
ვიდეო და აუდიო:
Project Fast Fill უკვე ვიდეოზე კონცენტრირებული, AI ხელსაწყოა, რომელიც კრეატორებს საშუალებას აძლევს, ვიდეოებში ამოჭრან ობიექტები, შეცვალონ ელემენტები და ფონი:
Project Dub Dub Dub ავტომატიზირებს ვიდეოს დუბლირების პროცესს, რაც კრეატორებისთვის საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია. AI-ს მეშვეობით, უკვე შესაძლებელია, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი ავტომატურად ითარგმნოს ყველა მხარდაჭერილ ენაზე:
Project Scene Change ვიდეო რედაქტორებს უადვილებს საგნისა და სცენის კომპოზიციის ცვლილებას — მისი მეშვეობით, ორი ვიდეო ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, რათა ხელოვნურობის განცდა არ დატოვოს:
Project Res Up კი არის ინსტრუმენტი, რომელიც ადვილად აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის ვიდეოს ხარისხს:
3D და დიზაინი
Project Poseable ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოდელია, რომელიც გამოსახულებების გენერირებაზეა ფოკუსირებული. მისი მეშვეობით, გაცილებით მარტივი ხდება 3D ობიექტებთან მუშაობა — ის ტექსტის მიხედვით ქმნის სამგანზომილებიან რენდერებს, იყენებს ავტომატურ მოქმედებებს:
Project Neo კრეატორებს საშუალებას აძლევს, 3D მოდელები 2D დიზაინში გამოიყენონ — თანაც აუცილებელი არაა, დიზაინერი სამგანზომილებიანი ხელოვნების უნარებს ფლობდეს. თავის მხრივ, ამგვარი ფუნქცია დიდ „ტვირთს“ ხსნის დიზაინერებს:
Project Primrose ხსნის ზღვარს ტექნოლოგიასა და მოდას შორის, აჩვენებს მოქნილი ტექსტილის პოტენციალს. შედეგად, ტანსაცმელი კრეატიულ ტილოებად იქცევა და ასე იქმნება ინტერაქციული, „ცოცხალი“ კაბა:
Project Glyph Ease უშუალოდ შრიფტზეა ორიენტირებული — AI-ს გამოყენებით, ერთ სტილში აგენერირებს ყველა ასოს. შესაბამისად, ცალკეული ცვლილებების ხელით შესრულება არ იქნება საჭირო:
Project Draw & Delight გენერაციული AI ინსტრუმენტების კომპლექტს გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერ მსურველს ეხმარება, უბრალო ჩანახატები დახვეწილ ნამუშევრებად აქციოს.