ხელშეკრულება ნამდვილად არ არის მარტივად გასაგები დოკუმენტი, თუმცა ვისაც სურს, სწრაფადვე გააანალიზოს, რას სთავაზობს კონკრეტული კონტრაქტი, Adobe-ს უნდა მიაკითხოს. შემოქმედებითმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Acrobat AI Assistant-ის განახლების შესახებ გვამცნო და სპეციალურად ხელშეკრულებისთვის ჭკვიანი ფუნქციებიც გაგვაცნო — მომხმარებლებს კომპლექსური ტერმინების, შეთანხმებებისა და საკვანძო დეტალების დაზუსტების შესაძლებლობას აძლევს.
მოკლედ რომ გითხრათ, მათი მიზანი ბიზნესებისა და ინდივიდებისთვის სწრაფი გზის შეთავაზებაა იურიდიულად ჩახლართული საკითხების მარტივად გასაგებად. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ, კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც მომხმარებელთა 70% ამბობს, რომ დოკუმენტებს ხელს, წაკითხვის გარეშე, აწერს. ხოლო მცირე ბიზნესის მფლობელთა 64%-ის თქმით, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთვის თავი გაუგებარი დეტალების გამო აურიდებიათ. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ საკითხში AI-ის ჩართვა მსგავს პრობლემებს მოაგვარებს.
უფრო ზუსტად, Acrobat AI Assistant-ის ახალი ფუნქცია დოკუმენტს მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით აანალიზებს. მიმოხილვას ქმნის, საკვანძო ტერმინებს უსვამს ხაზს, მნიშვნელოვან სექციებს აჯამებს და შემდგომი განხილვისთვის რელევანტურ კითხვებსაც ადგენს. მეტიც, ახსნას ციტირებით გვთავაზობს, რომელზე დაკლიკებითაც პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ, რა და როგორ ხდება, ისე, რომ მთლიანი დოკუმენტის წაკითხვა არ მოგვიწიოს.
ბიზნესებისთვის აღნიშნული ფუნქცია კონტრაქტის განხილვის დროს ამცირებს, კომპანიის ხელმძღვანელებს საშუალებას აძლევს, მარტივად დაადგინონ, კონტრაქტის მნიშვნელოვანი პირები, ფინანსურ გუნდებს კი გაყიდვების ნაწილის შედარების შესაძლებლობას სთავაზობს. თუ Adobe-ის დავუჯერებთ, მარკეტერებისთვისაც გამოსადეგი ხელსაწყოა პროექტების მართვისა თუ სარეკლამო პარტნიორობების განხილვის კუთხით.
ახალ ფუნქციას მომხმარებელთა პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, მათ შეუძლიათ, AI ასისტენტი იჯარის ხელშეკრულების პირობების დასადგენად ან მოგზაურობისას ქვეყნის გარეთ ტარიფების სამართავადაც გამოიყენონ…
თუ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხები გადარდებთ, გეტყვით, რომ Adobe-მ ამისთვის მკაცრი პროტოკოლი შეიმუშავა. კომპანია ამტკიცებს, რომ თავის გენერაციულ AI მოდელებს მომხმარებელთა მონაცემებით არ წვრთნის და ამის უფლებას არც მესამე მხარის LLM-ებს აძლევს. Acrobat AI Assistant იმავე AI-სა და მანქანური სწავლების მოდელებზეა აგებული, როგორც Liquid Mode, რაც მას დოკუმენტების სტრუქტურის მაღალი სიზუსტით გაანალიზების შესაძლებლობას აწვდის. ასე კი Adobe იმედოვნებს, რომ ხელშეკრულებების განხილვას ნაკლებად დამღლელ პროცესად აქცევს როგორც ბიზნესებისთვის, ისე ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის.